რა უნდა იცოდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე
უკვე 12 წელი გავიდა, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქართველოში პირველი საქმე განიხილა. თუმცა, ის, რაც ფილმებში ხშირად გვინახავს, ჩვენი მართლმსაჯულებისთვის ჯერ კიდევ ახალია. ამიტომ ვცადეთ, გაგვერკვია ყველაფერი, რაც ამ ინსტიტუტზე უნდა იცოდე: იურისტები უპირატესობებსა და გამოწვევებზე გვესაუბრნენ, მსაჯულებმა კი საპასუხისმგებლო გამოცდილება გაიხსენეს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 მოქალაქისგან შემდგარი ჟიურია, რომელიც მოსამართლის ნაცვლად წყვეტს, დამნაშავეა თუ არა ბრალდებული. პროცესში, ასევე, მონაწილეობენ მოსამართლე, დაცვისა და ბრალდების მხარეები.
პროკურატურიდან On.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ დრომდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქართველოში 83 საქმე განიხილა. მოქალაქეებმა ყველაზე მეტჯერ, 60-ჯერ, განზრახ მკვლელობაზე იმსჯელეს.
- ჩამონათვალში მოხვდა სამოხელეო და ფინანსური დანაშაულის — 8;
- ოჯახური ძალადობის, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის — 4-4;
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების — 3 საქმე.
ცხრა შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე მოქმედებს. ასეთი შეიძლება, იყოს განზრახ მკვლელობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, უკანონოდ მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და სხვა.
ამ ტიპის სასამართლოში საქმის განხილვა არჩევადია და სურვილს დაცვის მხარე (ბრალდებული და მისი ადვოკატი) მოსამართლის წინაშე წინასასამართლო ეტაპზე აფიქსირებს. საკმარისია, პირის მიმართ წაყენებული ბრალდება იყოს იმ დანაშაულთა ჩამონათვალში, რომლებზეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მუშაობს.
როგორ იწყება ნაფიცი მსაჯულების მოძიება
პირველი ეტაპი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ნაფიც მსაჯულობის კანდიდატების სიის შედგენაა. ბრალდებისა და დაცვის მხარე ასახელებს ციფრთა ნებისმიერ კომბინაციას, მაგალითად, 123-ს, რის შემდეგაც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში, სრულწლოვან მოქალაქეთა ერთიანი სიიდან შეირჩევა ყოველი 123-ე ადამიანი.
ნაფიც მსაჯულთა თავდაპირველი სია, როგორც წესი, არაუმეტეს 300 მოქალაქისგან შედგება, საიდანაც, საბოლოო ჯამში, 12 ძირითად და ორ სათადარიგო მსაჯულს ირჩევენ. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების საქმეებზე აუცილებელია — მინიმუმ 6, მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე კი არანაკლებ 8 მსაჯულის დასწრება.
ვინ (არ) შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული
ოფიციალური განმარტების მიხედვით, ნაფიცი მსაჯული შეიძლება, იყოს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში, იმის შესაბამისად, რომელ რაიონულ სასამართლოში იმართება პროცესი და აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია მსაჯულის მოვალეობის შესასრულებლად.
კანონით განისაზღვრება იმ ადამიანთა ვინაობაც, რომლებიც არ შეიძლება, იყვნენ ნაფიცი მსაჯულები. ესენია:
- სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
- ადვოკატი;
- პროკურორი;
- გამომძიებელი;
- პოლიციელი;
- სამხედრო მოსამსახურე;
- სასულიერო პირი;
- ამავე საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;
- ბრალდებული;
- პირი, რომელსაც ნარკოდანაშაულისთვის ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა დაკისრებული;
- ნასამართლევი.
შერჩევას ეთიშებიან ის ადამიანებიც, რომელთა პროცესში მონაწილეობაც უსამართლო იქნებოდა მათი მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების გამო. მაგალითად, ძალადობის საქმეზე ნაფიცი მსაჯული ვერ იქნება პირი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო.
