რუსთავის ბიუჯეტს მერიის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიდან გაშვება შესაძლოა 45 900 ლარამდე დაუჯდეს
ოპოზიციური პარტიები, რუსთავის ამჟამად უკვე ყოფილ მერს და ადმინისტრაციას თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ოპონენტები აღნიშნულს, არასწორ საკადრო პოლიტიკას უკავშირებდნენ და სასამართლოს ძალით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემულ სახელფასო განაცდურს და კომპენსაციებს – ამ პოლიტიკის შედეგად აფასებდნენ. მსგავსი საქმეების რიცხვს შეიძლება შეემატოს რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიხეილ თათარაძის საკითხიც.
თათარაძე რუსთავის ყოფილმა მერმა დავით ჯიქიამ ადმინისტრაციის უფროსად 2013 წელს დანიშნა. მაშინ ჯიქია ადგილობრივ მედიაში აცხადებდა: „ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ ასეთი იყო ადრე და ახლაც ასე იქნება – აქცენტს მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე გავაკეთებ“.
მიხეილ თათარაძე საჯარო სამსახურამდე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა. რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას კი 2015 წლის 21 აგვისტომდე იკავებდა. გარდა საჯარო სამსახურისა, მის ბიოგრაფიაში სხვა საინტერესო დეტალებიცაა. თათარაძე 2014 წელს მონაწილეობას იღებდა რუსთავის ენმ-ს ოფისთან, „ქართული ოცნების“ აქტივისტების, ცოცხებით ხელში, მოწყობილ აქციაშიც.
დღეს თათარაძეს უკვე თავის ყოფილ დამსაქმებელთან სასამართლო დავები აქვს. მისი გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, როგორც რუსთავის საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლომ.
„გათავისუფლების რეალური მიზეზი არ უკავშირდება ჩემ მუშაობს, მიზეზი არის ქალაქის მერთან არსებული პირადი ხასიათის უთანხმოება“, – აცხადებს თათარაძე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თათარაძის აღდგენა უნდა მოხდეს, ან ადმინისტრაციის უფროსის, ან აღნიშნული სტატუსის ტოლფას თანამდებობაზე, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან მას უნდა ჩაურიცხონ განაცდური სრული ხელფასი (1 700 ლარი) სამახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის. აღნიშნული თანხა კი 45 900 ლარამდეა. საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომაც.
კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს 2015 წელს ადმინისტრაციის უფროსი, რუსთავის მერიაში პასუხობენ, რომ მისი სამსახურიდან გაშვება „მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო” მოხდა. საჯარო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ თათარაძის არაჯეროვნად მუშაობას ადასტურებს: „ადმინისტრაციის უფროსად მუშაობის პერიოდში მისთვის ქალაქის მერის მიერ გაფართოებულ თათბირზე გამოცხადებული საყვედურები, რომელიც შეტანილია ამავე თათბირების ოქმებში. საუბარია 2015 წლის 26 ნოემბერის, 2015 წლის 3 მარტის და 2015 წლის 27 ივლისის თათბირებზე“.
აღნიშნული ოქმები, ფაქტ-მეტრის მოთხოვნის მიუხედავად, რუსთავის მერიამ არ გაასაჯაროვა. უწყებაში განმარტეს, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პირის პერსონალურ მონაცემს და სჭირდებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კონსულტაცია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რუსთავის მერია ადასტურებს, რომ სასამართლომ აღნიშნული ოქმები ჯეროვან მტკიცებულებად არ მიიღო. თათარაძე ამ ოქმებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ისინი არ იყო სწორად შედგენილი, წინა თარიღით ქონდათ გაფორმებული და არც ერთი მათგანით არ მტკიცდება, რომ მას ოდესმე რაიმე ადმინისტრაციული გადაცდომა ჰქონდა.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი აგრძელებენ დავას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მანონ ბოკუჩავა
წყარო: factcheck.ge