QvemoQartli.ge – რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისთვის

QvemoQartli.ge რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მხარდაჭერისთვის პროექტს ახორციელებს: „By women for women – ქალი ჟურნალისტები ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ქალების გაძლიერებისთვის.“

პროექტი  “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით მიმდინარეობს.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, გასული წლის ნოემბრიდან ორგანიზაციის ჟურნალისტები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალების გამოწვევებზე სტატიების სერიას ამზადებენ. პროექტის ფარგლებში, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მომხსენებლებმა, რომლებიც სფეროს პრაქტიკოსი მკვლევრები არიან, პრეზენტაციები მოამზადეს საკითხებზე:

  • „ რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების გამოწვევები – არსებული მხარდამჭერი რესურსები“
  • „რეგიონში მცხოვრები მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ქალების გამოწვევები“
  •  „ქვემო ქართლის რეგიონში გენდერულად მგრძნობიარე თემები“

მოწყვლად ჯგუფების საჭიროებებზე ბოლნისის საჯარო და სამოქალაქო სექტორს, გენდერის პრაქტიკოსი მკვლევარი ანა უგრეხელიძე ესაუბრა. მისი პრეზენტაციები მოიცავდა, როგორც საქართველოს პრაქტიკას ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას.

” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები მსოფლიოს ქალი მოსახლეობის 1/5-ს წარმოადგენენ.  საქართველოში შშმ ქალთა სტატისტიკა არ არსებობს, პრობლემურია ზოგადად შშმ პირთა სტატისტიკის წარმოებაც, რომელიც მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებთა ოდენობით ითვლება (125,104 პირი 2017) წლის მონაცემებით) რაც ეყრდნობა თვითიდენტიფიცირებას და ვერ ასახავს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზუსტ რაოდენობას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ჯანდაცვის სერვისებზე, რაც მნიშვნელოვნად აისახება შშმ ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე – მაგალითად, საქართველოში 60 წელს მიღწეული სოციალური პაკეტის მიმღები შშმ კაცების რაოდენობა 5-ჯერ აღემატება შშმ ქალების რაოდენობას, რაც ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე დიდ სხვაობას ქმნის” – ანა უგრეხელიძე.

საქართველოში შშმ პირები განათლების მიღების მიმართულებითაც არა ერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მაშინ როდესაც ევროპული პრაქტიკა ამგვარია:

შვედეთში, ესპანეთში, უნგრეთსა და ავსტრიაში საგანმანათლებლო სისტემა დაფუძნებულია ინკლუზიის პრინციპზე, რის შედეგადაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უმეტესი ნაწილი განათლებას რეგულარულ სკოლებში იღებს. შვედეთში ბავშვების მხოლოდ 1.7% იღებს განათლებას სპეციალური სკოლებში;

შშმ მოსწავლეები სარგებლობენ უფასო სასკოლო ტრანსპორტით დაწყებით კლასებში, საჭიროების შემთხვევაში კი მაღალ კლასებშიც. შვედეთში სკოლებს სპეციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებსაც აქვთ გარკვეული სიძნელეები განათლების მიზნების მიღწევაში.

შვედეთში ჟესტების ენა განათლების საგნად არის აღიარებული. სკოლებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ ჟესტების ენის სწავლება თუ ამას მოითხოვს ხუთი მოსწავლე მაინც.

ესპანეთის სკოლებში შექმნილია ხელმისაწვდომი გარემო, დანერგილია სპეციალური სასწავლო მეთოდები და საშუალებები, მათ შორის ბრაილის შრიფტი, ტაქტილური სენსორული სტიმულაცია,  სივრცესა და დროში ორიენტაციის, ჟესტების ენის და ალტერნატიული კომუნიკაციის სისტემები.

გერმანია პროფესიული ტრენინგი და შეზღუდული შესაძლებლობის ძლიერ მხარედ გამოყენება უახლესი წამოწყება, რომელიც გერმანიაში დაინერგა, ცნობილია „აღმომჩენი ხელების“ სახელწოდებით. აღნიშნული საქმიანობა ძირითადად განკუთვნილია მხედველობის დარღვევის მქონე  პირებისათვის. მათი მხედველობასთან დაკავშირებული გამოწვევის გამო გამძაფრებული შეხებითი ფუნქცია გამოყენებულია გარკვეული დაავადებების ადრეული დიაგნოსტირებისათვის შეხების მეშვეობით. გერმანიაში, ასევე, ფუნქციონირებს პროფესიული ტრენინგ ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებიც 28  ცენტრს მოიცავს.

ცენტრები სთავაზობენ ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: ინფორმაციის მიწოდება, შეფასება, ტრენინგი და სამუშაოს მოძებნაში მხარდაჭერა; სპეციალური სამედიცინო მხარდაჭერა; სამსახურის მოძიების პროცესში მხარდაჭერა;  სახლში დამხმარე; ბავშვის მოვლის ხარჯებში დახმარება; უფასო ტრანსპორტი; დაბალი გადასახადები.

საინფორმაციო შეხვედრა დაეთმო მარტოხელა დედების გამოწვევებსაც.

პრეზენტაციაზე გაჟღერდა, რომ ერთადერთი კანონი, რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის სოციალურ გარანტიას და მთელ საქართველოს მოიცავს, საგადასახადო კოდექსია.

კოდექსის მიხედვით, მარტოხელა დედას, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3 000 ლარამდე შემოსავალი არ ებეგრება.

შესაბამისად, თუ მარტოხელა მშობლის თვიური ხელფასი 250 ლარზე მეტია, სახელმწიფოს ეს ერთადერთი შეღავათიც არ შეეხება. კანონპროექტში ასახული ცვლილებებით, ეს საგადასახადო შეღავათი მარტოხელა დედის გარდა, ასევე მარტოხელა მამაზეც გავრცელდება.

დღეისთვის მარტოხელა დედები, სხვადასხვა კვების თანახმად, შემდეგი გამოწვევების წინაშე დგანან: ფინანსური  პრობლემები, საზოგადოების დამოკიდებულება, გაწყვეტილი ურთიერთობები, სოციალური მხარდაჭერის დეფიციტი, მაღალი სტიგმატიზაცია და თვითიზოლაცია და ბავშვის ფსიქო-ემოციურ პრობლემებთან  გამკლავების სირთულე.

მარტოხელა მშობლის შვილებს საკმაოდ სტრესული ცხოვრება აქვთ იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ცხოვრობენ ორ მშობელთან. ბევრი ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ მარტოხელა მშობლობა გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე , ეკონომიკური გაჭირვება, სოციალური ინტერაქცია რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე. ფინანსური არასტაბილურობა და კრიზისი არის მთავარი, თანმიმდევრული საკითხი, რომელიც უმეტესობას აწუხებს. მშობლის გადატვირთული გრაფიკი და პასუხისმგებლობა მოქმედებს ბავშვის ქცევით და ემოციურ განვითარებაზე.

QvemoQartli.ge