რუსთავის მუნიციპალიტეტმა, 2019-2020 წლებში, ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების ნაწილის დროულად განხორციელება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
საბიუჯეტო რესურსების მართვა
რესურსების მართვის ხარვეზები – მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2019-2020 წლებში, შესაბამისად, 9% და 12% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა
გამოუყენებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია – მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას შეისყიდა 178.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც გონივრულ ვადაში არ გამოუყენებია.
ხელშეკრულებების ადმინისტრირება
მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებს საჯარიმო სანქციები დაარიცხა ხელშეკრულებების პირობების შეუსაბამოდ და დამატებით ვერ მიიღო 190.0 ათასი ლარის შემოსავალი.
შესყიდვების პროცესის მართვა
არაეკონომიური ხარჯი – სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვებითი მომსახურების შესყიდვისას, პროცესის არასათანადოდ წარმართვის გამო, მუნიციპალიტეტმა დაკარგა არსებითი მოცულობის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
კანონშეუსაბამო დისკვალიფიკაცია – მერიისა და მის მიერ დაფუძნებული სუბიექტის მიერ პრეტენდენტების კანონშეუსაბამო დისკვალიფიკაციის შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა 16.8 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
შემოსავლების მართვა
მიუღებელი მოსაკრებელი – მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები, შემოსავლების ადმინისტრირების კუთხით, სუსტია – 2020 წლის ბოლოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებლის თანხამ 2,263.1 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 650.5 ათასი ლარი 2019-2020 წლებში წარმოქმნილი დავალიანებაა.
მიუღებელი საიჯარო შემოსავლები
2021 წლის 1 იანვრისათვის გადაუხდელი საიჯარო თანხა 144.0 ათას ლარს შეადგენდა. მუნიციპალიტეტის ინტერესების დასაცავად, მერია არ ატარებდა ქმედით ღონისძიებებს დავალიანების მქონე მოსარგებლეების მიმართ.
არასაბაზრო ფასად გაცემული ქონება
სარგებლობის ფორმით გაცემული ზოგიერთი მუნიციპალური ქონების საფასური ნაკლებია საბაზრო ფასზე და ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს. მიუხედავად ამისა, მერიას არ გაუტარებია ქმედითი ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ტრანსპორტის შენახვა და ექსპლოატაცია
ავტოპარკის მართვის ხარვეზები – მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 70-77 ერთეულით აღემატებოდა საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.
დასკვნა
მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილის დროულად განხორციელება, საბიუჯეტო შემოსავლების სათანადო დაგეგმვა და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე..
QvemoQartli.ge