ერთი ვაშლი მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრისთვის – იდეის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები

„ესენი უკვე ევროკავშირში არიან“ – ხშირად, ასე ვახასიათებთ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე ევროპული სტანდარტით მუშაობენ და შესაბამის, შედეგებსაც აჩვენებენ.

ეს ფრაზა მოსვენებას არ გვაძლევდა და ისე დავყვებოდით მასპინძელს ძველ „საბჭოს შენობაში“, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარეობს.

ამ შენობაში, ერთი ოთახი გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სოფლის ახალგაზრდებს და მათ ორგანიზაციას „ მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრს“ დაუთმო.

ახლა აქ, ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც ეფექტური კომუნიკაციის თემას ეხება და მას თავად ცენტრის წევრები ატარებენ. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვანცა თვალიაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი რასაც ახლა ახალგაზრდულ სივრცეში ვხედავთ, არის სახალხო დაფინანსების (ქრაუდფანდინგი) და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შეძენილი.

„ მარტყოფის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ წელს პირველი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე პროგრამა „ Salto Award “ ფარგლებში მოიპოვა. „სალტო“ არის ერთგვარი არენა, სადაც ფასდება შესრულებული პროექტი და ჯილდოვდება საუკეთესო პრაქტიკები. აქ, მარტყოფის ცენტრმა გამარჯვება მოიპოვა პროექტით: „ჩვენი სივრცე, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.

რას გულისხმობდა და რა აქტივობებს მოიცავდა ეს პროექტი:

„  ეს გამარჯვება მოვიპოვეთ ქრაუდფანდინგის მეშვეობით, რომელიც გულისხმობდა ინიციატივას  „ჩვენი სივრცე, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.“ სწორედ, ამ იდეის და პროექტის გარშემო გაერთიანდნენ არა მხოლოდ ჩვენი სოფლის ახალგაზრდები, არამედ სხვა ახალგაზრდული ცენტრის წევრები. სოლიდარობა იყო ერთგვარი, რომ შექმნილიყო სოფლად ახალგაზრდული სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებდნენ კომპეტენციების განვითარებას.

ჩვენი ცენტრისთვის დაიგეგმა ღონისძიებები და შეგროვდა თანხა სხვადასხვა მეთოდებით. მაგალითად, გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა გაყიდა ვაშლები და ჩაატარა აქცია: „ერთი ვაშლი მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრისთვის“.

ამ ქრაუდფანდინგის  წყალობით შევძელით შეგვეგროვებინა დაფინანსების 30%, რათა „ორბელიანი მეტს“ დავეფინანსებინეთ 70%-ით. ეს იყო ერთ-ერთი პირობა.

ამ პროექტით ასეთი და ერთობლივი მხარდაჭერის წყალობით, მივიღეთ 9 100 ლარი, რომლითაც შევიძინეთ ყველაფერი რასაც აქ ხედავთ: ავეჯი, კომპიუტერი, პრინტერი, მაცივარი, გამათბობელი, სხვადასხვა ტექნიკა, პროექტორის ეკრანი, უსაფრთხოებისთვის გისოსები და რკინის კარი“, – გვანცა თვალიაშვილი ახალგაზრდული მუშაკი და ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი.

გვანცა ამბობს, რომ ჩვენ საზოგადოებაში არ არის შექმნილი კულტურა, თანხა გაიღონ ახალგაზრდული სივრცეების შექმნისთვის და ეს ინიციატივა ამითაც ღირებულია –  ქმნის ახალ პოზიტიურ პრეცედენტს.

„ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი  თვითმმართველობა თანამშრომლობს და მხარს გვიჭერს ჩვენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტმა დაგვითმო ეს სივრცე, ყოფილი საბჭოს შენობაში – ერთი ოთახი. მადლობას ვუხდით გარდაბნის მერს დავით კარგარეთელს, რომელიც თავადაც მარტყოფელია. ასევე მადლობელი ვართ ჩვენი დეპუტატის გარდაბნის საკრებულოში დავით ებილაშვილის, დავითი ძალიან დაგვეხმარა, რადგან თავადაც ახალგაზრდაა, კარგად ესმოდა ჩვენი საჭიროებები“,- გვანცა თვალიაშვილი.

