რუსთავის მერობის კანდიდატი: „ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება“
„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი აცხადებს, რომ დღეს, მთელი დღის მანძილზე, რუსთავის სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან, ამომრჩევლებზე ზეწოლა ხდებოდა.
„ ამომრჩეველს არ აქვს თავისუფალი გარემო არჩევანის გასაკეთებლად. ყველა უბანზე მობილიზებული იყვნენ მოქალაქეების დიდი ჯგუფები, რომლებიც ეწეოდნენ აგიტაციას სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ, აღრიცხავდნენ მოსულ ადამიანებს, რითაც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ მათზე. ასევე, უბნებზე დადიოდნენ პარლამენტის წევრი მხეიძე და სხვა მაღალჩინოსნები. მობილიზებული იყვნენ მოჭიდავეები და ქარხნების დირექტორები. ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო..“ – აცხადებს რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო იმედაშვილი.
ბრალდებებს „ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაცია პასუხობს და აცხადებს, რომ პარტია მუშაობს არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით. დასძენენ, რომ მათ ამ ეტაპზე რამე სახის კანონდარღვევაზე არ აქვთ ინფორმაცია და თუ ვინმეს აქვს მაგსვი ფაქტი, მიმართონ შესაბამის უწყებებს.
რუსთავის მე-2, 33-ე და ინტერნატების დასახლების საარჩევნო უბნების წინ, მოქალაქეების ჯგუფები „ქვემო ქართლის საინფრომაციო პორტალმაც” დღის პირველ ნახევარში გადაიღო. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ პირად საქმეზე იმყოფება, ხოლო ნაწილი ადასტურებდა, რომ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამომრჩევლებს ითვლიან.