H2O როგორც მხოლოდ ფორმულა – სკოლა წყლის გარეშე
ბერლინს და სოფელ წინწყაროს ბევრი არაფერი აქვთ საერთო. მიუხედავად ამისა, რვა წლის წინ, სწორედ, ბერლინში დაწერილი: „ ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე“ – წინწყაროელების გულის მთავარი ნადებია. ეს სიტყვები წყლისა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, კატერინა დე ალბუკერკს ეკუთვნის.
უწყლობის გამო წინწყაროში დ მის მეზობელ სოფლებში ცხოვრება ურთულდება ყველას, დიდსა თუ პატარას. ამჯერად პატარებით ვიწყებთ.
ეზოში ხეებისა და ყვავილების სიმცირით გვხვდება სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლა. თეთრი, გამხდარი ძაღლი მშობლებთან და ბავშვებთან ერთად მზეზე თბება. ძაღლს სახელი არ აქვს. ბავშვები ამბობენ, რომ მას „ძაღლი“ ჰქვია და მეტი არაფერი. ეს უბრალოდ ძაღლი ყოველდღე სკოლის 400-მდე მოსწავლეს ჭიშკართან ელის. ბავშვები ესწრებიან გაკვეთილებს, ზოგი ალბათ კარგად და ზოგიც ალბათ, არც ისე სწავლობს. თუმცა თითოეული მათგანი, ყოველდღე დგას ერთსა და იმავე პრობლემის წინაშე.
სკოლას არ აქვს სისტემატიური წვდომა სასმელ და ტექნიკურ წყალზე. ბავშვების საპირფარეშოებში არ არის სანიტარია დაცული. მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. თითქოს და შორიდან განახლებული იერსახის მქონე სკოლის გარე საპირფარეშოებში ისეთი სუნია, თავმოყვარე ფერმერის ბოსელში, რომ არ დაგხვდებათ. სკოლის დირექტორი ნათელა ნიჟარაძე პრობლემების არსებობას არ უარყოფს. ამბობს, რომ სკოლას აქვს წყლის და შესაბამისად სანიტარიის კუთხით გამოწვევები.
სკოლებზე ზრუნვა, მოგეხსენებათ, ახლა თვითმმართველობების კომპეტენციაა. თეთრიწყაროს თვითმმართველობაში თემაზე, ნატო ალთუნაშვილი მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი საუბრობს. ამბობს, რომ სკოლებზე ზრუნვას და მათ შორის წინწყაროს სკოლაზე – სველი წერტილების მოწესრიგებით იწყებენ. ალთუნაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, პროექტი მომზადეება სოფელ წინწყაროში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლადაც.
სანამ თვითმმართველობა და ცენტრალური ხელისუფლება, გავა კონკრეტულ შედეგებზე, თეთრიწყაროს და სხვა მუნიციპალიტეტის არა ერთ სკოლაში, ირღვევა ადამიანის უფლება უწყვეტად მიეწოდებოდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და საკმარისი ოდენობით ტექიკური წყალი, სანიტარიის დასაცავად.
ამ სენს ებრძვის CENN-ი სამხრეთ კავკასიაში გარემოს დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მათი ხედვაა დღევანდელი დღის შეცვლით უკეთესი მომავლის შექმნა. აძლიერებენ მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და უჩენენ იმედს, რომ ცვლილებებისთვის მათი ძალისხმევა საკმარია. CENN-მა Wash საბჭოებთან ერთად [საბჭო აერთიანებს ადგილობრივი თემის ლიდერებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მათი ამოცანაა, პოზიტიური ცვლილებებისთვის, იყვნენ ჩართულები პროცესებში რაც წყალს, სანიტარიას და ჰიგიენას უკავშირდება] სიკეთეები უკვე ჩაიდინა.
მათი ძალისხმევით წინწყაროს საბავშვო ბაღს სუფთა წყალი აქვს. ბელა გაზრდელიანი, რომელიც ადგილობრივი Wash საბჭოს წევრია, ამბობს რომ CENN-თან თანამშრომლობით მათ ბაღს 2 000 ლიტრიანი პოლიეთილინის ავზი, ტუმბო, საქაჩი და წყლის ფილტრი შეუძინეს. შესაბამისად ბაღს, რომელიც 100-მდე აღსაზრდელს მასპინძლობს დასალევად, საკვების მოსამზადებლად და ჰიგიენის დასაცავად სუფთა წყალი აქვს.
ვისაც ცუდი მეხსიერება აქვს და თან ცოტა შურიანია, არ ვურჩევთ მარიკო წიქორიძის გაცნობას. მარიკო CENN-ის პროექტების მენეჯერია და ქვემო ქართლის რეგიონის თითოეულ სოფელზე ახსოვს, სად რა პრობლემა დახვდა.
„ თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, ინდივიდუალურ რეჟიმში, ეკონომიკურ და ტექნიკურ ნაწილში საერთაშორისო და დახმარებით და თანამშრომლობით, მის ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით თანდათანობით სრულად უზრუნველყოს სუფთა და უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობა“ – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
„ევროკავშირი მიიჩნევს, რომ წყალსა და სანიტარიასთან, როგორც ადამიანის უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები მჭიდრო კავშირშია საცხოვრებლის, კვებისა და ჯანმრთელობის უფლებებთან. არა მხოლოდ სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობაა დაკავშირებული ადამიანის უფლებასთან, უფრო მეტიც, ის უნდა გახდეს შემადგენელი ნაწილი ადეკვატური საცხოვრებლის უფლებისა და უნდა განვიხილოთ, როგორც ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილი“, – ევროკავშირის მინისტრთა საბჭო.
მანონ ბოკუჩავა
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით.