წალკის მერიაში შიდა აუდიტის სამსახური არ ფუნქციონირებს
QvemoQartli.ge რეგიონის მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტების მუშაობის შესწავლას იწყებს. პირველი ვინც ოფიციალურ მოთხოვნაზე გამოგვეხმაურა, მოეწოდებინათ 2022 წლის შიდა აუდიტის ანგარიშები და რეკომენდაციები, წალკის მერია იყო.
უწყებამ საკითხთან დაკავშირებით მოგვწერა: „მოგახსენებ, რომ ჩვენთან აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია, შესაბამისად არც არანაირი შემოწება არ ჩატარებულა და არც დასკვნები არსებობს.“
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების თანახმად, წალკის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციები არის შემდეგი:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში;
ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება;
ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
თ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;
ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
მ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ო) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა;
რ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
სამსახურის ძირითადი მოვალეობაა ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების წარდგენა მუნიციპალური ორგანოებისთვის. პროცესს შიდა აუდიტის სამსახურის ხელძღვანელი უძღვება, რომლის ვალდებულებაც სამსახურში ფუნქციების განაწილება და დებულების შესაბამისად მოქმედებაა. სამსახურის უფროსის არყოფნის, ან მის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა, დებულების თანახმად, მერის დავალებით, სამსახურის ერთ-ერთ მესამე რანგის მოხელეს.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი მედია. ხელს ვუწყობთ სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.
ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს საქმე.