ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 მოქალაქისგან შემდგარი ჟიურია, რომელიც მოსამართლის ნაცვლად წყვეტს, დამნაშავეა თუ არა ბრალდებული. პროცესში, ასევე, მონაწილეობენ მოსამართლე, დაცვისა და ბრალდების მხარეები.

პროკურატურიდან On.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ დრომდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქართველოში 83 საქმე განიხილა. მოქალაქეებმა ყველაზე მეტჯერ, 60-ჯერ, განზრახ მკვლელობაზე იმსჯელეს.

  • ჩამონათვალში მოხვდა სამოხელეო და ფინანსური დანაშაულის — 8;
  • ოჯახური ძალადობის, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის — 4-4;
  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების — 3 საქმე.

ცხრა შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე მოქმედებს. ასეთი შეიძლება, იყოს განზრახ მკვლელობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, უკანონოდ მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და სხვა.

ამ ტიპის სასამართლოში საქმის განხილვა არჩევადია და სურვილს დაცვის მხარე (ბრალდებული და მისი ადვოკატი) მოსამართლის წინაშე წინასასამართლო ეტაპზე აფიქსირებს. საკმარისია, პირის მიმართ წაყენებული ბრალდება იყოს იმ დანაშაულთა ჩამონათვალში, რომლებზეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მუშაობს.

როგორ იწყება ნაფიცი მსაჯულების მოძიება

პირველი ეტაპი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ნაფიც მსაჯულობის კანდიდატების სიის შედგენაა. ბრალდებისა და დაცვის მხარე ასახელებს ციფრთა ნებისმიერ კომბინაციას, მაგალითად, 123-ს, რის შემდეგაც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში, სრულწლოვან მოქალაქეთა ერთიანი სიიდან შეირჩევა ყოველი 123-ე ადამიანი.

ნაფიც მსაჯულთა თავდაპირველი სია, როგორც წესი, არაუმეტეს 300 მოქალაქისგან შედგება, საიდანაც, საბოლოო ჯამში, 12 ძირითად და ორ სათადარიგო მსაჯულს ირჩევენ. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების საქმეებზე აუცილებელია — მინიმუმ 6, მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე კი არანაკლებ 8 მსაჯულის დასწრება.

ვინ (არ) შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული

ოფიციალური განმარტების მიხედვით, ნაფიცი მსაჯული შეიძლება, იყოს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში, იმის შესაბამისად, რომელ რაიონულ სასამართლოში იმართება პროცესი და აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია მსაჯულის მოვალეობის შესასრულებლად.

კანონით განისაზღვრება იმ ადამიანთა ვინაობაც, რომლებიც არ შეიძლება, იყვნენ ნაფიცი მსაჯულები. ესენია:

  • სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
  • ადვოკატი;
  • პროკურორი;
  • გამომძიებელი;
  • პოლიციელი;
  • სამხედრო მოსამსახურე;
  • სასულიერო პირი;
  • ამავე საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;
  • ბრალდებული;
  • პირი, რომელსაც ნარკოდანაშაულისთვის ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა დაკისრებული;
  • ნასამართლევი.

შერჩევას ეთიშებიან ის ადამიანებიც, რომელთა პროცესში მონაწილეობაც უსამართლო იქნებოდა მათი მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების გამო. მაგალითად, ძალადობის საქმეზე ნაფიცი მსაჯული ვერ იქნება პირი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო.

თუ ნაფიც მსაჯულად გამოგიძახეს

იმ შემთხვევაში, თუ ეს საპასუხისმგებლო და საინტერესო გამოცდილება გერგო, საცხოვრებელ მისამართზე მოსამართლის მიერ მხარეებთან შეთანხმებული კითხვარი გეგზავნება, შენ კი ვალდებული ხარ, უპასუხო მას და დააბრუნო მითითებულ ვადაში.

ეს პროცესი არ გათავისუფლებს სასამართლოში გამოცხადებისგან, მხოლოდ დამატებითი საშუალებაა პოტენციური მსაჯულების უკეთ გასაცნობად. თანაც, ცნობილია, რომ ადამიანები წერილობითი პასუხების გაცემისას უფრო გულწრფელები არიან, ვიდრე ღია სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას.

