თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი 26%-ით გაუარესდა – ინდექსის 2021 წლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რეგიონში მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო, 2021 წლის ინდექსის მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტს 26%-იანი კლება აქვს, რაც თვითმმართველობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხარისხის მკვეთრ გაუარესებაზე მეტყველებს.

ინდექსი სამი თემატური ბლოკისგან შედგება, რომელიც შეფასების 101 კრიტერიუმს აერთიანებს.

პირველი ორი ბლოკი, „მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“ და „ელექტრონული მმართველობა“, ძირითადად, მათი ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგის საფუძველზე ფასდება. ხოლო მესამე  „მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების“ შეფასება, მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზით და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის შესწავლით ხდება.

თეთრიწყაროს, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება, მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ კრიტერიუმში აქვს. ირკვევა, რომ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, გამოცხადებული კონკურსების შედეგებისა და დასაქმებულ პირთა სამუშაო აღწერაზე არ ქვეყნდება (2021 წლის მდგომარეობით) ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ ინფორმაციას, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ინდექსის ანგარიშის მიხედვით, ამ კრიტერიუმში 100% ფიქსირდებოდა, ხოლო 2021 წლის მონაცემების თანახმად, მისი მაჩვენებელ 36%-მდეა შემცირებული – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აღარ აქვეყნებს შესყიდვების შესახებ ინფორმაციას სრულყოფილად თავსი ვებგვერდზე.

გარდა ამისა, უცნობია ქონების შესახებ ინფორმაციაც. მუნიციპალიტეტი არ ასაჯაროებს ინფორმაციას, მიმდინარე/გამოცხადებული აუქციონების შესახებ (მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ბოლო  „მიმდინარე“ აუქციონი, 2017 წლით თარიღდება); გასხვისებულ და სარგებლობაში გადაცემული ქონების მონაცემებს; მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხას.

პრობლემურია, ადმინისტრაციული ხარჯების გამოქვეყნების საკითხიც. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ ქვებლოკში, არსებული ყველა კრიტერიუმი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემთხვევაში,  0%-ით არის შეფასებული.

თეთრიწყაროს ადგილობრივი ხელისუფლება, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე არ ასაჯაროებს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • მუნიციპალიტეტის სამივლინებო ხარჯები;
  • საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯი;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები;
  • სატელეკომუნიკაციო ხარჯები;
  • წარმომადგენლობით ხარჯები;

ინდექსის თანახმად, ასევე პრობლემური საკითხია მუნიციპალიტეტში დასაქმებული იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის მოძიებაც. მათი საქმიანობის ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება, ასევე,  მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების, აუდიტის ანგარიშებისა და დასკვნების შესახებ მონაცემებიც.

ამასთან ერთად, თეთრიწყაროში საკრებულოს სხდომის ოქმების გამოქვეყნების კრიტერიუმი 0%-ია. მოსახლეობას არ აქვს, მუნიციპალიტეტში ჩატარებული საკრებულოების, მრჩეველთა საბჭოს სხდომებისა და დასახლების საერთო კრების ოქმების გაცნობის შესაძლებლობა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საკრებულოს სხდომის ბოლო ოქმი 2017 წლით თარიღდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის, მეორე ბლოკის „ელექტრონული მმართველობის“ კრიტერიუმებში, ყველაზე დაბალი შეფასება გვხდება, მონაწილეობის შესახებ ბლოკში. ირკვევა, რომ თეთრიწყაროს ადგილობრივი ხელისუფლება (2021 წლის მდგომარეობით) მოსახლეობას არ აწვდის დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას.

მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი ელექტრონული სერვისები, მაგალითად: საჯარო ინფორმაციის ონლაინ მოთხოვნის საშუალება, რაც წინა ანგარიშში 80%-ით ფასდებოდა; ონლაინ პეტიციის შესაძლებლობა; ონლაინ გამოკითხვა; დაგეგმე ბიუჯეტი; დაუკავშირდი ადგილობრივ ხელისუფლებას; საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება და სხვა ონლაინ სერვისები.

მესამე ბლოკში, „მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება“, 14% -ით ფასდება. ამ ბლოკიდან ვიგებთ, რომ მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამა არ არსებობს.

რაც შეეხება, ანგარიშვალდებულების კრიტერიუმს, ინდექსის თანახმად, არ ქვეყნდება არც მერის საქმიანობის ანგარიში და არც საკრებულოს წევრების ანგარიშები. მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, მერის საქმიანობის ანგარიშის ბოლო დოკუმენტი 2018 წლით თარიღდება, საკრებულოს წევრების ანგარიშები კი საერთოდ არ იძებნება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემებთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გვიხსნიან, რომ შედეგების გაუარესება რიგი ფაქტორებიდან იყო გამოწვეული. ამ ეტაპზე, კი არსებული ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

„ ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის კლება 2019 წლის ინდექსთან შედარებით, განპირობებული იყო პირველ რიგში ხელშეკრულების გაუფორმებლობის გამო (სამწუხაროდ, მიზეზი უცნობია) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი იყო გათიშული და შესაბამისად უფუნქციო, ამას გარდა, არც მერიაში და არც საკრებულოში არ იყო შესაბამისი კადრი, რომელიც უზრუნველყოფდა ინფორმაციულ ხელმისაწვდომობას რიგ აქტივობებზე.

ამასთანავე, პრობლემას წარმოადგენს მედია საშუალებების არქონა (პრესა, რადიო, ტელევიზია). მეორე მიზეზად 2020-21 წლებში კოვიდ პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს. ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დანერგვის კუთხით, დღეის მდგომარეობით არსებულ გამოწვევებს ვფიქრობთ გავუმკლავდებით, ვინაიდან, ზემოთ ხსენებული ხარვეზები ტექნიკურად აღმოფხვრილია (განახლდა ვებგვერდის მომსახურების ადმინისტრირების ხელშეკრულება და მიზნობრივად, შესაბამის პოზიციებზე დანიშნულია თანამშრომლები). აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებებთან ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების კუთხით, რაც თავის მხრივ, საქმიანობის გამჭვირვალობის და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის ერთგვარი გარანტია“ – გვწერენ, საკითხთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

ფოტოს წყარო: droa.ge

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით