გენდერული კვოტირების გაუქმება – უკან გადადგმული ნაბიჯი

მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, პარტიულ სიებში ქალი კანდიდატები კანონით განსაზღვრული კვოტებით ჩასვან.  პარტია „გირჩის“ ეს ინიციატივა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით უკვე დამტკიცდა პარლამენტში.

ქალთა ეფექტური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მიუხედავად იმისა, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში ქალთა პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლა სისტემურად მიმდინარეობდა, ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პოლიტიკაში და მათი მონაწილეობა სახელმწიფოს უმაღლეს არჩევით ორგანოებში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, არაერთ სახელმწიფოში კვლავ გამოწვევად რჩება. ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით მიღებული ცალკეული საერთაშორისო აქტებისა და შემუშავებული სტრატეგიული ნაბიჯების მიუხედავად, გლობალურად, საკანონმდებლო ორგანოებში ქალების მხოლოდ 24% არის წარმოდგენილი.

საკითხს ერთობლივი უფლებადამცველები განცხადებით გამოეხმაურნენ:

„ 2024 წლის 4 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით გააუქმა გენდერული სავალდებულო კვოტა. საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

“გირჩის” მიერ ინიცირებული, საპარლამენტო უმრავლესობით მხარდაჭერილი კანონპროექტის მიღება დაჩქარებული წესით, ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა. ინიციატორებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს არ წარუდგენიათ გენდერული კვოტირების გაუქმების საჭიროების ლეგიტიმური არგუმენტები. კანონპროექტის ინიციატორების მხრიდან დისკუსია, გენდერული თანასწორობისა და ქალთა წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, ბარიერების და არსებული უთანასწორობის სიღრმისეული ანალიზის გარეშე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედება დადებითად აისახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე , ხოლო 2023 წლის თებერვალში, საარჩევნო კოდექსში სავალდებულო გენდერულ კვოტასთან დაკავშირებული ცვლილების შემდეგ, მისი გამოყენება პრაქტიკაში არ მომხდარა და არ შეფასებულა გენდერული კვოტირების, როგორც დროებითი სპეციალური მექანიზმის ეფექტიანობა – რამდენად საკმარისი იყო მისი მოქმედების პერიოდი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის რეალურად უზრუნველსაყოფად. საგანგაშოა, რომ განხილვები ქალთა მიმართ დისკრიმინაციული, სექსისტური და შეურაცხმყოფელი ენის გამოყენებით წარიმართა“- ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნული გადწყვეტილება აუარესებს ქალთა უფლებრივ მდომარეობას და ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის წევრობის გზაზე.

„გენდერულ თანასწორობას ევროკავშირი ხედავს როგორც მეინსტრიმინგს, როგორც აბსოლუტურად ყველა თავში გასათვალისწინებელ მოვლენას. იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური უფლებები – ყველგან უნდა იყოს გენდერული თანასწორობა. გენდერულ თანასწორობას და საერთოდ თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება ეს კანონპროექტი და ის რაც შარშან პლუსად ჩაგვეთვალა, მე-9 რეკომენდაცია [12 რეკომენდაციაში], ერთ-ერთი მიზეზი ეს კვოტებიც იყო“, – „საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, 2 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ კვოტების გაუქმება საქართველოს უკან დასწევს და შესაბამის უარყოფით შეფასებებს მოელის საერთაშორისო პარტნიორებისგანაც.