ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების შედეგი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საშუალო მაჩვენებელი 32%-ია, რაც ზუსტად იმეორებს 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს (32%). ელექტრონული მმართველობის მაჩვენებელი მხოლოდ 25-მა მუნიციპალიტეტმა გააუმჯობესა. რეგრესი დაფიქსირდა 34 მუნიციპალიტეტში.

მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 67% – დაფიქსირდა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), რაც 4%-ით აღემატება 2019 წლის შეფასების საუკეთესო მაჩვენებელს (63%- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი). ყველაზე დაბალი შედეგები მიიღეს იმ მუნიციპალიტეტებმა, რომელთაც გათიშული ან საერთოდ არ ჰქონდათ ვებგვერდი (ნინოწმინდის, ადიგენის, ასპინძის, ზესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტები). წინა, 2019 წლის შეფასების დროს მსგავსი ვითარება იყო მხოლოდ ასპინძის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში. ელექტრონული მმართველობის ყველაზე მაღალი გაუმჯობესება (43%- იანი ზრდა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

კრიტერიუმების მიხედვით, წინა შეფასების შედეგებთან მიმართებით, მუნიციპალიტეტებმა ყველაზე მეტად გააუმჯობესეს დარეგისტრირებული პეტიციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (ზრდა 27%-ით) და ვებგვერდების მობილურ პლატფორმებთან ადაპტირება (ზრდა 10%-ით). გაუარესდა „დაგეგმე ბიუჯეტი“-ს (კლება 15%-ით), ონლაინ გამოკითხვისა (კლება 8%-ით) და ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ (კლება 3%-ით) კრიტერიუმების შეფასების შედეგები.

მუნიციპალიტეტებს კვლავ ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ სოციალური ქსელების ქვებლოკში: სოციალურ ქსელებში (Facebook) მუნიციპალიტეტის აქტიურობა (83%), სოციალურ ქსელებში კომენტარის დატოვების შესაძლებლობა (100%), სოციალურ ქსელებში პირადი შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა და პასუხის ხარისხი (71%)

მუნიციპალიტეტებმა დაიწყეს საკუთარ ვებგვერდზე ისეთი აქტივობის დამატება, რომელიც პირველი 2017 წლის შეფასების დროს არ იყო წარმოდგენილი არცერთი მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, მაგალითად, სამოქალაქო ინიციატივა. აგრეთვე მნიშვნელოვნად გაიზარდა SMS შეტყობინების გამოყენების შედეგიც (1%-დან 15%-მდე).

კრიტერიუმების მიხედვით, წინა შეფასების მსგავსად, ყველაზე ცუდი პრაქტიკა ფიქსირდება მრჩეველთა საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით (10%). ასევე პრობლემად რჩება ინფორმაციის არსებობა რამდენიმე ენაზე (14%) და მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (12%). წინა შეფასებასთან შედარებით გაუარესებულია მდგომარეობა საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

„კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი გახლდათ ის რეგიონები, სადაც მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საერთო მაჩვენებელი წინა შედეგებთან შედარებით გაუარესდა. ყველაზე დიდი უკუსვლა (-5%) მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა“, – ვკითხულობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასებაში.

 

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით