სახალხო დამცველი – რუსთავის მერი, ადგილობრივ მედიას QvemoQartli.ge-ს, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას უზღუდავს
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge, მიმდინარე წლის, თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია რუსთავის მერიისგან. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს საჯარო უწყებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურის, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გასაჯაროებას.
რუსთავის მერია, უარს აცხადებს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად მომზადებული ანგარიშების გასაჯაროებაზე. შესაბამისად, QvemoQartli.ge-მ საკითხზე სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციამ, მოკვლევის ჩატარების მიზნით, წერილით სახალხო დამცველს მიმართა. უწყებამ რეკომენდაცია მოამზადა და რეაგირებისთვის რუსთავის მერიას გაუგზავნა.
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის რეკომენდაციის თანახმად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ადგილობრივი მედიის, საჯარო ინფორმაციის წვდომაზე კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ლახავს.
რეკომენდაციაში ვკითხულობთ:
„ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ა(ა)იპ ,,ქვემო ქართლის მედიის“ წარმომადგენლის მანონ ბოკუჩავას განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის კანონიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს განმცხადებლის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევას“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტში.
ამასთან ერთად სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს სხვა გარემოებაზეც – წერს, რომ „მედიის წარმომადგენლებისთვის შექმნილი უსაფუძვლო დაბრკოლებები წარმოადგენს არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების, არამედ მედია თავისუფლების შეზღუდვასაც.“
სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად:
„ განსახილველ საქმეში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ დაასაბუთა, რატომ არ შეეძლო საჯარო ინფორმაციის სახით გაეცა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წლის განმავლობაში მომზადებული აუდიტორული შემოწმების ყველა დასკვნა/ანგარიში და გაცემული რეკომენდაცია, თუნდაც დეპერსონალიზებული სახით. ამავდროულად, ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა რაიმე ტიპის საიდუმლო ინფორმაციას“ – წერია რეკომენდაციაში.
შეგახსენებთ, რომ QvemoQartli.ge შიდა აუდიტის ანგარიშებს ითხოვს რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის მერიებისგან. ეს უწყებები უარს ამბობენ ინფორმაციის გაცემაზე, შედეგად ორგანიზაციამ მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
QvemoQartli.ge-ს სამართლებრივ მხარდაჭერას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქვემო ქართლის ოფისი უწევს.
“ქვემო ქართლის მედია” მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებით წარმოებულ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაცია.
QvemoQartli.ge