რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობას გადაადგილების კუთხით პრობლემებს უქმნის

რუსთავში, შარტავას მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გადაადგილების კუთხით სირთულეებს უქმნის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს. ადგილზე არ არის მოწყობილი ქვეითებისთვის დროებითი, უსაფრთხო გადაადგილების კონსტრუქციები.

სამუშაოებს შპს „ენკო“ ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 4 649 744,81 ლარია. რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია ვადების – აღებული ვალდებულებების სრული დაცვით მუშაობს და იმისთვის, რომ პროექტი ხარისხიანად შესრულდეს „გარკვეული დროა“ საჭირო.

საკითხზე კომენტარს რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, წერილობითი ფორმით, აკეთებს:

„ ტარდება კომპლექსური სამუშაო, რაც რუსთავის  შემოსასვლელის და სამი მოედნის: თამარ მეფის, შარტავას და რუსთაველის მოედნების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა უსაფრთხოების და მწვანე კუნძულები, გაჩნდება ახალი რეკრეაციული სივრცეები, პროექტის ფარგლებში დაირგვება 3700 ძირი ხე-მცენარე.

თამარ მეფის მოედანზე ასფალტის პირველი პირი უკვე დაგებულია. შარტავასა და რუსთაველის მოედნებზე არის წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, ასფალტის დაგება ხდებოდა ისე, რომ გრუნტი არ მუშავდებოდა. ამ პრობლემის აღმოფხვრა ახლა მოხდა, გარდა ამისა, შარტავას მოედანზე და რუსთაველის მოედანზეც დაზიანებულია წყლის კომუნიკაციები, რომელიც საჭიროებს გამოცვლას, უახლოეს მომავალში წყლის კომპანიასთან ერთად მოხდება 500 მმ-იანი მაღალი წნევის მილის შეცვლა.

მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ექმნება გარკვეული დისკომფორტი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით, მაგრამ იმისთვის, რომ სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად, გარკვეული დროა საჭირო. პროექტი ამჟამად მიმდინარეობს ვადების ფარგლებში, სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ენკო“ – აცხადებს, ბესიკ ტოგონიძე რუსთავის მერის მოადგილე.

შპს „ენკოსთან“ მიმდინარე წლის 17 მაისს, დადებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2023 წლის 12 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

ვის ეკუთვნის შპს „ენკო“

2014-18 წლებში, შპს “ენკოს” რეესტრის მონაცემებში 8 ცვლილება განხორციელდა. თორნიკე შიოლაშვილი კომპანიის წილს 2016 წლის 28 დეკემბრამდე ფლობდა. ამავე პერიოდისთვის კომპანიის მეწილე შპს “თბილსერვის ჯგუფის” ყოფილი დირექტორი – გიორგი ხუჭუაც იყო. 2016 წლის 28 დეკემბერს, შიოლაშვილის, ხუჭუასა და გიორგი ყოჩიაშვილის წილები უსასყიდლოდ გადაეცა დავით ხორხელაშვილს. დღეის მდგომარეობით კომპანიის 100% წილის მესაკუთრე დავით ხორხელაშვილია, ხოლო დირექტორი – ავთანდილ ბედიაშვილი.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით