ქალები ირჩევენ ევროპას – არა რუსულ კანონს

ამ ლოზუნგით ქალთა მოძრაობის ორგანიზებით ქალთა მარში თბილისში გაიმართა. რეგიონებში კი აქციების ორგანიზება ადგილობრივმა ორგანიზაციებმა შეძლეს. რა იყო ქალების მთავარი სათქმელი. გთავაზობთ გამომსვლელების ნაწილის მიმართვებს.

ბაია პატარაია, ორგანიზაცია „საფარი“ :

„ბოლო ორი კვირაა ხელისუფლება და პარლამენტი იღებს არაადამიანურ და გიჟურ კანონებს. ეს ყველაფერი დაიწყო კვოტების გაუქმებით. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალების ადგილი არის პოლიტიკაში. საქართველოს მოსახლეობა თვლის, რომ საქართველოს პარლამენტი ქალები და კაცები უნდა იყვნენ 50-50-ზე, თუმცა ქართულმა ოცნებამ რადგან კიდევ უფრო მეტი კაცის შემოყვანა უნდა პარლამენტში, კვოტები ორ დღეში მუხანათურად გააუქმა. კვოტები დააბრუნეთ ფარჩაკებო!

ერთხელ ხომ მიიღეთ კვოტები, მეორეჯერაც მიიღებთ. მე მინდა მივმართო საქართველოს ქალებს, საქართველოში ქალები ამომრჩევლის უმრავლესობა ვართ, ჩვენ ძალიან დიდი ძალაუფლება გვაქვს – მინდა ეს ყველას ახსოვდეს. ოქტომბერში, როდესაც მივალთ საარჩევნო ყუთებთან არჩევანი იმის მიხედვით გავაკეთოთ, თუ რას გვთავაზობენ ქალებს პარტიები. ჩვენ ვირჩევთ ევროპას!

საქართველოს ქალები ხმას მივცემთ მხოლოდ იმ პარტიას, რომელიც დაგვპირდება შეგვიყვანს ევროკავშირში. არ წყდება აქციები, დიდი თუ პატარა გამოდის აქციებზე, ამ ხელისუფლებას კი არ ესმის ქართველი ხალხის ხმა. და ჩვენ გავაგონებთ მათ ჩვენ ხმას.“

ნანა მალაშხია – მარტის აქციების სიმბოლო , „ქალი ევროკავშირის დროშით:“

„ არც სახელი ვართ ჩვენ და არც გვარი, ჩვენ ვართ საქართველო. ჩვენ ამ დღეებში მომსწრეები ვართ, ერთიანი, თავისუფალი, ძლიერი, ევროპული საქართველოს დაბადების. ვუყურებთ ახალგაზრდებს როგორი ლაღები, როგორი თავისუფლები და როგორი ჭკვიანები არიან. და ვუყურებ მათ (პარლამენტარებს) როგორი მორჩილება და შიში აერთიანებთ. ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ სიმართლე ჩვენ მხარეს არის. ჩვენ გვაქვს ერთიანი, თავისუფალი ევროპული საქართველოს იდეა. „ქართული ოცნება“ დღეს მოგვევლინა ქართულ კოშმარად. გადალახა ყველა წითელი ზღვარი. „ქართული ოცნება“ თავისი ნაბიჯებით არის უკანასკნელი რუსული ნარჩენი. ჩვენ გასათავისუფლებელი გვაქვს ქვეყანა მათი პოლიტიკური გავლენებისაგან, სასამართლოში, პოლიციაში და საჯარო სამსახურში. ყველა სფერო კულტურა, სპორტი, განათლება და სადაც არასდროს იქნება ადგილი პოლიტიკური გავლენისთვის.”

ფოტო: რადიო თავისუფლება