ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება კვოტების გაუქმებაზე

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ამომრჩევლების გამოხატული ნება, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები და მხარი არ დაუჭიროს სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.

„საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსი ქვეყნის მოსახლეობის ნების პირდაპირი გამოხატულება და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. კვლევების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ წარმომადგენლობას (50-50), მათ შორის, სავალდებულო გენდერული კვოტის გამოყენებით (NDI, 2023) და მიიჩნევს, რომ ეს დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე (UNDP, UNFPA, 2020).

2024 წლის 22 მარტს, პარტია “გირჩის” წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” უქმდება სავალდებულო გენდერული კვოტა, ხოლო “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანულ კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30% დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის. მოულოდნელად მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და დაჩქარებული წესით უყრის კენჭს.

ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 პირობათაგან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო. წინსვლის ნაცვლად (შესრულებული სამი რეკომენდაციიდან ერთი სწორედ გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებს ეხებოდა), სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმების კანონპროექტის მიღება აშკარა რეგრესს და უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას მიიღოს განსაკუთრებულ ზომები კაცების და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების კანონზე და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონსტიტუციის ცხადად დეკლარირებული ნებაა, მიანიჭოს სახელმწიფოს სქესთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფისა და არსებული უთანასწორობის აღმოფხვრისათვის გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების ლეგიტიმაცია. სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის გაზრდა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიდან მომდინარე მნიშვნელოვან კონსტიტუციურ მიზანს.

სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედება დადებითად აისახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 3%-ით 19.1%-მდე, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 13.8%-დან 24%-მდე გაიზარდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ ისევ ვერ აღწევს ქალთა წარმომადგენლობის კრიტიკულ მასას – 40%-ს. 2023 წლის გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს 146 ქვეყანას შორის, ხოლო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით 125-ე ადგილზეა.

ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის და გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის ვალდებულება გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო აქტში, მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაში, პეკინის დეკლარაციასა და სამოქმედო პლატფორმაში და ევროპის საბჭოს რეკომენდაციაში.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ამომრჩევლების გამოხატული ნება, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები და მხარი არ დაუჭიროს სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმებას”, -ნათქვამია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.