ჟურნალისტური გამოძიება – 60 მილიონი, 6 წელი და ისევ უწყლოდ მყოფი გარდაბნის 5 სოფელი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის, 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, პროექტების განხორციელება ექვსი წლის წინ დაიწყო. საუბარია სოფლებზე: ნორიო, მარტყოფი, ვაზიანი, ახალი სამგორი, ახალსოფელი.
როგორც წლების განმავლობაში, ასევე ახლაც ამ სოფლებში სასმელ წყალს მეტ-წილად ყიდულობენ, ან სხვა დასახლებებიდან მოაქვთ. მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ვარგისს წყალი კი ხშირ შემთხვევაში, არასტაბილური განრიგით მიეწოდებათ.
QvemoQartli.ge ხუთივე სოფელს ესტუმრა, ნახა წყლის სისტემის მოწყობის პროექტის მიმდინარეობა, ადგილობრივების მდგომარეობა და გაეცნო საკითხის გარშემო არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს.
ვიწყებთ თავიდან, ანუ 2016 წლიდან.
აღნიშნული წყალმომარაგების პროექტი, 2016 წელს, სახელმწიფომ გარდაბნის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა. რომლის საფუძველზე 2017 წლის 31 მაისს, მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-სთან დადო. მიზანი წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულება იყო. ამ სამუშაოების საერთო ღირებულება 8 მლნ ლარი გახლდათ.
სამუშაოები 2017 წლის 29 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა რამდენჯერმე გადაიწია.
საკითხზე ინფორმაციას, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ: 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
„სამუშაოები შეასრულა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქვეკონტრაქტორმა − შპს „კომფორტმშენ XXI“-მ. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობის პროცესში შემსრულებელი კომპანიის მიერ გამოვლინდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები, ასევე, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის მიწოდებას.
აღნიშნული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა და გადავადდა სამჯერ − 2018 წლის 31 მაისამდე, თუმცა ამ ვადაშიც ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება. ამ ეტაპისთვის შესრულებული იყო 4,608.3 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო, რაც ანაზღაურებულ იქნა მერიის მიერ.
საბოლოოდ, მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა 2018 წლის პირველ ივნისს შეწყვიტა ხელშეკრულება იმ გარემოებით, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც დაადასტურა საზედამხედველო საექსპერტო კომპანიამ − შპს „ოპტიმალ გრუპ+“-მა. საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების შემდგომ, სამუშაოების გასაგრძელებლად, 2019 წლის 8 თებერვალს მუნიციპალიტეტმა ახალი ხელშეკრულება გაუფორმა გამარტივებული შესყიდვის გზით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, ღირებულებით− 3,374.6 ათასი ლარი. ამ ეტაპზეც სამუშაოებს ასრულებდა ქვეკონტრაქტორი შპს „კომფორტმშენ XXI“. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 8 დეკემბერი. 2019 წლის 6 დეკემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 30 ივნისამდე. წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ამ პერიოდშიც ვერ უზრუნველყო ელექტროენერგიის მიწოდება. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების გაგრძელება გადაწყვეტილი იყო იმავე კომპანიის მიერ, შემსრულებელს საკმარისი ვადა ჰქონდა წინასწარ მოეგვარებინა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები. საბოლოოდ, მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა 2020 წლის 30 ივნისს. 2020 წლის 23 ივლისს მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 3,324.3 ათასი ლარის სამუშაო. აღსანიშნავია, რომ ამით დასრულდა წყალმომარაგების სამუშაოების პირველი ეტაპი.“
ასევე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად:
„მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების სამუშაოები გრძელდებოდა 2 წლისა და 6 თვის განმავლობაში და დაიხარჯა 7,932.6 ათასი ლარი, მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების საკითხი კვლავ მოუგვარებელია. ამდენად, მუნიციპალიტეტს მიმწოდებლისათვის არ უნდა გადაეწია სამუშაოების დასრულების ვადა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის უნდა დაერიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.02%. მიმწოდებლისთვის დასარიცხი საჯარიმო სანქცია, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 18 ათას ლარზე მეტს“ – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
საკითხის შესახებ, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“, თავდაპირველად ასეთი კომენტარი გაკეთდა:
„პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შეასრულა. სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში იყო. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა სათავე ნაგებობების მოწყობას. ჭაბურღილების da შესაბამისი მაღალი წნევის მილსადენების მოწყობას. იყო პირველი ეტაპი, რაც თავის მხრივ, ნიშნავს რომ ეს იყო შემადგენელი კომპონენტი მთლიანი პროექტის, რომლის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს 24 საათიანი წყალმომარაგება მოსახლეობისთვის. ამ პირველი ფაზის დასრულების შემდგომ არ მოიაზრებოდა უწყვეტი წყალმომარაგება. აღნიშნული ფაზების დასრულების შემდეგ იქნება მოსახლეობა უზრუნველყოფილი.