თუ ნაფიც მსაჯულად გამოგიძახეს
იმ შემთხვევაში, თუ ეს საპასუხისმგებლო და საინტერესო გამოცდილება გერგო, საცხოვრებელ მისამართზე მოსამართლის მიერ მხარეებთან შეთანხმებული კითხვარი გეგზავნება, შენ კი ვალდებული ხარ, უპასუხო მას და დააბრუნო მითითებულ ვადაში.
ეს პროცესი არ გათავისუფლებს სასამართლოში გამოცხადებისგან, მხოლოდ დამატებითი საშუალებაა პოტენციური მსაჯულების უკეთ გასაცნობად. თანაც, ცნობილია, რომ ადამიანები წერილობითი პასუხების გაცემისას უფრო გულწრფელები არიან, ვიდრე ღია სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას.
რა წერია კითხვარში
აქ აუცილებლად ნახავ სტანდარტულ კითხვებს ვინაობის შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა. ასევე, ხომ არ იცნობ პროკურორს, ბრალდებულს ან პროცესის მონაწილე სხვა პირებს, როგორი დამოკიდებულება გაქვს საამართალდამცავი სტრუქტურებისადმი, იცი თუ არ კონკრეტული საქმის დეტალები მედიიდან, გაგიჭირდებოდა თუ არა, დანაშაულის ფოტოები ან გრაფიკული მასალა რომ გენახა და ა.შ.
აქვეა კითხვებიც, რომლებიც ამ კონტექსტში არც ისე სტანდარტულად გამოიყურება: რა არის შენი ჰობი, რომელია უპირველესი საინფორმაციო წყარო, რომელ ჟურნალ-გაზეთებს კითხულობ რეგულარულად, როგორ ფილმებს უყურებ და სხვა.
გარდა ამისა, კითხვარში მხარეები აზუსტებენ ისეთ დეტალებს, რომლებზეც, შესაძლოა, კანდიდატებს საუბარი საჯაროდ არ სურდეთ. მაგალითად, ხომ არ ყოფილა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. აქვე მითითებულია, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები — ერთადერთი მოთხოვნა გულწრფელობაა.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კითხვა პირადული იქნება, ეს შესაბამის გრაფაში ინიშნება, მოსამართლე, ადვოკატი და პროკურორი კი კანდიდატს დანარჩენი ნაფიცი მსჯულებისგან დაუსწრებლად გაესაუბრებიან.
შეიძლება თუ არა ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა
კი, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის უარს, თუ:
- უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყავი ნაფიცი მსაჯული;
- ასრულებ ისეთ სამუშაოს, რომელშიც შენი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;
- ხელს გიშლის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- ხანგრძლივად იმყოფები ან მიემგზავრები საქართველოს ფარგლებს გარეთ;
- ხარ 70 წელს გადაცილებული.
ამ საფუძვლების არსებობა ნაფიც მსაჯულთა სხდომაზე ირკვევა, სადაც კანდიდატების აცილება წყდება და მსაჯულთა საბოლოო სია დგება.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა
ნაფიც მსაჯულობის კანდიდატების სიიდან სხდომაზე 12-კაციანი შემადგენლობა უნდა შეირჩეს.
სწორედ აქ მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილებაზე და გააჟღეროს გარემოება, რაც ხელს უშლის, გახდეს ნაფიცი მსაჯული. თუმცა, მანამდე მოსამართლე შეკრებილებს უფლება-მოვალეობებს განუმარტავს, მხარეები კი კანდიდატებისთვის სასურველი კითხვების დასმას იწყებენ.
- თავდაპირველად კითხვებს — ბრალდების, შემდეგ კი დაცვის მხარე სვამს.
- ორივე მათგანი ცდილობს, შეკრებილებს ინფორმაცია მათთვის სასარგებლო ინტერპრეტაციით მიაწოდოს, ხოლო მოსამართლის მიზანია, მსაჯულობის კანდიდატები არ მოტყუვდნენ.
