CEAC – სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი მარნეულში

მარნეულში უკვე 4 წელზე მეტია, რაც  „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ ფუნქციონირებს. ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, მათი გაძლიერება და ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში – ეს ორგანიზაციის მთავარი მიზანია.

სამი სტუდენტის მიერ დაფუძნებულმა ცენტრმა  არაერთი მნიშვნელოვანი  პროექტი განახორციელა.   როგორც ორგანიზაციის დირექტორი  რაშან ზიადალიევი გვიყვება,  მათი საქმიანობა იმ მუნიციპალიტეტებზეა მიმართული, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს მეტი პრობლემა და გამოწვევები აქვთ.

„ ჩვენი პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ეფექტური ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში“  ფარგლებში, ადვოკატირების შედეგად მარნეულის მერიამ შეიძინა 5 საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 400-მდე ნაგვის ურნა და შეიმუშავა სპეციალური პროგრამა ახალგაზრდული იდეების მხარდასაჭერად. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრანტების ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით“რაშან ზიადალიევი.

ის, რომ სამოქალაქო აქტივიზმი დადებითი ცვლილებების მომტანია, ორგანიზაციამ თავისი საქმიანობით კიდევ არაერთხელ დაამტკიცა. წლების წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია facebook-ის გვერდზე, ცნობებს მხოლოდ ქართულ ენაზე ავრცელებდა.   ახალგაზრდებმა  ინფორმაციის აზერბაიჯანულ ენაზე გავრცელება მოითხოვეს და ამ მიზნით  მარნეულის მერიის გვერდზე  ონლაინ ფლეშმობი ჩაატარეს.  ქართულად გამოქვეყნებული ცნობების ქვეშ ყველა ერთად აფიქსირებდა თავიანთ მოთხოვნას.  ერთი კვირის შემდეგ, უწყებამ  ინფორმაციის  აზერბაიჯანულ ენაზეც გამოქვეყნება დაიწყო.

ორგანიზაციამ, ასევე,  ადვოკატირება გაუწია  ყაჩაღანის თემში  საბავშვო ბაღის მშენებლობას. შეაგროვეს ხელმოწერები, შეიტანეს მარნეულის მერიაში –  მოთხოვნა დაკმაყოფილდა  და 2024 წელს, აღნიშნულ თემს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება.

ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მათი მუშაობა, ამით არ დასრულებულა.   ტრენინგები, სემინარები, გაცვლითი პროგრამები – ეს ორგანიზაციის აქტივობების არასრული ჩამონათვალია.

რაშან ზიადალიევი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სწორედ მათი ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა  მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. “   მასში 100 -ზე მეტი ქართველი,  ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ეთნიკურად სომეხი  ახალგაზრდაა გაერთიანებული.

ცენტრი  საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ  USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,  მიმდინარე წლის ნოემბერში, დაფუძნდა.

„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმი“-ს ცენტრის აქტიურობა არ შეწყვეტილა არც პანდემიის დროს. ამ პერიოდშ,ი ორგანიზაციის წევრები რეგიონში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების დასადგენად  და მათ უზრუნველსაყოფად  მუშაობდნენ.   რაშან ზიადალიევი  იმ დროს იხსენებს, როდესაც მარნეული „წითელ ზონად“ გამოაცხადეს:

 „წითელ ზონად რომ გამოცხადდა, მარნეულში იყო ინფოვაკუუმი, არავინ იცოდა რა არის ეს ვირუსი. ჩვენ ანიმაციური ვიდეორგოლი მოვამზადეთ, შევქმენით მოხალისეთა ჯგუფი.  ვუკავშირდებოდით სათემო ცენტრებს, ვეხმარებოდით მოხალისეობრივად.“

ორგანიზაციამ, იმ ადამიანთა დასახმარებლად ვისაც ინტერნეტის თანხის გადახდა სჭირდებოდათ, კამპანია დაიწყო. შემოიარეს სოფლები, ააგროვეს თანხა და დაგროვილი რესურსით 50 ოჯახს  გადაუხადეს, ინტერნეტის გადასახადი.

მარნეულის „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრში“ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებითაც მუშაობენ.

ამ საკითხზე ესაუბრებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იღებენ ვიდეოებს, აქვთ რადიოგადაცემაც. საქართველოს გზა ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროკავშირის, ნატოს  საქმიანობა, საქართველოს პოლიტიკური ისტორია – ამ თემებზე  ხშირად ატარებენ ტრენინგებს.  როგორც გუნდის ერთ-ერთი წევრი ნაშირ ორდუხანოვი მიიჩნევს, CEAC  უამრავი სირთულის და გამოწვევის მიუხედავად კიდევ მეტის გაკეთებას შეძლებს:

„CEAC არის “იდეა”, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს. ეს იდეა არის თავისუფალ, ძლიერ, გამთლიანებულ და ევროკავშირის წევრ საქართველოში ცხოვრება.

ამ ორგანიზაციაში ჩვენი მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ახალგაზრდების გაძლიერება, საზოგადოების ჩართვა თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესზე და ა.შ.

მიუხედავად უამრავი სირთულისა და ბარიერისა, მაინც ჩვენ წლებია აქტიურად ვმუშაობთ რეგიონში და ყოველ წელს უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ“ – ნაშირ ორდუხანოვი.

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა

ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.