საქართველოში ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა – მასშტაბური კვლევის მიგნებები

საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, – ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 2022 წლის კვლევაში ვკითხულობთ.  მასში ნათქვამია, ისიც, რომ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართულ საზოგადოებაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პატრიარქალური ტრადიციებისა და ადათ-წესების საფუძველზე ყალიბდებოდა.

ევროკავშირის  მიერ მხარდაჭერილი კვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3 300 ქალი და 1 100 კაცი გამოკითხეს. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ – ჯამში 171  რესპონდენტი მოიცვა. კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმათ ძალადობის წინააღმდეგ პროგრამების ხელმძღვანელი ირინა ჯაფარიძე ამბობს, რომ  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა მნიშვნელოვან გამომწვევად რჩება.

„  სამწუხაროდ, პრობლემის გავრცელების შეფასება მხოლოდ სოციოლოგიური კვლევების საშუალებით არის შესაძლებელი, ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემისა და სხვა სპეციალიზებული მომსახურებებისთვის მიმართვიანობა, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ნაკლებია პრობლემის რეალურ მასშტაბთან შედარებით. ბოლო ოცი წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ კვლევების ჩატარების მიმართულებით. 2017 წლიდან ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შეგვძინა. ამ გამოცდილების შედეგად, ქვეყანა შეძლებს ასეთი კვლევები 5-7 წლის პერიოდულობით ჩაატაროს და მონაცემები განაახლოს,’’  –  ირინა ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

დოკუმენტში დეტალურადაა განხილული ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები: ადევნება, ქალთა მიმართ ძალადობისადმი დამოკიდებულებები კაცებსა და ქალებში,  პარტნიორის მხრიდან ძალადობის გავლენა  ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე,   მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ძალადობაზე ქალთა რეაგირება და დაძლევის სტრატეგიები.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა,  სექსუალური ძალადობა (18 წლამდე ასაკში) ქალების 8.5%-ს გამოუცდია,  ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია.

მნიშვნელოვანია მიგნებაა ისიც,  რომ საქართველოში ქალების 8.5%-ს ცხოვრების განმავლობაში ადევნება გამოუცდია. ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. დადგინდა რომ შემთხვევების  –  41% ქუჩაში ხდება; – 28% — საზოგადოებრივ ტრანსპორტში; – 11% — სკოლაში ან უნივერსიტეტში; –  8% — სამუშაო ადგილზე.

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ დაზარალებული ქალები, ძირითადად, დუმან.  კვლევის მიხედვით , ქალების 38.2 %-ს ამ თემაზე  არავისთან უსაუბრია; რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-დან 2 ქალს უთხოვია. პოლიციისთვის კი 10-დან 1-ს მიუმართავს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმათ ძალადობის წინააღმდეგ პროგრამების ხელმძღვანელი ირინა ჯაფარიძე ქალთა მიმართ ძალადობის რეგულირებისთვის გამართული საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობაზე საუბრობს:

„ რეალურად,  არ არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის ერთი კონკრეტული მიზეზი. უფრო სწორად, „სოციალური ეკოლოგიის“ სხვადასხვა დონეზე არსებობს ელემენტთა კომბინაცია, რომელიც ასაზრდოებს და განამტკიცებს მიკერძოებულ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, ნორმებსა და პრაქტიკებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ქალთა მიმართ ძალადობაში. ამდენად, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ამ ფაქტორებზე კომპლექსური მუშაობა.

კერძოდ, არსებითია გამართული საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სათანადო რეგულირებას, დაცვის მექანიზმებისა და მომსახურებების არსებობას ძალადობაგადატანილი ქალებისთვის და მოძალადეთა სათანადო პასუხისმგებლობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო ბაზის ეფექტიანი აღსრულება,’’-  ირინა ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა კავშირშია ქალების სოციალურ- ეკონომიკურ  სტატუსთანაც. 

„ გლობალურად პარტნიორის მხრიდან ძალადობა სცდება სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს და გავლენას ახდენს ქალებზე შემოსავლის დონის, განათლებისა თუ საქმიანობის მიუხედავად; თუმცა სიღარიბე და მასთან დაკავშირებული ფაქტორები ზრდის პარტნიორის მხრიდან ძალადობის რისკს – რაც უფრო დაბალია შინამეურნეობის შემოსავალი, მით უფრო მაღალია პარტნიორის მხრიდან ძალადობის მაჩვენებელი, ’’ – ვკითხულობთ კვლევაში.

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა  საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელსაც ჩაატარა.  2017 წლის კვლევის ფარგლებში პირველად შეგროვდა მონაცემები, როგორც ინტიმური პარტნიორისა და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობის, ისე სექსუალური შევიწროების, ადევნებისა და ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობის გავრცელების შესახებ.

„ კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად. მისი მიგნებები და მონაცემებზე დაფუძნებული მტკიცებულებები ამ ყოვლისმომცველი პრობლემის გადასაჭრელად საჭირო პოლიტიკისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში დაგვეხმარება“, –  ასე შეაფასა 2022 წელს განხორციელებული კვლევა  გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მაჰლმა.

 ფოტო: პუბლიკა

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

 სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერითმის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.