ცენტრი ამჟამად აქტიურად მუშაობს, ისევე როგორც სხვა, ასევე გარემოს დაცვით პროექტებზე, აქვს სხვადასხვა კლუბები და ცდილობს თავისი აქტივობებით მოიცავს მთელი სოფელი.

ახდენენ ნარჩენების სეპარირებას.

აქ, რომ მოხვალთ ნახავთ პლასტმასის ბოთლებით სავსე ტომრებს და  ცალკე ქაღალდების შეკვრებს. ცენტრი ცდილობს ნარჩენების მიმართ ასეთი მიდგომა, ადგილობრივ თემშიც დაამკვიდროს.

ორგანიზაციის აქტივობებში სისტემატიურად 50-მდე ახალგაზრდაა ჩართული. ფესტივალებზე კი ახალგაზრდების ჩართულობა ორმაგდება.

ანანო სალთხუციშვილი და ნიკოლოზ გიუნაშვილი ამ ცენტრის აქტიური წევრები არიან.

ანანო ამბობს, რომ ცენტრი ახალი კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარა.

„ აქ, ისეთი კომპეტენციების განვითარება შევძელით როგორიც არის ხალხთან ურთიერთობა. არაფორმალური განათლების მიღების სხვადასხვა გზებს გავეცანით. ასევე, ცენტრმა დაგვაკავშირა ბევრ ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩვენთვის კარგი მომავლის შექმნაში დაგვეხმარება“,- ანანო სალთხუციშვილი. ამბობს, რომ ორგანული ნარჩენების კომპოსტირების შესახებ პირველად ამ ცენტრში გაიგო და პრაქტიკული აქტივობაც ამ თემაზე მის დაბადების დღეს დაემთხვა. კომპოსტირებაც და დაბადების დღეც, სასიამოვნო გამოცდილებად ახსენდება.

ნიკოლოზ გიუნაშვილი კი რომელიც ასევე ამ ცენტრის აქტიური წევრია ამბობს, რომ ცენტრის მუშაობა ცვლის ადგილობრივი ახალგაზრდების ცხოვრებას, უკეთესობისკენ.

„ მოგეხსენებათ, ზოგადად ადამიანებს არ აქვთ ბევრი შესაძლებლობა, თბილისს მიღმა,  მიიღონ არაფორმალური განათლება. ხშირად, სწორხაზოვნად იღებენ განათლებას იმ სფეროში, რომელშიც მუშაობენ.  დემოკრატია, გარემოს დაცვა, გენდერი, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი თემები კი ამ ყველაფრის მიღმა რჩება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ცენტრის არსებობა, რომელიც სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებაში გვეხმარება“ ,- ნიკოლოზ გიუნაშვილი. ამბობს, რომ ცენტრს აქვს გარემოს დაცვითი მკაფიო პოლიტიკა, რომელიც სოფელზე და დედამიწაზე, როგორც ამოწურვად და უალტერნატივო რესურსზე ზრუნვას გულისხმობს. საუბრობს, რომ არ არსებობს პლანეტა ბ-ი, შესაბამისად, თითოეული ქმედება, რაც დედამიწის მიმართ ხდება უნდა იყოს მისთვის სასიკეთო.

ნიკოლოზი გვიხსნის, რომ ცენტრს აქვს სხვადასხვა კლუბები  – აქ, ახალგზარდები მსჯელობის და დებატების უნარების განვითარებისთვის სხვადასხვა კლუბებს ქმნიან და ერთმანეთს ეხმარებიან, გახდნენ აქტიური მოქალაქეები.

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.