წალკაში მოქმედი სოციალური საწარმო „გუმბათი“
ეს მოხატული შენობა წლების წინ მხოლოდ საცხოვრებელი სახლი იყო. დღეს აქ, სოციალური საწარმო „გუმბათი“ მუშაობს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში ამავე სახელწოდების სოციალური საწარმოს გამოჩენა ცვლილებების საფუძველი გახდა. მისი კარი წალკელებისთვის 2016 წელს გაიღო.
ახალგაზრდა მასწავლებელი ირა ძირკვაძე „გუმბათის“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. მისი თქმით: „სოციალური საწარმო წალკის მოსახლეობისთვის ფორმალური და არაფორმალური განათლების კერაა.“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები, აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – გუმბათელების ტრადიციულ საქმიანობად იქცა.
წალკის მუნიციპალიტეტის მსგავსად მრავალფეროვანია იმ პროექტების ჩამონათვალიც, რასაც „გუმბათი“ ახორციელებს.
„აღმოაჩინე შენი სოფელი“ მათი ერთ-ერთი პირველი პროექტია. მის ფარგლებში, საწარმოს წარმომადგენლებმა წალკის 5 სოფელი მოიარეს. ადგილობრივებისგან მოსმენილი ისტორიები ჩაიწერეს, ფოტოები გადაიღეს და ფოტო ისტორიების გამოფენა მოაწყვეს.
ვინაიდან „გუმბათი“ ახალგაზრდების განვითარებაზეა ორიენტირებული, ეს პროექტიც მათ მოარგეს და მეორე ნაწილის განხორციელება, სწორედ, ახალგაზრდების საპროექტო განცხადებების შემუშავება-განხილვას დაუთმეს. შედეგად, წალკელმა ახალგაზრდებმა თავიანთი იდეების ნაწილი რეალობად აქციეს.
განსხვავებული აღმოჩნდა საწარმოს საქმიანობა პანდემიის პერიოდშიც. „წიგნიერი მეყვავილის“ იდეამ ამ დროს გაიჟღერა.
„გუმბათელები“ შვიდი სოფლის 120-მდე მოსწავლეს წიგნებს, საკანცელარიო ნივთებს და ყვავილების ნერგებს უგზავნიდნენ, ასწავლიდნენ ონლაინ პლატფორმებით სარგებლობას. აგრეთვე, იმ მოსწავლეებს რომლებსაც ინტერნეტის თანხის გადახდა სჭირდებოდათ, 2 თვის თანხა თავად ჩაურიცხეს.
ვირუსის შესახებ სწორ და დროულ ინფორმირებაში კი ეთნიკურ უმცირესობებს დაეხმარნენ.
ასევე, „გუმბათის“ წარმომადგენლების მიერ სასმელი წყლის სკოლაში შემოყვანა ის საკითხია, რაც ყველა წალკელმა იცის. თუ მოსახლეობას წყლის მოსატანად სოფლის ბოლოში უწევდა მისვლა, ახლა მხოლოდ ცენტრამდე უწევთ.
საინტერესო აღმოჩნდა თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად განხორციელებული პროექტიც „კინოს მადლი.“
მის ფარგლებში ახალგაზრდებს მსახიობები, რეჟისორები შეახვედრეს და კინოსამყარო ახლოს გააცნეს.
ირა ძირკვაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც მუნიციპალიტეტში საწარმოს ფუნქციონირებამ მოიტანა.
„ გუმბათმა შეცვალა ის, რომ ავლაპარაკდით სოციალური მეწარმეობის მიმართულებით და ამ გამოცდილებას ვუზიარებთ სხვებს. ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა მოხალისეს ევროპული ქვეყნებიდან და წალკელ ახალგაზრდებს ვუშვებთ ევროპაში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ასევე, ხშირად მოდიან სტუმრები, ჩვენ ვმასპინძლობთ მათ და ვუზიარებთ გამოცდილებას. მგონია, რომ არაფორმალური განათლების მიმართულებით ამ ექვსი წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი აგური დადო გუმბათის არსებობამ წალკაში“ – ირა ძირკვაძე.
“გუმბათის” საქმიანობაში ასევე აქტიურადაა ჩართული მისი დამფუძნებელი ციცინო გობაძე. ისიც ირას მსგავსად, მასწავლებლობას აქტიურ მოქალაქეობას უთავსებს.
მასთანაც სოციალური საწარმოს გამოცდილებაზე ვსაუბრობთ. გვიყვება, რომ “გუმბათმა” გუმბათობა ტრადიციულ დღესასწაულად აქცია.
„ ჩემთვის განსაკუთრებულია ,,გუმბათობა,“ რომელიც ტრადიციულ დღესასწაულად ვაქციეთ. წალკაში ეკომიგრანტები ჯერ კიდევ დამკვიდრების პროცესში ვართ, მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც მოსახლეობას ხელს შეუწყობს აქ დაფუძნებაში, ამ რეგიონის სიყვარულსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციაში. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ,,გუმბათობა,“ რომელიც ყოველ სექტემბერს ტარდება. ვიკრიბებით გუმბათში მცხოვრები მოსახლეობა. ვიწვევთ იმათ, ვისაც აქ უცხოვრია და წავიდა აქედან, ასევე მეზობელი სოფლების მოსახლეობას – გვაქვს გამოფენები, მუსიკალური ნომრები და სპორტული აქტივობები” – ციცინო გობაძე.
„გუმბათელებს“ დღეს სხვა ახალი ინიციატივებიც აქვთ. ერთ-ერთია ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას, მოსწავლეებში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება. პროექტში სხვადასხვა სოფლების მასწავლებლები არიან ჩართულნი.
დამფუძნებელი ციცინო გობაძე საუბრობს, რომ საწარმო აპირებს წალკელ ახალგაზრდებს პროფესიული უნარების განვითარებაშიც დაეხმაროს.
„ რეგიონის ახალგაზრდებს არ აქვთ წვდომა პროფესიულ განვითარებასთან, თანამედროვე სამყაროში სამეწარმეო უნარებისა და აზროვნების განვითარება ნიშნავს აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ცხოვრებას. აქ არის ბევრი მოზარდი, რომელსაც აქვს სხვადასხვა პროფესიული უნარი და თუ მას განავითარებს, ეს დაეხმარება, თავისი ადგილის პოვნასა და დამკვიდრებაში. მინდა სოციალური საწარმო ამ მიმართულებით განვავითარო, გავხსნა პროფესიული კურსები, რომელიც ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, მინდა სივრცე გავზარდო, მოვაწყო სატრენინგო ადგილი, როგორც შენობაში, ასევე ეზოში” – ციცინო გობაძე.
ირა ძირკვაძე კი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მაღალმთიან სოფელში მუშაობა გამოწვევებთანაა დაკავშრებული. მისი თქმით:
„ ადამიანური რესურსების ნაკლებობაა და ერთ ადამიანს უწევს მაგალითად, საბუღალტრო საქმიანობის განხორციელება, პროექტის ორგანიზება და შემდეგ განხორციელება.“
მიუხედავად სირთულეებისა „გუმბათს“ გათვითცნობიერებული აქვს საკუთარი როლი და დანიშნულება მულტიეთნიკურ, მულტირელიგიურ წალკაში.
ავტორი: გურანდა ფუტკარაია
აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა
ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი
სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.