კითხვები, რომლებიც შერჩევის სხდომაზე ისმება, არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პერსონალურ ინფორმაციას, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უფლება აქვთ, მოსამართლეს ნაფიცი მსაჯულობის რამდენიმე კანდიდატის აცილება სთხოვონ, თუკი მათი ობიექტურობა და მიუკერძოებლობა აეჭვებთ. მოთხოვნის დაკმაყოფილება მოსამართლეზეა დამოკიდებული.
დასაბუთებული აცილების გარდა, პროკურორსა და ადვოკატს უფლება აქვთ, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი აიცილონ კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშეც. ამას დაუსაბუთებელი აცილება ეწოდება. მისი გამოყენების წესსა და რაოდენობას, ასევე, კანონი განსაზღვრავს.
აცილების შემდეგ დარჩენილ თორმეტ კანდიდატს სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულად ნიშნავს, ხოლო ორი ადამიანი საქმის განხილვაში ერთვება, როგორც სათადარიგო მსაჯული — იმ შემთხვევისთვის, თუ მათ რომელიმეს ჩანაცვლება მოუწევთ.
როგორ მიიღება ვერდიქტი
ნაფიც მსაჯულთა საბოლოო გადაწყვეტილებას ვერდიქტი ეწოდება. ის შეიძლება, იყოს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი.
საქმეზე სათათბირო ოთახში მსჯელობენ და აქვე იღებენ გადაწყვეტილებას. ჯერ კენჭი ეყრება გამამართლებელ ვერდიქტს ყველა წარდგენილ ბრალდებაზე, ხოლო თუ გადაწყვეტილება ვერ მიიღება — გამატყუნებელ განაჩენს, ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით.
თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით მოსაზრებას. მსაჯულს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, დასკვნა მომდევნო 8 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით:
- თუ სასამართლო არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება — 8 ხმით;
- თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 10 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება — 7 ხმით;
- თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 9 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება — 6 ხმით;
- თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 8 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება — 5 ხმით;
- თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება — 4 ხმით.
ანაზღაურებადია თუ არა ნაფიცი მსაჯულის საქმე
არა, ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება არ ანაზღაურდება, თუმცა მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ამ საქმის შესრულებასთან. ასევე, დასაქმებულ პირს მსაჯულობის განმავლობაში უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და კუთვნილი ხელფასი.
დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს.
ისჯება თუ არა ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შეუსრულებლობა
იმ შემთხვევაში, თუ მსაჯულობის კანდიდატი სასამართლოში მითითებულ დროს არ გამოცხადდება, 500-დან 1 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება.
- არსებით სასამართლო განხილვაზე ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობაზე კი ჯარიმა 1 000-დან 1 500 ლარამდეა.
იგივე ოდენობის გადასახადია დაწესებული მსაჯულის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა ისჯება ორ წლამდე პატიმრობით, ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოსთვის მსაჯულობასთან შეუთავსებლობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარდგენა კი — ჯარიმით ან, ასევე, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
გვინდა თუ არა ასეთი სასამართლო
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკანასკნელი კვლევით, რომელმაც ინსტიტუციების რეიტინგი გაზომა, მოსახლეობის 46%-ს სასამართლო სისტემისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამ პირობებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საზოგადოების ნაწილისთვის სამართლიანი მართლმსაჯულების იმედად რჩება. ამ ინსტიტუტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ იგი სახელმწიფო ძალაუფლებისგან ინდივიდის დაცვის ყველაზე მყარი გარანტიაა.
იურისტების აზრით, ისეთი სასამართლოს შესაქმნელად, რომელსაც საზოგადოება ენდობა, მართლმსაჯულება გარკვეულწილად ხალხს უნდა გადაეცეს, თუმცა ამ მოსაზრებას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც მსაჯულთა არაპროფესიონალიზმზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სიძვირესა და რისკებზე მიუთითებენ.
იურისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მთავარი უპირატესობაა. ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის პოპულარიზება, რათა ადამიანები მსაჯულობას ვალდებულებად არ აღიქვამდნენ.
იურისტი ფიქრობს, რომ რიგ საქმეებზე ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება უკვე დამდგარი განაჩენებისგან განსხვავებული იქნებოდა.
“პოლიტპატიმრების საქმეებზე ნაფიცი მსაჯულები რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა, გადაწყვეტილება ყოფილიყო სხვანაირი და ესეც არის გასათვალისწინებელი”, — გვეუბნება ჯანეზაშვილი.
გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ამ ინსტიტუტის მთავარ უარყოფით მხარედ, როგორც წესი, მსაჯულების არაკვალიფიციურობა სახელდება, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს მტკიცება ქართულ რეალობაში არარელევანტურია.
“ეს არგუმენტი მოქმედებს და იმოქმედებს იმ ქვეყანაში, სადაც მოსამართლე დამოუკიდებელიც არის და იმავდროულად, კვალიფიციურიც. არის მურუსიძე კვალიფიციური და მისაღები მოსამართლე? ცხადია, არაა. საზოგადოებას ეს არ მოსწონს და გამოსავალი არის არა იმაში, რომ მურუსიძე დავარწმუნოთ, კარგი მოსამართლე გახდეს, არამედ იმაში, რომ საზოგადოებას მიეცეს ჩართულობის შესაძლებლობა მართლმსაჯულების სისტემაში”, — გვიხსნის მშვენიერაძე.
მისივე თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ხელს უწყობს იმ კუთხითაც, რომ მოსამართლე კონკურენციაში შედის ნაფიც მსაჯულებთან.
რას ჰყვებიან ნაფიცი მსაჯულები
ყოფილი ნაფიცი მსაჯულების იდენტიფიცირების ასარიდებლად ყველა რესპოდენტენის სახელი შეცვლილია.
პოტენციური ნაფიცი მსაჯულების სიაში თათია რამდენიმე წლის წინ მოხვდა. მომავალი მსაჯულისთვის ყველაზე რთული პასუხისმგებლობის წნეხი აღმოჩნდა. ბოლომდე ეს მაშინ გაიაზრა, როცა დარბაზში ახალგაზრდა ბრალდებულები შემოიყვანეს. იხსენებს, რომ შერჩევის სხდომაზე კანდიდატების აქტიურობა მაშინვე შეწყდა.
“ზოგიერთმა ადამიანმა პირდაპირ განაცხადა, მახსოვს ეს ფრაზა — ბიჭებს ციხეში ვერ გავუშვებო. მე ჩემს თავს ვუთხარი, ახლა შეხედავ ამ ადამიანებს და თუ ვერ უძლებ და გაცნობიერებულად არ ხარ მზად, რომ შენი გადაწყვეტილებით მრავალი წლით ციხეში ჩასხდნენ, თუ სინდისი გეუბნება, რომ არასწორია, არ მოკიდებ ხელს”, — გვიყვება თათია.
თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვიტა, რადგან მოვლენები ასე დალაგდა, საჭირო იყო, ნაფიცი მსაჯული თავად გამხდარიყო: “ასეთი ფიქრები მქონდა, თუ ვიღაცამ უნდა განიხილოს ეს საქმე, მე ჩემი თავის იმედი მაქვს და ჯობია, ეს მე გავაკეთო. თუ ეს არჩევანი მე დამიდგა და არა ვიღაცას, უკეთესია, მე ვიყო ნაფიცი მსაჯული”.
ამბობს, რომ საქმის განხილვის პირველ ეტაპზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, რომელიც მხარეების მოსმენის შემდეგ ნელ-ნელა იცვლებოდა და ყველაფერი ინტელექტუალურ სავარჯიშოს ემსგავსებოდა, სადაც უნდა შეაფასო ემთხვევა თუ არა ადვოკატისა და მოწმის მონათხრობი, იტყუება თუ არა ბრალდებული, საკმარისია თუ არა მტკიცებულებები და ა.შ. თათია და 11 მსაჯული საქმეს ერთი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღეს. ბრალდებულები გაამართლეს.
