თეთრიწყაროს LAG-ი, როგორც მაგალითი სხვადასხვა სექტორის ეფექტური თანამშრომლობის

„თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი” (LAG) 2017 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მულტისექტორული პლატფორმაა, რომელიც სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორს აერთიანებს. 65-მდე წევრი ჰყავს და მათ უმრავლესობას სამოქალაქო სექტორი წარმოადგენს.

ორგანიზაციის ძირითადი მისიაა, ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვან საკითხებზე  გადაწყვეტილების მიღება და მისი შესრულება.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი თავისი სტრატეგიის მიხედვით მუშაობს. მიმდინარე სტრატეგიული დოკუმენტი 2023-2027 წლების სამოქმედო გეგმას მოიცავს და იგი ორგანიზაციის ერთგვარი სახელმძღვანელოა.

” ჩვენი ორგანიზაციის სტრატეგია ყოვლისმომცველია. საკმაოდ მასშტაბური პროექტები გვაქვს. ჩვენ სერვისებს ვახორციელებთ სხვადასხვა ფონდების დახმარებით, ეს იქნება სოციალური, ეკონომიკური, სასოფლო, არასასოფლო თუ ინფრასტრუქტურული. ახლა გვაქვს 2023-2027 წლების სტრატეგია, რომელიც არის ჩვენი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რაზე დაყრდნობითაც ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს.

შევქმენით მართლა პრეცედენტი რეგიონულ დონეზე, როდესაც სამივე სექტორი დაჯდა ერთ მაგიდასთან და დაიწყო მუშაობა – ერთობლივად მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. ეს ცოტა წარმოუდგენელი იყო. იმდენად კარგად მუშაობს ეს მიდგომა, რომ ძალიან ბევრ ერთობლივ  პროექტს ვახორციელებთ.

დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან მეგობრული და საქმიანი  ურთიერთობა გვაქვს. ასევე, გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული ჩვენი სტრატეგიის განხორციელების შესაბამისად”, – ნინო ტიკურიშვილი, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.

„თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა” მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბოლო პროექტი,  3 კილოვატიანი მზის ელექტრო სადგურების მონტაჟი იყო. ამ პროექტის ფარგლებში  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 17 ოჯახს მზის პანელები დაუმონტაჟეს.

„ აქამდე, არ გვქონია ასეთი პრეცედენტი. პროექტს, დავარქვით სადემონსტრაციო და ვაკვირდებით უკვე მეექვსე თვეა, თუ როგორ მუშაობს დინამიკაში. მითუმეტეს ზამთრის თვეები დაემთხვა. შედეგები შთამბეჭდავია – სოფლიდან გვირეკავს ხალხი და ყველას უნდა თვითონაც დავუმონტაჟოთ. საზოგადოების ინტერესი წამოვიდა ეფექტიანობის დანახვის შედეგად. ეს ეკონომიკურადაც ძალიან დიდი შეღავათია – თან ისეთი ოჯახები ავარჩიეთ, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ან მრავალშვილიანი დედები და ა.შ.

ჩვენი ორგანიზაციის მიერ, ჯამში გვაქვს 67 პროექტი დაფინანსებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. თანხა 1 000-60 000 ევრომდე იყო. ეს არის მხოლოდ 2017-2020 წლამდე პერიოდში დაფინანსებული პროექტების რაოდენობა,” – ნინო ტიკურიშვილი.

ოთხი წელია „თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი”,  საქართველოს LAG -ების ასოციაციის თავმჯდომარე ორგანიზაციაა, რომელიც საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით არსებულ 14 LAG -ს აერთიანებს.

„ ჩვენი ორგანიზაცია გაივლის აკრედიტაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროში როგორც LAG, ანუ იქნება აკრედიტებული, რომელსაც ექნება ყველა სხვა ტიპური არასამთავრობო ორგანიზაციისგან განსხვავებული ფუნქცია. კერძოდ, ჩვენ ვიქნებით ლოკალურ დონეზე, გამტარები და გადაწყვეტილების მიმღებნი სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში.

ანუ, მაგალითად სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან შესული განაცხადები იგზავნება ჩვენთან. ყველა საგრანტო განაცხადზე ინდივიდუალური  7-8 კაციანი კომისია იქმნება. ამ კომისიის მიერ ხდება განაცხადების გადარჩევა. პროპორცია კომისიის წევრების არის ისე, როგორც ჩვენი ორგანიზაციის LAG -ის წევრებს შორის. ეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი განაცხადი უნდა დაფინანსდეს.

უნდა აღნიშნოს, რომ ეს საქმიანობა არის მოხალისეობრივი. ესე მუშაობენ ზუსტად ევროპაში და ეს იქნება საქართველოს კონტექსტში ახალი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შედეგია”, – ნინო ტიკურიშვილი, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.

სხვა არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ადგილობრივი განვითარების ჯგუფის” მუშაობის შედეგად,  თანამედროვე სტანდარტების  სამაცივრე მეურნეობაც მოეწყო.

სოფელ საღრაშენში შექმნილი სამაცივრე მეურნეობის მოცულობა 100 კვ.მ-ია. ეს საქმე ანდეს შპს „ეკო-ლაიფ კონსალტინგი”-ს.

„ ჩვენ  ვხვდებოდით ადგილობრივ ფერმერებს. მათ ვუწევდით  სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის კუთხით კონსულტირებას. პრობლემა იყო ქიმიურ ნივთიერებების გამოყენება სოფლის მეურნეობის წარმოებაში. საკონსულტაციო ჯგუფი ცდილობდა საზოგადოების ინფორმირებას, სოფლის მეურნეობის წარმოებისას ნაკლები ქიმიური ნივთიერების გამოყენებისთვის. ვამბობდით, რომ როცა ეკოლოგიურად სუფთა იქნებოდა პროდუქტი, მას აუცილებლად ეყოლებოდა თავისი მომხმარებელი.

მაშინ მოვიდა იდეა, რომ მჭირდებოდა სამაცივრე მეურნეობა. ამ დროს გამოჩნდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფიც. ევროკავშირის პროექტებთან დაკავშირებით მანამდეც მქონდა გაგონილი. მივედი და გავეცანი პროექტებს, რომელსაც ორგანიზაცია იმ დროისთვის აცნობდა მოსახლეობას, რათა საგრანტო კონკურსი გამოცხადებულიყო.

სამაცივრე მეურნეობის მოწყობით ჩვენ გაგვიცნო თემში და მუნიციპალიტეტში არსებულმა ბიზნეს სექტორმა. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ძალიან კარგი ლოჯისტიკური რგოლი გამოვიდა და არა მარტო ჩვენს რეგიონში. ახალციხიდან, ასევე, წალკიდან წამოსული ხილბოსტნეული არის ჩვენთან. თუმცა, ჯერჯერობით დიდი დატვირთვა არ გვაქვს. უფრო ადგილობრივი ხილი ინახება. ალუბალი, შინდი ასეთი ტიპის პროდუქტისთვის უფრო ვიყენებთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ფერმერული მეურნეობა, როგორც მდგრადი ბიზნეს სექტორი” – ხათუნა ახალაია, შპს „ეკო-ლაიფ კონსალტინგი”-ს ხელმძღვანელი.

ავტორი: ნინო ბერიძე

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).