ახალი სამგორი არის გაერთიანებული წყალმომარაგების ოპერირების არეალი, სადაც გრაფიკით მივაწვდით წყალს მოსახლეობას. პროექტს ახორციელებს მუნიციპალური ფონდი, მათ შორის გამრიცხველიანების ნაწილს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ 24 საათიანი წყალმომარაგება იყოს.
დანარჩენ იმ სოფლებში რომელიც თქვენ ახსენეთ, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ არ არის ჩართული. იგეგმება სამუშაოები, ჯერ არ ვართ ჩართული სამშენებლო ეტაპზე, არც შერჩევის ეტაპზე ვართ, რომ დასრულდება სამშენებლო სამუშაოები შემდგომ შეიძლება საექსპლუატაციო გადმოგვცენ ჩვენ და მოვახდენთ მის ექსპლუატაციას“, – აკაკი მშვიდობაძე, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგები“-ს დირექტორის მოადგილე.
ამ კომენტარის გაკეთების შემდეგ, რამდენიმე წუთში „გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიიდან“ დაგვიკავშირდნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებდნენ და გადაგვამისამართეს „მუნიციპალური განვითარების ფონდთან.“
რაც შეეხება წყალმომარაგების შემდეგ ფაზებს, აქ უკვე საქმეში ნამდვილად მუნიციპალური განვითარების ფონდი ერთვება.
გარდაბნის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტისთვის, ხელშეკრულება უკვე მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კომპანია „ინსი“-ს შორის იდება – 2022 წლის 18 მარტს, 18 თვის ვადით დაიდო.
ეს ვადა უკვე ამოწურულია.
საკითხზე ორი ოფიციალური წერილი გავაგზავნეთ, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდში. კითხვები მივწერეთ, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
აქედან მხოლოდ სამინისტრომ და ისიც მხოლოდ ერთ წერილზე გვიპასუხა. უწყება აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროექტის დასრულების შემდეგ მისი საერთო ღირებულება 60 მილიონ 775 ათას ლარამდე იქნება, რაც მის თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია.
“პირველი ფაზის სამუშაოები განხორციელდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 1490 მეტრი ჭაბურღილის შემკრები კოლექტორი, 5 ერთეული წყალშემკრები არხი, 5 ერთეული მდინარისგან დამცავი გაბიონი, 1 ერთეული 500 მ3-იანი შემკრები რეზერვუარი, სატუმბო სადგური, 7 414 მეტრი მაგისტრალური წყალსადენი, 15 ერთეული ჭაბურღილი. აღნიშნული პროექტის ღირებულებამ შეადგინა 7 714 741 ლარი.
ამასთან, მეორე და მესამე ფაზის სამუშაოებს ახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. მეორე ფაზის სამუშაოები დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენებისა და სამარაგე რეზერვუარების მოწყობა. აღნიშნული პროექტის ღირებულებამ შეადგინა 15 472 837 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მესამე ფაზის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაა 37 588 152.81 ლარი. პროექტის მესამე ფაზა ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ სოფლებში შიდა წყალსადენის ქსელისა და დამატებით სამარაგო რეზერვუარების მოწყობას. მესამე ფაზის ფარგლებში სოფლების დაქსელვა დასრულდება ეტაპობრივად 2024 წლის ბოლოს” – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ წერილში.
