„პირველი ევროპელი“ – დმანისის სამოქალაქო სექტორი

„პირველი ევროპელი“ ალბათ, შეუძლებელია ამაზე ზუსტი და კარგი სახელი შეურჩიო დმანისში, ნამდვილად პირველი ევროპელის ნასახლარზე, მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

ეს ორგანიზაცია რვა წლის წინ შეიქმნა და მუშაობა ადგილობრივი თემის აქტიური გაცნობით დაიწყო. შემოიკრიბა გარშემო, ცვლილებების მსურველი დმანისელები და ამ დროისთვის, მეტ-წილად,  მოხალისეობრივად 50-მდე ინიციატივა და 7 პროექტი განახორციელა.

„ ჩვენი პირველი ღონისძიებები საქველმოქმედო ხასიათის იყო. დმანისის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში დავდიოდით და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებთან პროდუქტი მიგვქონდა. გარდა ამისა, ვეცნობოდით ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან ვისმენდით საჭიროებებს. ამის შემდეგ, გვქონდა საგანმანათლებლო და სპორტული ოლიმპიადები, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, ვმართავდით კულტურულ საღამოებს, ასევე „იმედი“-ს კლინიკასთან პარტნიორობით, ადგილობრივ მოსახლეობას ვთავაზობდით, უფასო  სხვადასხვა სახის გამოკვლევებს“- სოფო დევნოზაშვილი „პირველი ევროპელის“ ხელმძღვანელი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი დმანისის მუნიციპალიტეტში მოხალისეობრივი კულტურის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებლები არიან.

„ ჩემთვის ყველაზე საამაყო ინიციატივა ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი “პირველი ევროპელის ქალაქია.” საამაყო მიმდინარე პროექტი კი „მოძრავი კინოთეატრია” რომლის ფარგლებშიც, ზაფხულობით, ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის ვმართავთ, ღია კინოჩვენებებს დმანისის სხვადასხვა სოფლებში.

სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ უფრო მეტი  ახალგაზრდა დავიმეგობროთ და მათზე მორგებული, მათგან წამოსული ინიციატივები განვახორციელოთ. ასევე დიდი სურვილი გვაქვს რომ ორგანიზაცია მეტად გავაძლიეროთ, თავადაც განვვითარდეთ რომ დმანისელ ახალგაზრდებს მუდამ გვერდით ვეგულებოდეთ“- ორგანიზაცია „პირველი ევროპელი.“

ორგანიზაციის მიღწევებს შორისაა, მათი პარტნიორობა CENN-თან, რომელიც მასშტაბური პროექტის ფარგლებში: „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ დაიწყო. ამ ოთხწლიან პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი მიზანი, ერთის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მეორეს მხრივ, მუნიციპალური სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაა. „პირველი ევროპელი“ ამ პროექტში, გუნდის სრულფასოვანი წევრია და ჩართულია მის თითოეულ აქტივობაში.

CENN-ს დმანისელებთან ერთად, პროექტში პარტნიორობას “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და  ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge უწევს.

 

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.