საია-ს რუსთავის ოფისი მარტოხელა დედას ბავშვებისთვის ალიმენტის მიღებაში და მათი უფლებების დაცვაში დაეხმარა

ჩვენი რესპონდენტი მარტოხელა დედაა. ის კონფლიქტის შედეგად ქმარს გაშორდა და შვილებთან ერთად, მისთვის მოულოდნელ რეალობას შეეჯახა. „ დამენგრა ოჯახი და აღმოჩნდა, რომ ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, სანამ დავშორდებოდით, ქონება გადააფორმა, გააჩუქა რაღაცეები ჩემს ზურგს უკან. დამჭირდა იურისტის დახმარება. ბავშვების ალიმენტის საკითხშიც, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაშიც. ამ საკითხებთან  დაკავშირებით, იურიდიული გამოცდილება არ მაქვს  და ჩემთვის ამდენად უაღრესად დიდი როლი ითამაშა საია-ს გუნდმა, სათითაოდ მადლობას ვუხდით ყველას. ფასდაუდებელი სამუშაოს აკეთებენ ნამდვილად. ისიც კი არ ვიცოდი, რამდენად შემეძლო ამ რაღაცეების მოთხოვნა, კანონი რამდენად მეხმარებოდა. ძალიან დიდი როლი,, სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გუნდმა ითამაშა, ჩვენ ცხოვრებაში“, – რესპონდენტის ვინაობას რედაქციის გადაწყვეტილებით არ ვასახელებთ.

მარტოხელა დედა ამბობს, რომ ბევრ მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, იმ სერვისების შესახებ, რასაც მსგავსი ორგანიზაციები  უსასყიდლოდ სთავაზობენ მოქალაქეებს.

„ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა არ იციან ასეთი ორგანიზაციების არსებობის შესახებ.  ჩემთვის ფასდაუდებელი იყო ამ გუნდის მიერ შესრულებული სამუშაო. ხელფასების მხრივ არ ვართ საქართველოში, ისე რომ ყველაფერზე გადაანაწილო ადამიანმა. ამ კუთხითაც მართლა ძალიან დიდი შეღავათია, რომ უფასოდ, მართლა ენთუზიაზმით მუშაობენ და მთელი გულით გვერდით უდგანან ყველაფერში.“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  1995 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციას რვა რეგიონული ოფისი აქვს. ერთ-ერთი კი რუსთავში მუშაობს და ქვემო ქართლის მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.

რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ნათია ქოქიაშვილი გვიხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ფუნქციონირება რეგიონისთვის. იხსენებს პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი პროექტი. გასვლითი კონსულტაციების განხორციელება, ასევე გვქონდა ავტო-ტურები და ეს იძლეოდა შესაძლებლობას,  რომ მოსახლეობას კარდაკარ შევხვედროდით და გაგვეცნო მათი უფლებები.  ვახორციელებდით ასევე ადვოკატირებას.

დღესაც, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობით ამ საქმიანობას ისევ ვაგრძელებთ. როგორიცაა მაგალითად „ამერიკული კუთხე“, მათთან თანამშრომლობით. უშუალოდ მე, ჩართული ვარ ცნობიერების ამაღლების ნაწილში, რომელიც მოიცავს, არაქართულენოვან სკოლებში შესვლას, თემა არის ნაადრევი ქორწინების პრობლემა, ქორწილების იძულება. ასევე, ცნობიერების ამაღლება იმ ნაწილში, თუ რა უფლებები აქვთ ბავშვებს. ეს ხორციელდება უკვე ბოლო სამი-ოთხი წლის მანძილზე. დღეს, როდესაც არაქართულენოვან თემი გააქტიურდა, სამოქალაქო სექტორის დამსახურებაა. ძალიან ბევრი საინიციატივო ჯგუფები იქმნება, რაც მისასალმებელია. ასევე სათემო ორგანიზაციები და ბავშვები უშუალოდ აქტიურად ერთვებიან ამ პროცესში.

ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენი, სამოქალაქო სექტორის დამსახურებაა, რომ დღეს მასიურად არ ხდება გოგონების სკოლებიდან გადინება. შემაშფოთებელი იყო ხუთი წლის წინ არსებული სტატისტიკა, როცა ცხრა კლასის ზემოთ სკოლაში გოგონა აღარ იჯდა. ჩვენი დამსახურებაა, რომ ამ სავალალო სტატისტიკის ფონზე სამოქალაქო კოდექსში აიკრძალა 18 წლამდე ქორწინება. რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს ქორწინების იძულება და ეს პრობლემა კვლავაც რჩება, მაგრამ ამას არ აქვს მასიური ხასიათი“, – ნათია ქოქიაშვილი საია-ს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი.

რუსთავის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები, ამ ეტაპზე, რვა მიმდინარე საქმეს აწარმოებენ. მათ შორის 5 სისხლის სამართლის საქმეა, ხოლო  3 სამოქალაქო.

როგორც რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, იურიდიული დახმარების მიღების მიზნით, ოფისში მოქალაქეები ყოველდღიურად მიდიან.

2021 წლიდან დღემდე, მხოლოდ, რუსთავის ოფისმა 4 300 იურიდიული კონსულტაცია გასწია და 400 სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება უზრუნველყო.  აღსანიშნავია, რომ საია-ს წარმოებული საქმეების 90% დაზარალებულებისთვის გამარჯვებით სრულდება.