რა წერია კითხვარში

აქ აუცილებლად ნახავ სტანდარტულ კითხვებს ვინაობის შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა. ასევე, ხომ არ იცნობ პროკურორს, ბრალდებულს ან პროცესის მონაწილე სხვა პირებს, როგორი დამოკიდებულება გაქვს საამართალდამცავი სტრუქტურებისადმი, იცი თუ არ კონკრეტული საქმის დეტალები მედიიდან, გაგიჭირდებოდა თუ არა, დანაშაულის ფოტოები ან გრაფიკული მასალა რომ გენახა და ა.შ.

აქვეა კითხვებიც, რომლებიც ამ კონტექსტში არც ისე სტანდარტულად გამოიყურება: რა არის შენი ჰობი, რომელია უპირველესი საინფორმაციო წყარო, რომელ ჟურნალ-გაზეთებს კითხულობ რეგულარულად, როგორ ფილმებს უყურებ და სხვა.

გარდა ამისა, კითხვარში მხარეები აზუსტებენ ისეთ დეტალებს, რომლებზეც, შესაძლოა, კანდიდატებს საუბარი საჯაროდ არ სურდეთ. მაგალითად, ხომ არ ყოფილა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. აქვე მითითებულია, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები — ერთადერთი მოთხოვნა გულწრფელობაა.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კითხვა პირადული იქნება, ეს შესაბამის გრაფაში ინიშნება, მოსამართლე, ადვოკატი და პროკურორი კი კანდიდატს დანარჩენი ნაფიცი მსჯულებისგან დაუსწრებლად გაესაუბრებიან.

შეიძლება თუ არა ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა

კი, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის უარს, თუ:

  • უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყავი ნაფიცი მსაჯული;
  • ასრულებ ისეთ სამუშაოს, რომელშიც შენი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;
  • ხელს გიშლის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ხანგრძლივად იმყოფები ან მიემგზავრები საქართველოს ფარგლებს გარეთ;
  • ხარ 70 წელს გადაცილებული.

ამ საფუძვლების არსებობა ნაფიც მსაჯულთა სხდომაზე ირკვევა, სადაც კანდიდატების აცილება წყდება და მსაჯულთა საბოლოო სია დგება.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა

ნაფიც მსაჯულობის კანდიდატების სიიდან სხდომაზე 12-კაციანი შემადგენლობა უნდა შეირჩეს.

სწორედ აქ მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილებაზე და გააჟღეროს გარემოება, რაც ხელს უშლის, გახდეს ნაფიცი მსაჯული. თუმცა, მანამდე მოსამართლე შეკრებილებს უფლება-მოვალეობებს განუმარტავს, მხარეები კი კანდიდატებისთვის სასურველი კითხვების დასმას იწყებენ.

  • თავდაპირველად კითხვებს — ბრალდების, შემდეგ კი დაცვის მხარე სვამს.
  • ორივე მათგანი ცდილობს, შეკრებილებს ინფორმაცია მათთვის სასარგებლო ინტერპრეტაციით მიაწოდოს, ხოლო მოსამართლის მიზანია, მსაჯულობის კანდიდატები არ მოტყუვდნენ.

კითხვები, რომლებიც შერჩევის სხდომაზე ისმება, არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პერსონალურ ინფორმაციას, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უფლება აქვთ, მოსამართლეს ნაფიცი მსაჯულობის რამდენიმე კანდიდატის აცილება სთხოვონ, თუკი მათი ობიექტურობა და მიუკერძოებლობა აეჭვებთ. მოთხოვნის დაკმაყოფილება მოსამართლეზეა დამოკიდებული.

დასაბუთებული აცილების გარდა, პროკურორსა და ადვოკატს უფლება აქვთ, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი აიცილონ კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშეც. ამას დაუსაბუთებელი აცილება ეწოდება. მისი გამოყენების წესსა და რაოდენობას, ასევე, კანონი განსაზღვრავს.

აცილების შემდეგ დარჩენილ თორმეტ კანდიდატს სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულად ნიშნავს, ხოლო ორი ადამიანი საქმის განხილვაში ერთვება, როგორც სათადარიგო მსაჯული — იმ შემთხვევისთვის, თუ მათ რომელიმეს ჩანაცვლება მოუწევთ.