რა სირთულეები აქვთ საოჯახო სექტორში დასაქმებულ ქალებს?!

საქართველოში, ფორმალური ხელშეკრულების მიღმა, სიტყვიერი-ზეპირი შეთანხმების საფუძველზე არაერთი ადამიანია დასაქმებული. მათ შორის უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ და ისინი ძირითადად, საოჯახო სექტორში გვხდებიან. მაგალითად: დამლაგებლები, ძიძები, დამხმარეები, ხანდაზმულთა მომვლელები და სხვა.

ამ პირობებში დასაქმებული ადამიანები კი ვერ სარგებლობენ ისეთი ბენეფიტებით, როგორიცაა, დეკრეტული შვებულების უფლება, ჯანმრთელობის დაზღვევა და შვებულებაზე ხელმისაწვდომობაა.

ამაზე საუბარია, „პრეკარიული შრომის გენდერული ასპექტების“ კვლევით პუბლიკაციაშიც, სადაც ყურადღება თვითდასაქმებული ქალების შრომით უფლებებზე და მათ სირთულეებზე მახვილდება.

„დღეს ძალიან მცირეა იმ ქალების რიცხვი, რომელსაც მყარი სამსახური და მაღალი ანაზღაურება აქვს. ასეთი ქალებისთვის, როგორც წესი, საოჯახო შრომას სხვა ადამიანები, ისევ სხვა ქალები სწევენ. ქალების უმრავლესობა დღეს სერვისის სფეროშია დასაქმებული. მათი სერვისის სფეროში დასაქმება შემდეგნაირად შეგვიძლია დავახასიათოთ: დასაქმება ხდება შრომითი კონტრაქტის გარეშე, რაც მის არასტაბილურობას განაპირობებს; და, როგორც წესი, არ მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას.

ხშირად, ქალები 24 საათიან სამუშაო ცვლებშიც კი მუშაობენ. ამასთან ერთად, იშვიათი დამსაქმებელი თუ იხდის დამატებით ანაზღაურებას ზეგანაკვეთური შრომისთვის. მსგავსი ტიპის შრომით სივრცეებში დასაქმებული ქალების შრომის მეორე ცვლა, ხშირად ღამით – საოჯახო სივრცეში იწყება. ქალები ასრულებენ ფიზიკურ შრომას სახლში, უვლიან ხანდაზმულ თუ სპეციფიკური საჭიროებების მქონე ადამიანებს და ამასთან ერთად, არიან ბავშვების ძირითადი მომვლელებიც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ ქალთა დიდი ნაწილის ცხოვრება საოჯახო და სამსახურის სივრცით არის შემოსაზღვრული. მათ არ რჩებათ დრო საკუთარ თავზე ზრუნვისთვის და განვითარებისთვის“ – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

45 წლის ნონა, უკვე მრავალი წელია საოჯახო სექტორშია დასაქმებული და ის არაფორმალურ შრომას ეწევა. მისი ისტორიაც, ზემოთ ხსენებულ კვლევაში ასახულ მდგომარეობას აჩვენებს. მას არ შეუძლია ისარგებლოს იმ სარგებლით, რითაც ხელშეკრულებით დასაქმებული პირები სარგებლობენ და ამავე დროს, მისი შრომითი უფლებები კანონის მიღმაა დარჩენილი.

„ მახსენდება, პანდემიის პერიოდი როდესაც ყველამ ვისაც ოფიციალური სამსახური ჰქონდა შეძლეს შეღავათებით სარგებლობა. მაშინ იმის გარდა რომ უმუშევარი დავრჩი, – ძიძა ვარ და მაგ დროს არავის ვჭირდებოდი, იყო სხვა ბევრი სირთულეებიც. ვერ ავიღე 300 ლარიანი დახმარება, რადგან საბუთები მომთხოვეს და ვერ გავაკეთებდი იმ მომენტში.