ფიქრობს, რომ, ზოგადად, ნაფიცი მსაჯულები შედარებით უფრო ემოციურები და ლმობიერები არიან, ვიდრე მოსამართლე. მისი აზრით, ზოგჯერ კანონით დაკისრებული სასჯელი დანაშაულის საპირწონე არ არის, რის გამოც გირჩევნია, ბრალდებული გაამართლო.
“თუ შენ გინდა, რომ ერთი წლით გაუშვა და არა ათით, ვერაფერს ვერ აკეთებ, იქ შენ ვერ ერევი და გირჩევნია, რომ გაამართლო, რადგან ათით გასაშვები არ არის. მე, როგორც ნაფიც მსაჯულს, მქონდა დილემა სინდისთან, რომ ადამიანი უბრალოდ არ დავსაჯო და მადლობელი ვარ, რომ არ იყო იმდენი მტკიცებულება, ეს გამეკეთებინა”.
ნაფიც მსაჯულად რამდენიმე წლის წინ გამოიძახეს თამუნაც. სასამართლო იხილავდა საქმეს, რომელსაც სამი ბრალდებული ჰყავდა. პირველ ეტაპზე, ჩვეულებრივ, კითხვარი შეავსო, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, მსუბუქად აცნობდნენ საქმის გარემოებებს და ეკითხებოდნენ, ხომ არ იცნობდა პროცესის მონაწილე მხარეებს. ამის შემდეგ შერჩევის ეტაპზე დაიბარეს. ზოგად კითხვებს სვამდნენ, რითაც ჩვენს მოქალაქეობრივი პოზიციას არკვევდნენ, დანაშაულის მომსწრე თუ გახდი, დარეკავ თუ არა პოლიციაში, სამსახურში თუ გავლენის მოხდენას შეეცდებიან, როგორ მოიქცევი და ა.შ. იხსენებს თამუნა ამბობს, რომ ადამიანები მსაჯულობის აცილების მიზეზად, ძირითადად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდნენ, სხვები კი სპეციალურად სცემდნენ “არასწორ” პასუხებს.
“ვიღაცები შეიძლება, საერთოდ არ ფიქრობდნენ ისე, როგორც პასუხობდნენ, მაგრამ თავის არიდება უნდოდათ. იყო შემთხვევა, როცა ვიღაც უკვე იყო ნაფიცი მსაჯული და პროცესს ამ მიზეზით გამოეთიშა”, — ამბობს ის. გვიყვება, რომ თავიდან ყოყმანობდა და ამ პასუხისმგებლობის აღება არც მას სურდა, თუმცა პირველი პროცესის შემდეგ მოვლენები საინტერესო გახდა. თამუნას შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დიდხანს არ უმსჯელია. გამამრთლებელ განაჩენზე ერთხმად შეთანხმდნენ. ფიქრობს, რომ ბრალდებამ ბოლომდე ვერ დაადასტურა, რასაც დაკავებულებს ედავებოდნენ, ამიტომაც ნაფიცებმა მიიჩნიეს, რომ წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო საკმარისი სასჯელი იყო. “მსაჯულებს რომ არ განგვეხილა ეს კონკრეტული ქეისი, არ ვფიქრობ, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. სამართლებრივად თუ მივყვებით, შეიძლება, რაღაც მომენტებში მუხლის დეფინიციაში უფრო ჯდება [გამტყუნება], მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ 9 თვე პროპორციული იყო იმ დანაშაულისა, რაც ჩაიდინეს”, — გვეუბნება ის.
ნაფიცი მსაჯულები ფიქრობენ, რომ ამ საქმის შესრულება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სამართლიანობის განცდა, ლოგიკური აზროვნების უნარი და იცის, როგორ დაიცვას საკუთარი აზრი.
ფოტო: ილუსტრაცია: ნატალია ავალიანი / On.ge
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.