„ყოველდღიურად მოდიან მოქალაქეები სხვადასხვა პრობლემით, ძირითადად მომართვიანობა ხდება სამოქალაქო ადმინისტრაციულის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უამრავი საბანკო ვალდებულების მქონე მოქალაქეებთან ურთიერთობა. ასევე, გვაქვს საალიმენტო  ვალდებულებებზე უამრავი სარჩელი.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, თითქმის ყოველკვირეულად გვიკავშირდება და გვიგზავნის არაქართულენოვან მოქალაქეს განქორწინება, ალიმენტის საკითხში დახმარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ამ მოქალაქეებს. ადმინისტრაციული წესით, ძირითადად სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მოგვმართავენ.

ასევე, შშმ  პირებს ვეხმარებით. ახლა გვაქვს საქმე, როცა აუტისტური სპექტრის არასრულწლოვანს შეუწყვიტეს შშმ სტატუსი და ამ სტატუსის შეწყვეტა საქმის გაცნობიდან გამომდინარე ვფიქრობთ რომ არაკანონიერია. ინფორმაციის გამოთხოვის ეტაპზე ვართ და მივცემთ სათანადო მსვლელობას.  ასევე, ძალიან ბევრი შრომითი დავა შემოდის, განსაკუთრებით კერძო დაწესებულებიდან, სადაც სრულიად უკანონოდ ათავისუფლებენ ადამიანებს.

ჩვენ, არა ერთი შრომითი დავა წარმატებულად დავასრულეთ. გვაქვს, ასევე მუზეუმის საქმეები. „საია“ კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული, სამი ბენეფიციარის საქმეს აწარმოებს. ვფიქრობთ, რომ წარმატებით უნდა დასრულდეს ეს საქმეც“, –  ნათია ქოქიაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს, ასევე ვკითხეთ თუ რას ფიქრობს ე.წ „რუსულ კანონზე“ რომლის მიღებასაც ხელისუფლება ცდილობდა.

„ ამ კანონპროექტის ინიცირება ნამდვილად სირცხვილი იყო. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნებოდით მისი მომხრეები. ჩვენ შინაარსშიც არ შევდივართ იმიტომ, რომ თუკი უმრავლესობა აპელირებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამჭვირვალობის მიზანი იყო, სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი მედია აბსოლუტურად გამჭვირვალეა თავისი საქმიანობის სფეროში.

ის ცხრა მუხლიანი კანონპროექტი, რომელიც წარადგინეს, ისეთ ინფორმაციას შეიცავდა და ისეთ ვალდებულებას მოითხოვდა, რომ ეს ვალდებულება, ისედაც არსებობს სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმაში გაშლილი. იგივე, არასამეწარმეო არაკომერციული პირის რეგისტრაცია, წესდების მიხედვით, უნდა იყოს დარეგისტრირებული თავისი შინაარსით, ასევე, საშემოსავლოს სამსახური აბსოლუტურად მარტივად განსაზღვრავს ვინ, რა შემოსავალს იღებს და საიდან ხდება ამ შემოსავლის მიღება.

ჩვენ დავინახეთ რომ ახალგაზრდები საკმაოდ მობილიზებულები იყვნენ და მათ უკვე აქვთ ცნობიერება. მე სწორედ ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს, ბავშვთა უფლებებზე სკოლაში მქონდა შეხვედრა და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა უფლებათა კოდექსის შინაარსს ვაცნობდი მათ, დამისვეს შემდეგი კითხვა, რომ რა რეაქცია მქონდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ესენი იყვნენ მ-9 მე-10 კლასის მოსწავლეები და ჩემში ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია იმან, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ქვეყანაში, რა პოლიტიკური კურსი მიმდინარეობს.

ჩვენ გავიზარდეთ ამასობაში, ამ დაპირისპირებების პარალელურად და მომავალი თაობა ნამდვილად არ მისცემს შესაძლებლობას მმართველ გუნდს, რომ მათი აზრი იყოს მხოლოდ გადამწყვეტი. და ყველაზე მთავარი აქ,  რომ –  ხალხთან დავიწყებთ ურთიერთობასო და კანონის დადების მხარეებს გავაცნობთო, სწორედ ხალხი არ აპატიებს იმას, რომ ხალხთან ურთიერთობა არასდროს არ სურდა ხელისუფლებას. ეს არის ყველაზე მტკივნეული. მათ, რომ ჯერ ხალხთან ჰქონოდათ ურთიერთობა, ალბათ, ამ კანონს არც დააინიცირებდნენ. იმიტომ რომ გაიგებდნენ რა სურს ხალხს რეალურად.

კანონპროექტის გაწვევა ხალხის და სამოქალაქო სექტორის რეაქციით მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტარები, უმრავლესობის წარმომადგენლები სლოგანად ასახელებდნენ, რომ – ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენი თვითმიზანია ევროკავშირია სწორედაც. ჩვენ გვინდა განვითარება და ჩვენ გვინდა მომავალი თაობა, რომელიც ევროპულ მიზნებს იზიარებს. მეც არასრულწლოვანი შვილები მყავს 16 და 17 წლის, რომლებიც არაერთ პროექტში არიან ჩართულები და ბედნიერები არიან, რომ ისინი ახორციელებ იმ საქმეს რა პროექტებითაც განათლებასაც იღებე, ცნობიერებასაც იმაღლებენ. აქვთ სწრაფვა, რომ უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებთან ჰქონდეთ ურთიერთობა“, – ნათია ქოქიაშვილი, საია-ს რუსთავის ოფისი.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).