სასმელ წყალზე წვდომა, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება, ნარჩენების მართვა – ქვემო ქართლში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ადვოკატირების კამპანიები იწყება

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით მასშტაბური პროექტი: „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ მიმდინარეობს. მას CENN-ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასთან  (KKM) და პირველ ევროპელთან (FE) პარტნიორობით  ახორციელებს.

პროექტი გასულ წელს დაიწყო, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში  და დღეს უკვე თავის ყველაზე აქტიურ ფაზაშია.

შეიქმნა  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა.

რაც მოიცავს: ორგანიზაციული განვითარება, ფინანსური მდგრადობა, ლობირება და ადვოკატირება, სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობრივ პროცესებში ჩართულობა.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისში, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. მიზანი გახლდათ, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

კონკურსის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ოთხი ორგანიზაცია შეირჩა. მათ ოთხი თვის განმავლობაში, თავიანთ რეგიონებში,  ადვოკატირების კამპანიები უნდა წარმართონ.

გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისთვის 3 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღეს. ორგანიზაციების ჩამონათვალი ამგვარია:

 საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია ასოციაცია (ACSDG) ,  ბოლნისის ზრდასრულთა  განათლების ცენტრი  (BAEC), მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი და  წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი.

ადვოკატირების კამპანიების როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობს   პროექტის მენეჯერი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრიდან, ანა მენაღარიშვილი.

„ადვოკატირების კამპანიები ერთის მხრივ, ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კონკრეტული პრობლემის ირგვლივ, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს უფრო მეტი მოქალაქისა და აქტორების ჩართულობას, ხოლო, მეორეს მხრივ, დაეხმარება მუნიციპალური მომსახურებ(ების)ის ხარისხის გაუმჯობესებას,“  – ანა მენაღარიშვილი.

საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა  ორგანიზაციებმა  მუშაობა უკვე დაიწყეს. მათ შორისაა თეთრიწყაროში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG).

ორგანიზაცია 2004 წელს დაფუძნდა და სამოქალაქო, სოციალური და სხვა მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება აქვს. „საქართველოს  სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე გულიკო შოშიტაშვილი ამბობს, რომ ადვოკატირების კამპანიების აქამდეც ჩაუტარებიათ.

ორგანიზაცია მოპოვებული გრანტით  კოდის დევნილთა დასახლებაში არსებული სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ეცდება.  გულიკო შოშიტაშვილი აღნიშნული პრობლემის კომპლექსურობაზე საუბრობს.  დასახლებაში 450-მდე ოჯახი  ცხოვრობს.

ორგანიზაცია, ადვოკატირების კამპანიით  ხელს შეუწყობს იმ სივრცის შექმნას, სადაც გადაწყვეტილების მიმღები უწყებები და დევნილთა დასახლების მცხოვრებლები, ერთად იპოვიან საუკეთესო გამოსავალს დასახლებაში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის.

„ იმის გათვალისწინებით, რომ სასმელი წყლის მიწოდების პროცესის ხარვეზს კოდის დევნილთა დასახლებაში კომპლექსური მიზეზი აქვს, მისი მოგვარება ერთი ხელის მოსმით წარმოუდგენელია. ეს მიზეზები გახლავთ როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური, ადმინისტრაციული და თითოეულ მათგანზე პასუხისმგებელია სხვადასხვა უწყება/ინსტიტუცია თუ მოქალაქეთა ჯგუფი. ამიტომ პრობლემის მოგვარების სათავე ამ აქტორებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე შეთანხმებაა, რის შემდეგაც თითოეულმა მათგანმა პირნათლად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება,“ – გულიკო შოშიტაშვილი.

ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება „წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (Lag)“-ს მიერ შემუშავებული ადვოკატირების კამპანიაც.

როგორც „ლაგი“-ს ბორდის წევრი ნოდარ გაბაძე ამბობს, ისინი გარემოს დაცვის მიმართულებით იმუშავებენ.  მიზანი წალკაში, ბარეთის თემის  სოფლებისთვის ნარჩენების ურნების შეძენა და თემის, ნარჩენების გატანის პროგრამაში ჩართვაა. სურთ, რომ ამისთვის წალკის მომავალი წლის ბიუჯეტში კონკრეტული თანხა იყოს გათვალისწინებული.

