კანონპროექტის ხელახლა შემოტანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს — ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს“, — ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.

ევროკავშირის განცხადებაში იმის მიმართვაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ:

„მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“, — აცხადებს ევროკავშირი.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“  პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის კვლავ დააბრუნა პარლამენტში.