რუსთაველები ,,რუსთავის წყალს“ დაუპირისპირდნენ

გასული წლის აპრილში ,,რუსთავის წყალმა” საზოგადოებას ამცნო, რომ წყლის მრიცხველების სადარბაზოში გატანა დაიგეგმა. ასევე ითქვა, რომ  რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული მრიცხველები ახლით უნდა შეცვლილიყო.

მიუხედავა იმისა, რომ ,,რუსთავის წყალი” პირობას დებდა, რომ ახალი მრიცხველის შეძენის საფასურს და მონტაჟის თანხას მოსახლეობას 24 თვეზე გადაუნაწილებდა – სიახლეს რუსთაველთა უკმაყოფილება მოჰყვა.

მაშინ, აქცია რუსთავის მე-16 მკ/რ მე-7 ბინის მაცხოვრებლებმა მოაწყვეს. მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა დღეს რუსთავში წყლის მრიცხველების სადარბაზოში გატანა აქტიურად მიდის. ახალი მრიცხველის და მისი სადარბაზი მონტაჟის საფასურის გადახდა მოსახლეობას ერთბაშად არ უწევს, თუმცა გაჩნდა ახალი პრობლემა.

,, რუსთავის 21-ე მკ/რ-ში წყლის ახალი გაყვანილი მილები სრულად გაიყინა და ზოგიც გასკდა. საუბარი მაქვს იმ მილებზე, რითიც მოხდა ახალი წყლის მრიცხველების სადარბაზოში გაყვანა. მილები არ იყო კარგად შეფუთული. თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, მილებს თხელი გუპკა აკრავს. მოსახლეობას სამი დღე არ ქონდა წყალი. ვრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე. იმათმა ჩვენ არ გვეხება-ო,  მერე ,,რუსთავის წყალს” დაუვუკავშირდით.

შესაკეთებლად ხელსონები გამოაგზავნეს. იმათ კი ცხელი წყალი გვადუღებინეს და ვასხით მილებს. ცხელ წყალს ჩვენც  დავასხამდით ეგ, თუ შველიდა საქმეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ცხელმა წყალმა ვერ გვიშველა.  ამის მერე მოიფიქრეს რაღაც სპეციალური ფენის მოტანა.

როცა დავინტერესდით ქალაქის სხვა ბინებში რა სიტუაცია იყო გაირკვა, რომ  ასეთი რამ არც ერთ შენობაში არ მომხადარა,  სადაც წყლის ძველი გაყვანილობებია. მაინტერესებს ,,რუსთავის წყალში” მომუშავეები, რას ფიქრობენ? თუ გონიათ, რომ სეზონები აღარ არსებობს და მხოლოდ ზაფხულზე გათვლილი მილებით აკეთებენ ახალ გაყვანილობებს?!” – საუბრობს ადგილობრივი, ლიანა ფოფხაძე.

,,რუსთავის  წყალი” არ უარყობს წყლის  მილებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას, თუმცა ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან მონტაჯისას შეცდომა არ ყოფილა დაშვებული. ,, ჩვენთვის ცნობილია, რომ მილები გაიყინა და ზოგ სახლში გასკდა კიდეც, თუმცა ამისი მიზეზი მილების დაბალი ხარისხი, ან სხვა ტექნიკური ხასიათის შეცდომა არ ყოფილა – მილების დაზიანება ძლიერმა ყინვამ გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზეზით არ მომხდარა ეს დაზიანება ,, რუსთავის წყლის”-ს სარემონტო ჯგუფები ეხმარებიან მოსახლეობას და ცდილობენ პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად მოუგვარონ” – საუბრობს ,,რუსთავის წყლის”  პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ლია ანთაური.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=58