ბარეთის თემი 4 სოფლისგან შედგება,სადაც ჯამში 451 ოჯახი ცხოვრობს.  „ლაგი“ გეგმავს ადგილობრივებს შეხვდეს, პრობლემები განიხილონ და მუნიციპალიტეტის მერიას ერთობლივი წერილით მიმართონ. დაგეგმილია 2-ჯერ  დასუფთავების  აქციის ჩატარებაც.

„ეს პროექტი ეხმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო გზების პოვნაში და ხელს უწყობს მათ მოქალაქეობრივი უფლებების განვითარებას“, – ნოდარ გაბაძე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის ზრდასრულთა  განათლების ცენტრი  (BAEC) 2020 წელს დაფუძნდა. ახალგაზრდების და ზრდასრული ადამიანების გააქტიურებისთვის, ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებისთვის  ცენტრი არაერთ პროექტს ახორციელებს.

საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ კი პროექტი სახელწოდებით  „კეთილმოწყობილი სტადიონი სოფელ დისველს“ დაიწყო.  როგორც  ცენტრის დირექტორი ირმა ზურაბაშვილი ამბობს, პროექტის მიზანია ადვოკატირების გზით ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის, 2024 წლის ბიუჯეტში, სოფელ დისველის სტადიონის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფას.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი დისველი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებითაა დასახლებული. დასახლებაში 82 ოჯახი ცხოვრობს.

სოფელს არ აქვს კეთილმოწყობილი სტადიონი. დღეის მდგომარეობით მას არ აქვს განათება,  მინდვრის საფარი, მაყურებლის სკამები და კალათბურთის-ფეხბურთის კონსტრუქციები.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ამჟამად რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილ სტადიონზე  ფეხბურთისა და ფრენბურთის მატჩის ჩატარება და სამოქალაქო აქტივიზმზე ფილმის ჩვენება. მიზანი საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღების მიქცევაა.

„ კეთილმოწყობილი სტადიონი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით, დაკავდნენ სპორტული და შემეცნებითი აქტივობებით,  ყოველდღიური ცხოვრება გახადონ უფრო მრავალფეროვანი“- ირმა ზურაბაშვილი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე სამი წელია „მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“ მუშაობს. ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ახალგაზრდული მუშაკი გვანცა თვალიაშვილი ამბობს, რომ  ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობენ.

ორგანიზაცია გარემოს დაცვის მიმართულებითაც აქტიურობს. ამ საკითხზე „ვორქშოპები“,  კამპანიები არაერთხელ გაუმართიათ. ორგანიზაციაში ადგილობრივებს  პლასტმასის, თუნუქის  და მაკულატურის მიტანა შეუძლიათ.  „მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“ ნარჩენებს ახარისხებს და შემდეგ შესაბამის საწარმოებში მიაქვს.

მოპოვებული გრანტით „მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრს“ სურს სოფელ მარტყოფში დაბინძურებული მდინარის პრობლემა  მოაგვაროს. მიზანია მდინარის კალაპოტში „აღარ იყრებოდეს ნარჩენები“.

ამ მიმართულებით გეგმავენ  საკითხის გარშემო სხვადასხვა სექტორის გაერთიანებას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. ასევე, მიზანია  ნარჩენების გატანის სიხშირის გაზრდა და ურნების დამატება მუნიციპალიტეტის მხრიდან.

„ ამ პროექტის განხორციელებით, პირველ რიგში, საკითხი  მოსახლეობის დღის წესრიგში დადგება, მაცხოვრებლები დაფიქრდებიან რა ზიანი მოაქვს მდინარის დაბინძურებას. შემდეგ კი მათი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება ნარჩენების გატანის სიხშირის გაზრდის და ნაგვის ურნების დამატების ადვოკატირება,“- გვანცა თვალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროექტი, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ოთხწლიანია.  მის ფარგლებში საგრანტო კონკურსი უახლოეს მომავალში კვლავ გამოცხადდება, რაც პროგრამაში ჩართულ სხვა ორგანიზაციებსაც შესაძლებლობას მისცემს, ადვოკატირების გზით, თავიანთი სოფლების და დაბების სხვა გამოწვევებსაც შეეჭიდონ.

 

ფოტოს წყარო:agenda.ge

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.