წალკა LAG – წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

წალკა LAG პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში ჩამოყალიბდა, რომელიც, თავის მხრივ, ENPARD პროექტის ნაწილია და CENN-ის მიერ განხორციელდა.

მასში ის ადამიანები გაერთიანდნენ, რომლებსაც წალკის ყოველდღიურობის გაუმჯობესების სურვილი ჰქონდათ. დღეს ის 200-ზე მეტი ასეთი წევრისგან შედგება. პროექტების განხორციელება რიგითი ადამიანების ცხოვრების შეცვლით დაიწყო.

მზიური მარკოიძეს სამკერვალო, სარდაფში ჰქონდა მოწყობილი და კლიენტების დიდი რაოდენობის მომსახურებას, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის გამო, ვერ ახერხებდა. სწორედ, LAG-ის დამსახურებაა ის, რომ მას დღეს საკუთარი საქმიანობის განხორციელება კეთილმოწყობილ სივრცეში და გაუმჯობესებული ტექნიკური რესურსებით შეუძლია.

ლოკალური საოჯახო საქმიანობა საკუთარი კვების ობიექტის შექმნით გაგრძელდა მზიანა რეზესიძესთვის. ის თუ წლების წინ სხვადასხვა საკვებ პროდუქტებზე შეკვეთებს ოჯახში იღებდა, დღეს უკვე მეწარმის სტატუსით სარგებლობს. წალკის LAG-ის დამსახურებაა ისიც, რომ მისი კვების ობიექტი ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რასაც მსგავსი დაწესებულება უნდა  პასუხობდეს.

პროექტების მენეჯერი მელანო ტყაბლაძე საუბრობს, რომ წალკის LAG-ის ყველა პროექტი წარმატებული იყო. მისი თქმით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მუშაობის შედეგია ის, რომ წალკის ტურისტული პოტენციალი უფრო მეტად გაიზარდა და წარმოჩინდა. 18 ტურისტული განთავსების ობიექტის შექმნამ 200-ზე მეტი წალკელი დაასაქმა, წალკა კი „ტურისტული მიმართულებით დაიბრენდა“.

რესტორანი პონტია“, „ანას კაფე“, ჩერი– ამ ობიექტებზე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება LAG-ის დამსახურებაა. მანვე გახსნა „სანაყინე“.

მელანო ტყაბლაძე გვეუბნება, რომ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარება, მათი აქტიურობა და ჩართულობა სხვადასხვა პროექტებში. ამ მიზნით 160-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა „მწვანე ბანაკებით“ და გაიღრმავა ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.

წალკის LAG-ის წევრებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ეთნიკურ ჯგუფებს შორის ინტეგრაცია. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის „ სოციალური საღამოები“ ეწყობა, სადაც ეძლევათ საშუალება ისაუბრონ, იმსჯელონ და გამოკვეთონ თავიანთი საჭიროებები.

სკოლებში საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობა/აღჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით, საბავშვო ბაღებისთვის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, სოფლებში სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კოვიდ – პანდემიის დროს მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა ონლაინ სწავლებაში,- ამ პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას წალკის LAG-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო წიფიანი. მისი თქმით, რომელიმე ერთის გამოყოფა რთულია.

წალკის LAG მისი დაარსების მე-6 წელსაც აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მუშაობენ, შერჩეული ჰყავთ 4 ბენეფიციარი, ეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთები და შემდეგ მათ უჩვენებენ სხვა ფერმერებს. LAG ასევე მუშაობს წყალმომარაგების და წყლის რესურსების მართვის კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე. ევროპის საბჭოსთან და მესტიის LAG-თან ერთად წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივების მიერ შერჩეულ პროექტს მონიტორინგს უწევს.

მელანო ტყაბლაძე LAG-ს სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის მედიატორს უწოდებს.

„ წალკის LAG-ს მისია ძლიერი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ჩამოყალიბებაა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას აქტიური ადვოკატირების, მრავალფეროვანი და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების დანერგვის, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლების, გრანტების გაცემის, ეკონომიკის დივერსიფიკაციის, კვლევა-ანალიზისა და ეფექტური მედიაციის გზით, რაც ხელს შეუწყობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას“ – მელანო ტყაბლაძე.

„ლაგის“ საქმიანობას წალკაში კონკრეტული შედეგები მოჰყვა. ამაზე საუბრობს  წალკის LAG-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო წიფიანი. მისი თქმით: „წალკაში LAG-მა მხარი დაუჭირა საგანმანთლებლო, სოციალური, ტურისტული, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო ინიციატივას/პროექტს და შეცვალა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. LAG-ში გაწევრიანებულ ადამიანებს მიეცათ საშუალება განივითარონ სოციალური უნარ-ჩვევები, დაეხმარონ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტს და აგრძელებენ მოსახლეობაში ინიციატივების მხარდაჭერას.“

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა

ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.