„ USAID-მა ყველაზე საჭირო დროს საჭირო მხარდაჭერა აღმოგვიჩინა“ – ლაშა ჩხვიმიანი

USAID მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას და ხელს უწყობს მოქალაქეებს ჩაერთონ მათთვის საჭირბოროტო საკითხებში.

ლაშა ჩხვიმიანი თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და დმანისის მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცის ,,შეხვედრის ადგილის“ თანადამფუძნებელია – „სულ ვოცნებობდი, რომ დმანისში ხელმისაწვდომი ყოფილიყო კულტურა ყველა სოფლისთვის და ხელოვნების გზით ხალხში გაგვევრცელებინა დემოკრატიული და ჰუმანური იდეები. მინდოდა, დმანისს ჰქონოდა სივრცე, სადაც შევხვდებოდით ერთმანეთს, ვისწავლიდით არაფორმალურ გარემოში, ვისაუბრებდით, გავუზიარებდით ერთმანეთს საერთო წუხილებს, საერთო ინტერესებს, მიზნებს და აღმოვაჩენდით ერთმანეთს“ – ამბობს ლაშა.

USAID-ის მხარდაჭერით, ერთი წლის განმავლობაში დმანისში 50-მდე მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობა განხორციელდა: კინოჩვენებები და სპექტაკლები დმანისის სოფლებში, უფასო ტაქსი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურებოდა დმანისის მოსახლეობას, ასევე, დაფუძნდა თეატრალური სტუდია უფროსკლასელებისთვის, 19 სოფლის 84 მოსწავლე სწავლოს სტუდიაში უსასყიდლოდ.   სექტემბერს კი, „შეხვედრის ადგილის“ 1 წლის დაბადების დღეზე, შესაძლებელი იქნება დასრულებულ  დამოუკიდებელ, მულტიფუნქციურ სივრცეში ,,შეხვედრის ადგილას“ შეხვედრა.

სივრცე გააერთიანებს ისეთ საჯარო, საზოგადოებრივ თუ კულტურულ სივრცეებს როგორიცაა კაფე, კინოთეატრი, კამერული თეატრი, ბიბლიოთეკა, წიგნების მაღაზია, თეატრალური სტუდია და არაფორმალური განათლების კუთხე – „ ამ სივრცეში უცხო და გაუცხოებული ადამიანები (და ეს გაუცხოება ნამდვილად არსებობს ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში) ერთმანეთთან პოზიტიურ გარემოში შეძლებენ შეხვედრას. სხვადასხვა ასაკობრივ, სოციალურ თუ ეთნიკურ ჯგუფზე გათვლილი მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობებით ვეცდებით, ,,შეხვედრის ადგილას“ აღმოვაჩინოთ და გავაჩინოთ ადამიანებს შორის გადაკვეთის წერტილები და ვიპოვოთ საერთო, გამაერთიანებელი  ღირებულებები“ – ამბობს ლაშა.

„ნამდვილი მეგობარი, ყოველთვის გრძნობს მომენტს თუ როდის გჭირდება მისი გვერდით დგომა. USAID-მა ყველაზე საჭირო დროს საჭირო მხარდაჭერა აღმოგვიჩინა და დაგვეხმარა ადგილობრივებისათვის სრულიად ახალი და განსხვავებული შესაძლებლობა შევქმნათ“ – ამბობს ლაშა.