სხვა მხრივ სირთულეებს რაც შეეხება, არ ვმუშაობ ჩემი პროფესიით და ეს საწყენია. პროფესიით პედაგოგი ვარ, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო არცერთი დღე მიმუშავია ამ სფეროში. ჯერ ჩემი შვილები გავზარდე, მას შემდეგ კი სხვისი შვილების ძიძა ვარ.

ხშირად, მაქვს შემთხვევა რომ ჩემი სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც მიწევს მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ამის ანაზღაურება ჩემს შემთხვევაში არ ხდება. ეს უკვე პირადი ურთიერთობების დონეზე და პატივისცემაზე გადის. ოფიციალურ სამსახურში კი როგორც წესი დამატებით თანხებს იღებენ ამაში“ – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მსოფლიოში ორ მილიარდ ადამიანზე მეტი (მსოფლიოს სამუშაო ძალის თითქმის ორი მესამედი) არაფორმალურ სექტორში საქმიანობს. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალურად დასაქმებულთა გამოცდილება და ანაზღაურება ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება, კონტროლის მექანიზმებისა და რეგულაციების ნაკლებობა სექტორში დასაქმებულთა მოწყვლადობას განაპირობებს, – ვკითხულობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში, “ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში”.

ამავე პუბლიკაციაში საუბარია, საქართველოში არაფორმალურ სექტორში ჩართული ქალების სირთულეებზე და კონკრეტული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე.

„საქართველოში არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალები ფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით წელიწადში საშუალოდ 970 აშშ დოლარით (42%) ნაკლებს გამოიმუშავებენ. ეს მიგნებები შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც მიზეზ-შედეგობრივი მოვლენა (ანუ, რომ არაფორმალური დასაქმება იწვევს ნეგატიურ შედეგებს), თუმცა, აქ გარკვეული სიფრთხილეა საჭიროა. დასაქმების სახე არაფორმალურ სექტორში ხშირად განსხვავდება ფორმალური სექტორისგან. ფორმალიზებამ (მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურად აუმჯობესებს სამუშაო პირობებს), შესაძლოა, შეამციროს შემოსავალი გადასახადებისა და რეგულაციების წნეხის გამო, როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე იმ თვითდასაქმებულთათვის, რომლებიც არაფორმალურიდან ფორმალურ სექტორში ინაცვლებენ.

მიუხედავად ამისა, არაფორმალური სექტორის ფორმალიზებას ფართო მხარდაჭერა აქვს. მოსახლეობის ნახევარზე მეტის აზრით, თუ ყველა დამსაქმებელი იძულებული იქნება გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები, ხოლო ყველა ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმეების ჩათვლით, ვალდებული იქნება, დაარეგისტრიროს საქმიანობა, ეს სარგებელს მოუტანს როგორც მათ, ასევე ქვეყანას.“

არაფორმალური სექტორის ფორმალიზებასთან მიმართებით, კვლევა შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

  • არაფორმალური სექტორის ფორმალიზებისკენ მიმართული ქმედებები არ უნდა იყოს ხისტი;
  • მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის დაბალი საგადასახადო ვალდებულებები უნდა იყოს შენარჩუნებული;
  • მთავრობამ უნდა განიხილოს ოჯახში მომუშავეებისთვის ღირსეული სამუშაოს შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კონვენციის რატიფიცირების საკითხი. ეს კონვენცია აწესებს დაცვის ძირითად მექანიზმებს ოჯახში მომუშავეებისთვის. წინამდებარე კვლევა გვიჩვენებს, რომ მსგავს საქმიანობას ძირითადად ქალები ეწევიან და საქართველოში ეს არაფორმალური სამუშაო ძალის 7%-ს შეადგენს;
  • მთავრობამ უნდა იმსჯელოს არაფორმალური საქმიანობის ფორმალიზების წახალისებაზე.

ილუსტრაცია: swissinfo, BirgitLang

ავტორი: ნინო ბერიძე

სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.