აღმამედლოს სათემო ცენტრი

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების  და ახალგაზრდების გააქტიურების მიზნით, უკვე რამდენიმე წელია რაც აღმამედლოს სათემო ცენტრი ფუნქციონირებს.

4 წლის წინ პირველი კურსის სტუდენტმა ზაქირ აივაზოვმა რეგიონში ახალი თაობის მეტი ჩართულობის და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების საჭიროება დაინახა. საკუთარ ავტოფარეხში ცენტრი დააფუძნა და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებასაც შეუდგა.

„ აღმამედლოს სათემო ცენტრის მიზანია თემის გაძლიერება, განვითარება, ახალგაზრდების გააქტიურება და ძლიერი სამოქალაქო  საზოგადოების შექმნა. ეს ადვილი არ არის. მე ძალიან რთული გზა გავიარე ამისთვის. მარტო ვიყავი, პირველ კურსელი, თან მაშინ გამოცდილება არ მქონდა. ადვილი არ იყო ნდობის მოპოვება“ – დამფუძნებელი, ზაქირ აივაზოვი.

სათემო ცენტრში 30-მდე წევრია. მათ აქტიური მუშაობა პანდემიის დროს დაიწყეს. იმისთვის, რომ იმდროინდელ  მთავარ გამოწვევას გამკლავებოდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ისმენდნენ მათ წუხილებს და პრობლემის მოგვარებაში ეხმარებოდნენ. მაგალითად: ასეთი პრობლემა იყო  კოვიდ ვირუსზე ინფორმაციის ნაკლებობა – მოსახლეობისთვის რთული იყო, ასევე, შესაბამისი განცხადებების დაწერა, პასუხისმგებელი უწყების სახელზე.

ზაქირი  ასევე საუბრობს, რომ  ამ პერიოდში  მნიშვნელოვანი ცნობები, აზერბაიჯანულ ენაზე არ  ვრცელდებოდა და  მოსახლეობას  ინფორმირებაში ეხმარებოდნენ.

მათ, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაარიგეს პროდუქტები – მოქალაქეების ნაწილს დაეხმარნენ ინტერნეტის საფასურის გადახდაში.

მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვაქცინაციაზე  საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაც. შედეგად, სოფელში 200 -მდე ადამიანი აიცრა.

„აღმამედლოს სათემო ცენტრში“  ხშირად ტარდება ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან.   ღონისძიებებს ადგილობრივები აქტიურად ესწრებიან. ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამის მისაღწევად კარდაკარ დადიოდა, ესაუბრებოდა ყველას, თუ რამდენად მნიშნელოვანი არის მათი ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობებში.

„ შედეგი უკვე  გვაქვს. ჩვენს ცენტრში  უკვე  ხშირად დადიან. იციან ჩვენ რას ვაკეთებთ და გვენდობიან. ერთად ვმუშაობთ მოსახლეობისთვის, თემისთვის. ყველაფერს მოხალისეობრივად ვაკეთებთ“,- ამბობს ზაქირ აივაზოვი.

აღმამედლოს სათემო ცენტრში განხორციელდა “მწვანე აქტივისტების“ პროექტი.  პროექტის ფარგლებში შეიქმნა მწვანე აქტივისტების კლუბი და კლუბის წევრებმა  დასუფთავების აქცია სოფელში გამართეს – ხეები დარგეს აღმამედლოს მეჩეთის და თავიანთი სახლების ეზოში. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შესრულდა.

აღმამედლოს სათემო ცენტრის ოფისში  წიგნის კლუბიც ფუნქციონირებს.  მოწყობილია ბიბლიოთეკა და  აქ, განთავსებული აზერბაიჯანულენოვანი, ქართული წიგნებით  სარგებლობა ნებისმიერ ადგილობრივს შეუძლია.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით მნიშვნელოვანია ის, რომ  გუნდის წევრები არიან მეზობელი სოფლებიდანაც.  ახალგაზრდები იკრიბებიან და მათთვის აქტუალურ  თემებს განიხილავენ.

სარწყავი წყლის, ნაგვის ურნების, საბავშვო ბაღის აშენების საკითხის მოგვარებაში გარკვეული წვლილი უკვე შეიტანეს. შექმნეს ფოკუს ჯგუფები, ჩაატარეს კვლევა, შეაგროვეს ხელმოწერები, მიმართეს მუნიციპალიტეტის მერიას.

სათემო ცენტრის მნიშვნელობაზე გვესაუბრება მათი გუნდის ერთ-ერთი წევრი რინატ მასიმოვი:

„სათემო ცენტრის თემში არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენ ახალგაზრდებისთვის, ასევე, ზოგადად მოსახლეობისთვის. ცენტრის დახმარებით ბევრი ადამიანი იღებს ახალ ინფორმაციას და ეს ხელს უწყობს თემის განვითარებას.“

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა

ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.