ევროკავშირი რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებისთვის

ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზაცია CENN -მა ახალგაზრდა პროფესიონალთა და  სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამები განახორციელა.  ეს ორი მნიშვნელოვანი პროგრამა მასშტაბური პროექტის  „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

პროგრამებმა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თავიანთი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მისცა. მონაწილეებმა შეიმუშავეს და განახორციელეს პროექტები იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს მათ ქალაქებსა და სოფლებს. ასევე, პროგრამებმა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცათ უფრო ახლოს და უკეთ გაეცნოთ სამოქალაქო სექტორის საქმიანობა.

კესო გოგუა პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა. მან სწორედ „ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის“ ფარგლებში გაიარა სტაჟირება. ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ საქმიანობას ადგილზე გაეცნო და მათ აქტივობებშიც მიიღო მონაწილეობა.

„ სტაჟირება  მოიცავდა სხვადასხვა მიმართულებით აქტივობას.  ქვემო ქართლის რეგიონებში დავდიოდით და  იქ, არსებულ პრობლემებს ვიკვლევდით.  ასევე, ადგილობრივებს იმ გზების შესახებ ვაწვდიდით ინფორმაციას, თუ როგორ შეეძლოთ პრობლემების მოგვარება. სტაჟირების შემდგომი ნაწილი  კი პროექტზე მუშაობას  მოიცავდა“, – კესო გოგუა, ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის მონაწილე.

კესომ პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტში განახორციელა. ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა, ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტის მართვაში ჩართულობის შესახებ.

კესო გოგუა – პროექტის აქტივობა

„ შედეგი იყო აშკარა – ახალგაზრდების ჩართულობა გაიზარდა. თავიანთი  ინიციატივები, შთაბეჭდილებები და მოსაზრებები ღიად დააფიქსირეს. შეიქმნა  საინიციატივო ჯგუფი 15 ადამიანის შემადგენლობით, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ პრობლემის მოგვარებაზე“, – აღნიშნავს კესო.

ფიდან ასკეროვა – პროექტის აქტივობა

ამავე პროგრამის მონაწილე ფიდან ასკეროვამ თავისი ინიციატივა სოფელ ყიზილჯლოში განახორციელა.

„ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება სოფელ ყიზილჯლოს #1 საჯარო სკოლაში“ – ასეთი იყო ფიდანის პროექტის მიზანი.

შესაბამისად, მან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან. ინიციატივის ფარგლებში დასუფთავების დღეც მოეწყო.

ამ პროგრამის გარდა, ფიდანს სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც ჰქონდა.

„სტაჟირება ერთი თვის განმავლობაში, „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ გავიარე. ვესწრებოდი მათ სამუშაო შეხვედრებს. ორგანიზაციის სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებს გავეცანი და მივიღე მათში მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში მქონდა გარკვეული შემოთავაზებებიც“, – აღნიშნავს ფიდანი სტაჟირების შესახებ.

„მთავარი მიზანი იყო მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის გაგვეცნო გარემოსდაცვასთან დაკავშირებული საკითხები –  გაგვეზიარებინა ამ კუთხით  სხვა სკოლებში არსებული გამოცდილება. ყიზილაჯლოს  #1 საჯარო სკოლაში, მსგავსი სხვადასხვა აქტივობები აქამდეც იყო, თუმცა ამ მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. ეს ნამდვილად იყო სიახლე და ამიტომაც უფრო მეტად ჩაერთნენ. ასევე, საფუძველი ჩავუყარეთ სკოლაში ეკო-კლუბის შექმნას“ – ფიდან ასკეროვა, ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის მონაწილე.

ქეთა თეთრაძე – პროექტის აქტივობა

CENN-ის ახალგაზრდულმა პროგრამებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტიც მოიცვა.

პროგრამის მონაწილე ქეთა თეთრაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში –  ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის იმუშავა.

მისი პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ინდივიდუალიზმსა და მიმღებლობაზე და კულტურულ სტერეოტიპებზე. ასევე, მოეწყო  ეთნიკურად ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრები.

„ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ქმნიან მომავალს. მათ შორის ურთიერთობები და იდეების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს სხვადასხვა აზერბაიჯანულენოვანი, ქართულენოვანი პროგრამები. აუცილებელია, რომ ორივე მხარეს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს. ამიტომაც ავირჩიეთ ეს პროექტი, რათა შესძლებოდათ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ჩამოსულიყვნენ  ქართულ თემში და მოესმინათ ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა ინდივიდუალიზმი და მიმღებლობა“, – ქეთა  თეთრაძე , სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამის მონაწილე.

მარეხ დევდარიანი – პროექტის აქტივობა

ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო, პროგრამის კიდევ ერთი მონაწილის, მარეხი დევდარიანის პროექტის მიზანი.

„მტკიცე კავშირი სრულყოფს მომავალს“ –  ამ სახელწოდების პროექტი მან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერსა და ლეჟბადინში განახორციელა .

„ ჩვენი პროექტი ეხებოდა ახალგაზრდების ინტეგრაციას მარნეულში, სოფელ შულავერსა და ლეჟბადინში.  პროექტის  ფარგლებში ჩავატარეთ ორი ტრენინგი და ორი შეხვედრა. ტრენინგები ეხებოდა გენდერულ სტერეოტიპებს. ხოლო, შეხვედრები საგანმანათლებლო პროგრამებს: ერასმუსს და 4+1  პროგრამას. მოსწავლეებს არ ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.  პროექტის შედეგად კი ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დაიძლია“, – მარეხ დევდარიანი, სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამის მონაწილე.

„ ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის“ და „სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამის“ უმთავრესი მიზანი იყო ხელი შეეწყო რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისთვის, მათთვის ღია მხარდაჭერა გამოეცხადებინა  ადგილობრივ დონეზე არსებული  პრობლემების დაძლევისთვის.

ორივე ახალგაზრდულ პროგრამაში 18-29 წლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ  სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან.  ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამისთვის 10 ახალგაზრდა  შეირჩა და ამდენივე პროექტი განხორციელდა.  ჯამში, პროექტებმა 300 -მდე ადამიანი მოიცვა და 1 000-მდე მოქალაქეს მიაწვდინა ხმა.

სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამაში კი 24 ახალგაზრდა ჩაერთო და 4 ინიციატივა განხორციელდა, რომლებიც ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობას, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას შეეხებოდა.   განხორციელებულმა ინიციატივებმა 250-მდე ქალი და ახალგაზრდა მოიცვა.

ლამარა მალხასიანი – პროექტის კოორდინატორი

პროექტის კოორდინატორი ლამარა მალხასიანი აღნიშნავს, რომ პროგრამები რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მრავალფეროვანი იყო:

„ ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. ის  სამი ეტაპისგან შედგებოდა: სტაჟირება თბილისში დაფუძნებულ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში; ვორქშოფები და საპროექტო იდეების შემუშავება; პროექტების დაფინანსება და განხორციელება.

2023 წლის ივნისში დაიწყო სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამის მეორე ფაზა, რომელიც გაგრძელდა 2024 წლის თებერვლის ჩათვლით. ის შემდეგი ეტაპებისგან შედგებოდა:

1 – სამოქალაქო განათლების ბანაკი;

2 -ონლაინ ტრენინგების ციკლი და მენტორინგი;

3 -ახალგაზრდების ჯგუფური ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელება. „ – ლამარა მალხასიან, პროექტის კოორდინატორი.

პროექტის კოორდინატორი ლამარა მალხასიანი პროგრამების შედეგებზე საუბრობს:

„ ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებას საკვანძო როლი აქვს საზოგადოების გაძლიერებაში და გააქტიურებაში. მნიშვნელოვანია, ის რომ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების მიერ განხორციელებულმა ინიციატივებმა და პროექტებმა სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში უფრო მეტი ადამიანი გააერთიანა საერთო იდეების ირგვლივ, რაც ძირითადად ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოგვარებაზეა მიმართული. პროგრამების განხორციელების შედეგად, ჯამში, 1500-მდე ახალგაზრდას აუმაღლდა ცნობიერება სამოქალაქო ჩართულობის და გარემოსდაცვით საკითხებზე, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად გააგრძელებენ ადგილობრივ თემებში მუშაობას. „ –  ლამარა მალხასიან, პროექტის კოორდინატორი.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს დაიწყო და 4-წლიანია.  პროექტი ორგანიზაცია CENN-ის მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასა (KKM) და ორგანიზაცია პირველ ევროპელთან(FE) ერთად   ხორციელდება.

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.