QvemoQartli.ge-ს რუსთავის მერიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, მოსამართლე ნინო ონიანი, ნახევარ-წელია, არ განიხილავს
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge უკვე, ნახევარი-წელია, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ონიანისგან ელის საქმის განხილვას. ორგანიზაციამ სასამართლოს, 27 აპრილს მიმართა სარჩელით რუსთავის მერიის წინააღმდეგ. საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე არ ჩატარებულა არც ერთი სხდომა.
საკითხზე კომუნიკაცია, კომენტარის და ინფორმაციის მიღების მიზნით, ვცადეთ საქმის მოსამართლე ნინო ონიანის აპარატთან. ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი ადგენს:
„ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა.“
ქვემო ქართლის მედიისთვის, პირველ რიგში, გაუგებარია რატომ მიანიჭა სასამართლომ საქმეს „რთული კატეგორიის“ სტატუსი.
სარჩელით ჩვენი ორგანიზაცია, ითხოვს რუსთავის მერიამ გაასაჯაროოს შიდა აუდიტს ანგარიშები/დასკვნები.
ქვემო ქართლის მედიის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისი იცავს. საქმეზე კი ადვოკატი ნანა ტყაბლაძე მუშაობს.
ტყაბლაძემ, 14 ნოემბერს, წერილით მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სადაც როგორც ჩვენი წარმომადგენელი ითხოვს ჩაინიშნოს საქმის განხილვისთვის სხდომა.
იმის გამო, რომ სასამართლო არ უზრუნველყოფს საქმის, განსაზღვრულ ვადებში განხილვას, რეგიონული მედიის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია კარგავს აქტუალობას.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სარჩელები შეტანილი ჰქონდა ორგანიზაციას გარდაბნის და მარნეულის მერიების წინააღმდეგაც. მათზე გადაწყვეტილა უკვე გამოტანილია და ორივე უწყებას დაევალა მედიისთვის შიდა აუდიტის ანგარიშების/დასკვნების გადაცემა.
QvemoQartli.ge