„სიქა“ საზოგადოების არაფორმალურ განათლებას აგრძელებს
რუსთაველი მარიამ სიგუა 27 წლისაა. სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა, თუმცა დღემდე ახსოვს, რომ სკოლის პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობდა. მას და მის თანატოლებს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სიქა“ აძლევდა.
გვიყვება, რომ აქტივობები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. მათი დახმარებით მიღებული ცოდნა კი დღემდე მის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს.
„ ძალიან დამეხმარა „სიქა“-ს პროექტები. განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, საკმაოდ ბევრ პროექტში ვიყავი ჩართული. რა აქტივობებიც კი ჰქონდათ ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას. „სიქა“-ს სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში დავუკავშირდი. შემდეგ გვქონდა სამოქალაქო კლუბი. არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვაკეთებდით. ვგეგმავდით ჩვენს მასწავლებელთან და „სიქა“-სთან ერთად აქტივობებს. შემდეგ იყო ბანაკები. გავლილი მაქვს სხვადასხვა საინტერესო ტრენინგი.
ერთ – ერთი მნიშვნელოვანი და ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო სოციალური მედიის ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც ვისწავლე და გავაკეთე ბლოგი სკოლისთვის, სადაც ვწერდი ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ.
ბევრი სასარგებლო რამ მივიღე ამ წლების მანძილზე. სიქას დამსახურებაა, რომ ჩემი სასკოლო პერიოდი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
რომ არა სიქა, ალბათ არ ვიქნებოდი ასეთი მარიამი, ვერ ვისაუბრებდი ასე თამამად. სიქამ ურთიერთობები გვასწავლა და საკუთარი აზრის გამოხატვა, პირველ რიგში. მეგობრებისადმი პატივისცემა, გახსნილობა. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და დღემდე მაქვს კონტაქტი ამ ბავშვებთან.
დღეს სიქას თანამშრომელიც ვარ, სხვა სამსახურების პარალელურად, რობოტიკას ვასწავლით და მე ჯგუფების ადმინისტრატორი ვარ. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საქმეა,“ – მარიამ სიგუა, „სიქა“-ს თანამშრომელი.
“სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია” 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე, ორგანიზაციამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და დღესაც, რამდენიმე საინტერესო მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.
„სიქა არის არაფორმალური განათლების ცენტრი. მისია ძალიან დიდი აქვს, ზოგადად არის საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. ამდენი წლის განმავლობაში, პროგრამები გვქონდა ძალიან მრავალმხრივი მიმართულებით.
გვაქვს ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამა, შეჭირვებული ოჯახების ბავშვებისათვის 14 წლის ასაკიდან. ძალიან ინტენსიური კურსები უტარდება 30-მდე ახალგაზრდას. ახლა, ორი ასეთი პარალელური ჯგუფი გვყავს. ორწლიანი პროგრამაა, ძალიან ინტენსიურად სწავლობენ ბავშვები ენას და ჰყავთ კარგი მასწავლებლები. ლიტერატურას და სასწავლო რესურსებს მთლიანად პროგრამა უზრუნველყოფს.
მიმდინარე კიდევ ერთი პროექტი გვაქვს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა. ეს პროგრამა 2010 წლიდან ხორციელდება. ჩვენ ქვემო ქართლში ვართ პარტნიორული ორგანიზაცია და ამ წლების მანძილზე 185 სკოლა მოვიცვით.
ახლა ვმუშაობთ 75 სკოლასთან, რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში. ეს პროგრამა 2027 წლამდე გაგრძელდება. ჩართულები არიან მე-7 კლასის ზემოთ ბავშვები, რომლებიც სწავლობენ სამოქალაქო განათლებას. ძალიან ბევრი მიმართულებები აქვს, ასევე, სამეწარმეო და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულება. იღბლიანები არიან ის ბავშვები, რომლებიც ხვდებიან ამ პროგრამაში, რუსთავიდან ახლა 12 საჯარო სკოლა არის ჩართული. სკოლების შერჩევა მოხდა სამინისტროსთან ერთად, სკოლების თანხმობით. რამდენიმე სკოლამ უარიც კი განაცხადა მონაწილეობაზე, იმიტომ რომ ბევრი აქტივობაა და თვლის ზოგი, რომ ისედაც ბევრ რამეს აკეთებენ და არ სჭირდებათ. ბავშვები ძალიან ზარალდებიან ამით“, – ინგა პაიჭაძე „სიქა“-ს აღმასრულებელი დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „სიქა“ განათლების სამინისტროს, სწავლების ახალი მეთოდოლოგიების დანერგვაში ეხმარება. ამაზე „სიქა“-ს აღმასრულებელი დირექტორი გვიყვება. პაიჭაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობა განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
„არის რაღაც კომპეტენციები, რომელთა განვითარებაც არ ხდება სკოლებში. „სიქა“-მ ამ წლების განმავლობაში ბევრი საერთაშორისო პროგრამა შესთავაზა განათლების სამინისტროს, რომელიც შემდგომ ინტეგრირებული იყო სასკოლო პროგრამებში ბევრი მიმართულებით. განსაკუთრებით, როცა ციფრული განათლება დაიწყო, 2008-2009 წლებში. მაშინ, ჩვენ შემოვიტანეთ ბევრი საერთაშორისო ონლაინ პროგრამები. ბავშვები უკვე ამ ტექნოლოგიების გამოყენებას საგანმანათლებლო მიმართულებით სწავლობდნენ.
სწავლების ბევრი მეთოდოლოგია შემოგვაქვს, რომელიც ინოვაციურია ქვეყნისთვის. საპილოტედ ვტესტავთ და თუ ეს მუშაობს, მერე განათლების სამინისტრო ძალიან ხშირად აიტაცებს და უკვე ძირითად პროგრამაში შეაქვს ხოლმე. „სიქა“ ყოველთვის წინ უსწრებს სასკოლო განათლებას.
ზოგადად, ყველა ის პროგრამა, რომელიც შედის სკოლაში შეთანხმებულია სამინისტროსთან, მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული, სხვაგვარად ამხელა პროგრამები სამინისტროს ჩართვის გარეშე ვერ იმუშავებს“, – ინგა პაიჭაძე.
ორგანიზაცია ციფრული განათლების მიმართულებითაც მუშაობს. „რობოლაბი“ – სიქას რობოტიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრია. როგორც, ინგა პაიჭაძე გვიხსნის, ეს არის სოციალური საწარმო, რომელიც ციფრული განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„რობოლაბი არის სიქას სოციალური საწარმო. დაარსდა ევროპის ფონდის მიერ. ეს არის ციფრული განათლების ხელშეწყობა სკოლამდელი ასაკიდან დაწყებული. პატარები მარტივ კოდირებას სწავლობენ, წერენ პროგრამას. აქვთ ხოლმე კონკრეტული დავალებები, სახალისოც არის ხოლმე და საინტერესოც ბავშვებისთვის. გვყავს სპეციალისტები მოწვეული. ადგილობრივი ტრენერებიც გადამზადებულები არიან. არის ძალიან დიდი ინტერესი და ეს მუშაობს როგორც სოციალური საწარმო. ცოტათი განსხვავდება იმ საგრანტო პროგრამებისაგან რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“- საუბრობს ინგა პაიჭაძე.
სიქა მომავალშიც ახალი იდეების განხორციელებას გეგმავს.
„ ახლა ვიწყებთ ახალ პროექტს მედიაწიგნიერებაზე. გვეყოლება 30-მდე მონაწილე. ასევე, ვიწყებთ ახალს პროექტს, „ტრანზიციაში დაკარგულები“ – ძალიან საინტერესო პროექტია. ტრანზიცია იგულისხმება გარდამავალი პერიოდი, როცა საბჭოთა სისტემიდან ქვეყანა გადავიდა სხვა სისტემაზე. „სიქა“ მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით, გვყავს პარტნიორი ორგანიზაციები. უკვე 35-მდე მასწავლებელი ჩაერთო ამ პროექტში“, – სიქა.
ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებაც ვკითხეთ.
„ კანონის მიღება გამოიწვევდა იმას, რომ ორგანიზაციები ვერ მიიღებდნენ საერთაშორისო დაფინანსებას. იქნებოდა შეზღუდვა იმ განათლების მიწოდებაზე, რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს. შესაბამისად, თავის პროფილის მიხედვით ყველა ორგანიზაციის მუშაობას შეუშლიდა ხელს. საბოლოო ჯამში კი საზოგადოების განვითარებას შეუშლიდა ხელს“, – ინგა პაიჭაძე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სიქა.“
ფოტოს წყარო: სიქა
ავტორი: ნინო ბერიძე
სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).