„ შშმ ქალები კიდევ უფრო მოწყვლადები არიან გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის თანაკვეთის საფუძველზე“ – შშმ ქალების გამოწვევებზე საქართველოში

თამარ მაჭარაშვილი წლებია შშმ ქალების პრობლემებზე და მათი უფლებების დაცვაზე მუშაობს. მან 2008 წელს საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას,  მათ შორის შშმ ქალებს, უწევდა დახმარებას.  საინიციატივო ჯგუფი 2012 წელს დარეგისტრირდა, როგორც    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების უფლება დამცველი ადგილობრივი ორგანიზაცია.

2019 წელს კი დააფუძნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი, რომელიც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით,  13 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   ქალთა ორგანიზაციას და 15-მდე დამოუკიდებელ აქტივისტს აერთიანებს.

დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრის (წარსულში „ქალი და რეალობა“) ხელმძღვანელი  იმ გამოწვევებზე საუბრობს, რასაც შშმ ქალები ყოველდღიურობაში აწყდებიან:

„ შშმ პირები ცხოვრების ბევრ ასპექტში აწყდებიან მრავალმხრივ გამოწვევებს, იქნება ეს განათლების მისაწვდომობა, დასაქმება, ქვეყნის განვითარების პროცესებში თანაბარი ჩართულობა, მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებები თუ სხვა.

მათ შორის შშმ ქალები კიდევ უფრო მოწყვლადები არიან გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის თანაკვეთის საფუძველზე, რაც მათ გენდერული ძალადობის, სექსუალური ძალადობის, უგულებელყოფის, არასათანადო მოპყრობისა და ექსპლუატაციის უფრო მაღალი რისკის წინაშე აყენებს.

საქართველოში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები ნაკლებად აღიარებს შშმ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებულ საჭიროებებს. სახელმწიფო, პროგრამების შემუშავებისა და ბიუჯეტის დაგეგმვისას არ  ითვალისწინებს შშმ ქალებისა და გოგონებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული ეხება ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური რეაბილიტაციის, განათლების, დასაქმებისა და სხვა პროგრამებს, ’’ –  თამარ მაჭარაშვილი, დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრი.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2022 წელს გამოქვეყნდა ანგარიში  სახელწოდებით „ შშმ ქალებისა და გოგონების საჭიროებებისა და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება საქართველოში.“

მასში სახელმწიფო უწყებებისთვის რიგი რეკომენდაციებია გაცემული.

„ შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა, პოლიტიკის დონეზე, არ არის პრიორიტეტული მიმართულება. გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი რეგულაციებისა თუ პროგრამების შექმნაში გამოიხატება, შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დასაცავად ეფექტიან გზად ვერ ჩაითვლება. ეს მიდგომები და პროგრამები ვერ ხედავენ შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებს, რომელიც უმეტესად, შესაძლოა, განსხვავდებოდეს შშმ კაცების საჭიროებებისგან. სახელმწიფოს არა აქვს სისტემური ხედვა, როგორ გააუმჯობესოს შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა ცხოვრების ყველა სფეროში.“

მწვავეა  შშმ ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემაც.  ამას ადასტურებს ანგარიში სახელწოდებით  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საჭიროებების შესწავლა ქალთა სამომავლო გაძლიერებისთვის.“

ანგარიშის თანახმად:

„ არსებობს მრავალი მიზეზი რის გამოც შშმ ქალები ვერ ახერხებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვას. შშმ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები შშმ პირთა ორგანიზაციების ლიდერებად ან წარმომადგენლებად.“

ჩვენი რესპონდენტი, თამარ მაჭარაშვილი იმ ბარიერებსაც უსვამს ხაზს,  რაც შშმ  ქალების  სოციალურ ინტეგრაციას აფერხებს:

„ შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთათვის  სოციალური  ინტეგრაციის  განხორციელება  გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის  შესაძლებლობას, ყველა  საჯარო  დაწესებულებასა  და  სოციალურ  სიტუაციაში  წვდომის  უზრუნველყოფას,  რომელშიც  მონაწილეობენ  საზოგადოების სხვა დანარჩენი წევრები.

ამ გაგებით  შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთა სოციალური ინტეგრაცია  შორეული პერსპექტივის საკითხია, რადგან არაერთი ბარიერია, ( არა ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ფსიქო-ემოციური, საგანმანათლებლო   და დასაქმებასთან დაკავშირებული ბარიერები), რაც   ართულებს ან  ზოგჯერ შეუძლებელს ხდის სოციალურ ურთიერთობებში მათ მონაწილეობას.

ოჯახის გადამეტებული მზრუნველობა და პირადი სივრცის არ არსებობა, ნეგატიური სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  ქალები ნაკლებად შეძლებენ მათთვის განკუთვნილი გენდერული როლების შესრულებას,  შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  ქალებისთვის კიდევ უფრო მეტად ართულებს საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხს. „ – თამარ მაჭარაშვილი, დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრი.

შშმ ქალების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტია სახელმწიფოს, საზოგადოების, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. თამარ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ საზოგადოების დონეზე, შშმ ქალთა მიმართ არსებული მითების დაძლევისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიური ღონისძიებების ხელშეწყობა, პარტნიორული პროექტები ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.  ასევე, აუცილებელია შშმ ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა.

„ როგორც ეროვნულ ისე ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მნიშვნელოვანი მონაწილეობა გამოიწვევს უფრო ფართო და ეფექტურ შედეგებს იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალებს ჰქონდეთ მათთვის განკუთვნილ სერვისებზე მეტი წვდომა. ყველაზე ნიშანდობლივად პრობლემურია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის სერვისებზე სხვათა თანაბარი წვდომა.

თანა-ტრენერობისა და მენტორობის მეტი შესაძლებლობა , შშმ ქალთა ორგანიზაციებისთვის  ფინანსურ რესურსებზე წვდომის და მდგრადობის მეტი საშუალება. შედეგად აუცილებლად შეიქმნება გარემო, რომელიც აღიარებს და მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი ყველა ფუნდამენტური უფლების განხორციელებას,“-  თამარ მაჭარაშვილი, დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრი.

საქართველოში 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში იყო ფუნქციური შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე
184 958  პირი. ისევე როგორც  მსოფლიოში,  საქართველოშიც მეტი შშმ პირი ქალია – ვიდრე კაცი. 76 019  კაცი და 108 939 ქალი – ვკითხულობთ  გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ ანგარისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და ბავშვები საქართველოში: მონაცემთა მიმოხილვა.“

ფოტო: ILO

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს