CENN – თვითმმართველობების სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის

სოციალური პოლიტიკა, გარკვეულ პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების ერთობლიობაა, რომელიც სოციალური დაცვის საკითხებს მოიცავს.  მისი ამოცანა არსებული რესურსების სამართლიანი გადანაწილება და ისეთი სერვისების შექმნაა, რამაც მოწყვლადი ჯგუფების ღირსეული ცხოვრება უნდა უზრუნველყოს.

ცენტრალურ დონეზე ძირითადად ორი ტიპის – ფულადი გასაცემელი და არაფულადი სოციალური მომსახურების დაცვის სისტემები გვხდება. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებული ფულადი დახმარებები და სოციალური სერვისები.

ზოგადად, სოციალური დაცვის სისტემის ერთი იდეალური მოდელი არ არსებობს და ის, უნდა პასუხობდეს კონკრეტული საზოგადოების საჭიროებებს. საინტერესოა, როგორია მიდგომა ამ მხრივ მუნიციპალიტეტებში.

ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა ორ სამიზნე რეგიონში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სოციალური სერვისების საბაზისო კვლევა ჩაატარა.

კვლევამ აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტები ხშირად, ცენტრალური, სამთავრობო სერვისების დუბლირებას ახდენენ და არ ხდება ადგილობრივად, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნა. ასევე, სოციალური დახმარებებისა და სერვისების თვალსაზრისით, ძირითადი აქცენტი ერთჯერად დახმარებებსა და ერთჯერად სერვისებზე კეთდება, რაც ვერ იქნება მდგრადი სოციალური დახმარება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს, 22 სოციალური პროგრამა აქვს. მათ შესასრულებლად კი 3 320 000 ლარია გათვალისწინებული.

პროგრამების ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს გარდაბანში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილების, შშმ პირების, უსახლკაროთა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორც – სერვისების მიწოდების, ასევე ფულადი დახმარების გაცემის გზით.

არსებული 22 პროგრამიდან მხოლოდ 2 პროგრამა უზრუნველყოფს შესაძლებლობების განვითარებას, დანარჩენი პროგრამები კი ერთჯერად, ან ბაზისურ დახმარებებს მოიცავს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა დვალიძე, CENN-ის მრავალაქტორული ჯგუფის წევრია, რომელიც ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის ჩამოაყალიბა. ჯგუფში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი და სოციალური სერვისის მიმღებელი მოქალაქეები ერთიანდებიან.

ჯაბა დვალიძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტით სოციალურ პროგრამებში მოხდება, ჯგუფის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის, გათვალისწინება.

„ ჩვენ ვიკვლევთ იმ საჭიროებებს რაც შემდგომში აუცილებლად იქნება ბიუჯეტში გათვალისწინებული.

ზოგადად, მიმდინარე წლის ძირითადი პრიორიტეტები არის  სამედიცინო სფერო, სოციალურად დაუცველების სამედიცინო დახმარებები. ასევე, არასოციალური კომისიური დახმარებები.

პროგრამების შემუშავებისას ჩვენ ვახორციელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. გვაქვს პრეზენტაციები იმ პროგრამებთან დაკავშირებით რასაც ვაკეთებთ და ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რაც კი შესაძლოა წამოიჭრას ვცდილობთ მათ პროგრამებში ასახვას და გათვალისწინებას.

ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ერთჯერად დახმარებებზე მიმართული სოციალური პროგრამები, მივეცით თანხა და მორჩა – ეს მიდგომა არ გვაქვს. ვცდილობთ, ყველა სოციალურად დაუცველებს, ასევე გაჭირვებულ ოჯახებს, შშმ პირებს, არასრულწლოვანებს და ზოგადად, ყველას ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება მაქსიმალურად ვეხმარებით“, – ჯაბა დვალიძე.

ის რომ, სოციალური სერვისები ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყოს, ამისთვის აუცილებელია პროგრამების შემუშავება, უშუალოდ, ბენეფიციარების ჩართულობით მოხდეს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეთა მონაწილეობა სოციალური პოლიტიკის ფორმირებაში დაბალია. ამას ადასტურებს ზემოთ ხსენებული კვლევაც, რომლის მიხედვითაც  მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მხრიდან, სოციალურ საჭიროებებზე მიმართვიანობა ნაკლებია.

ძირითადი სოციალური სერვისები, რის საჭიროებასაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო სექტორი ხედავს, არის შინ მოვლის პროგრამა, ხანდაზმულთა სახლი, ასევე ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მდგრადი სოციალური სერვისების არსებობა და ა.შ

„საქართველოს წითელი ჯვარი“-ს გარდაბნის კოორდინატორი, შორენა წიკლაური აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა გაიზიარონ განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, სოციალური სერვისების შემუშავებისას.

„სოციალური პროგრამები განვითარებულ ქვეყნებში არის ძალიან მაღალბიუჯეტიანი და მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება იმისთვის, რომ შემდგომ მოხდეს ჩვენს მუნიციპალიტეტებში ამ გამოცდილების გადმოტანა და დანერგვა.

ჩვენ, ბევრი მიმართულებით ვცდილობთ ხოლმე ერთობლივად კონსულტაციებს თვითმმართველობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს რაღაც უმჯობესდება მაინც რჩება ერთგვარი სივრცეები, რომელიც საჭიროა რომ დაიფაროს. ამიტომ მნიშვნელოვანია გარე დონორებთან ურთიერთობაც და მათი მხარდაჭერა.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ მთავრობის დამხმარე ჰუმანიტარულ საკითხებში და სწორედ ჰუმანიტარული საკითხებია რომლის თაობაზეც ჩვენს ორგანიზაციას მომართავენ. ხშირია, ამანათების საჭიროება მწოლიარეებისთვის. სხვადასხვა პრობლემა ექმნებათ ადამიანებს და ამ შემთხვევაშიც, ჩვენ შეგვიძლია ინტერვენციები გავაკეთოთ. გარდაბანში ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის კაბინეტი, რომელიც ემსახურება ზოგადად ყველას, ასევე, მერიასთან დადებული ხელშეკრულებით ვეხმარებით სოციალურად დაუცველი გარკვეული კატეგორიის ადამიანებს“ – შორენა წიკლაური, წითელი ჯვარი.

სოციალურ საკითხებში კონსულტანტი ამირან დათეშიძე გვიხსნით, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის წარმოება. ასევე, რას უნდა ითვალისწინებდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებისას.

„ მოგეხსენებათ ადგილობრივი ხელისუფლების უპირველესი დანიშნულებაა უპასუხოს ადგილობრივი თემის საჭიროებებს და მოთხოვნებს. ადგილობრივ ხელისუფლებას უშუალო შეხება აქვს ადგილობრივ თემთან, მოქალაქეებთან, უკეთ იცნობს მათ საჭიროებებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათ  ეფექტურად გამოიყენონ არსებული რესურსები  ამ საჭიროებების საპასუხოდ.  ამასთან  აღსანიშნავია რომ   ხშირ შემთხვევაში  არაკვალიფიციური ადამიანური და არასაკმარისი ფინანსური რესურსები ხელს უშლის  მათ მიერ ამ როლის ეფექტიან შესრულებას.
ასევე, აუცილებელია, რომ სოციალური პოლიტიკა და პროგრამები იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ახალისებდეს მოქალაქეების ამგვარ აქტიურობას და გრძნობდეს ანგარიშვალდებულებას მათ მიმართ“ – ამირან დათეშიძე, კონსულტანტი სოციალურ საკითხებში.

დათეშიძე, ასევე ყურადღებას ამახვილებს არსებულ მიდგომებზე და იმ პრობლემებზე, რის გამოც ადგილობრივ დონეზე სოციალური პროგრამები არაეფექტიანია.

„ იმდენად, რამდენადაც საკანონმდებლო დონეზე მუნიციპალიტეტების ვალდებულებები სოციალური კუთხით ბევრი მიმართულებით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, ბევრი რამ ამ მხრივ მუნიციპალიტეტების კეთილ ნებაზე, ფინანსურ რესურსებზე  და მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული. დღემდე  მუნიციპალიტეტების სოციალური ხარჯების დიდი წილი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ერთჯერად ან ყოველთვიურ ფულად დახმარებებზე და სუბსიდიებზე მოდის.   უკვე ყველამ კარგად  აცნობიერებს, რომ  ასეთი  დახმარებები ნაკლებად ეფექტიანია და   არის  გარკვეული მცდელობები, რომ დაინერგოს უფრო გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი სოციალური პროგრამები, რაც მოქალაქეებისთვის საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებებს  გულისხმობს.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია, მაგალითად, ბავშვთა უფლებათა კოდექსით და შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინიციატივები, რომლებიც მუნიციპალიტეტებს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებს სოციალური მიმართულებით. ეს თავის მხრივ  მუნიციპალიტეტებს უბიძგებს უფრო აქტიურად ჩაერთონ მათ შემუშავებასა და დანერგვაში. ზოგადად, ქვეყნის დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მიხედვით, მოსალოდნელია და მისასალმებელია, რომ მუნიციპალიტეტების როლი და ვალდებულებები მოქალაქეების სოციალური საჭიროებების შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში კიდევ უფრო გაიზრდება“ –  აღნიშნავს ამირან დათეშიძე.

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მრავალაქტორული ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას. ცდილობენ, არსებული სოციალური პროგრამების გაუმჯობესებას და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ახალი ინიციატივების განხორციელებას.

თითოეული აღნიშნული საქმიანობა არის მასშტაბური პროექტის ნაწილი, რომელსაც  CENN-ი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში. სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება.

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდი მითითებით.

 ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qvemoqartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.