არც სამინისტრო და არც “მუნიციპალური განვითარების ფონდი” არ პასუხობს, ამ დროისთვის, მთავარ კითხვებს:
(1) რატომ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებში, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ინსმა? რა ზომები გატარდა კომპანიის მიმართ?როდის დასრულდება სამუშაოები, რომელზეც აღნიშნული კომპანია არის პასუხისმგებელი?
(2) ზემოთ ხსენებული ხუთი სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, არსებული მიმდინარე პროექტების გარდა, გაჩნდა თუ არა დამატებით ახალი პროექტის შემუშავების და განხორციელების საჭიროება? თუ კი, გთხოვთ განმარტოთ, რამ განაპირობა ამ საჭიროების ახლა აღმოჩენა? რატომ ვერ მოხდა თავდაპირველად მისი გათვალისწინება?
QvemoQartli.ge-იმ კითხვებით მსოფლიო ბანკსაც მიმართა. ორგანიზაციიდან გვწერენ, რომ მათ გარკვეული დრო სჭირდებათ ჩვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.
ოფიციალური უწყებებისგან განსხვავებით, ადვილად ვახერხებთ კომუნიკაციას, სამუშაოების შემსრულებელ კომპანია შპს „ინსთან.“
კომპანია „ინსი“-ს პროექტების მენეჯერი ზაზა სიხარულიძე, ჩვენთან სატელეფონო კომენტარში აღნიშნავს, რომ მათ ვადები არ დაურღვევიათ და რომ შეჩერებულია კონტრაქტის დახურვის ვადა, რადგან დამკვეთთან დამატებითი სამუშაოების დასაზუსტებლად კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ჩვენ მესამე ეტაპის სამუშაოებს ვახორციელებთ რომელიც ასევე ორი ლოტისგან შედგება. დასრულების ვადა არის 2024 წლის თებერვალი–მარტო. ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს კარგი ტემპით. სამუშაოების 95% შესრულებულია. სამუშაოების ძირითადი კომპონენტები დასრულებულია. ჩვენ დავასრულებთ ოქტომბრის ბოლო ნოემბერში. შემდეგ უკვე რჩება ინსტალაციის და გაშვების სამუშაოები.
ჩვენი დამკვეთი არის მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც სამუშაოები დაუკვეთა გარდაბნის მუნიციპალიტეტმა. ახლა საუბარია იმაზე რომ გარკვეული ეკონომიების ხარჯზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოიძიოს თანხები და განახორციელოს პროექტზე დამატებითი სამუშაოები. ჯერ არ ვიცით რა სამუშაოებს დაგვიმატებენ, იმას რასაკვირველია ცალკე დრო დასჭირდება რაზეც ცალკე კონტრაქტი გაფორმდება. ჯერ დამკვეთი უნდა ჩამოყალიბდეს, მე მშენებელი კომპანია ვარ. როცა დამკვეთი გარდაბანთან შეთანხმებით, გაერთიანებულ წყალმომარაგებასთან ერთად ჩამოყალიბდებიან და მომცემენ ტექნიკურ დავალებას, რომ ეს და ეს უნდა გააკეთო, მერე განვსაზღვრავთ როდის დასრულდება დამატებითი სამუშაოების ვადები” – ზაზა სიხარულიძე, კომპანია „ინსი“-ს პროექტების მენეჯერი.
რა ტიპის სამუშაოების დამატებაა საჭირო და კიდევ რა დრო დაჭირდება ამ სამუშაოებს უცნობია. შესაბამისად, პროექტის დასრულების დრო ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ვადების და დახარჯული თანხების გარდა, ყურადღებას სხვა ასპექტზეც ვამახვილებთ. რამდენად რეალისტურია წყლის იმ ოდენობის მოძიება და მიწოდება ხუთი სოფლისთვის, რომ ერთი ეყოს ხუთივე სოფელს და მეორე, რეალურად შესრულდეს თავდაპირველი დაპირება, ამ წლის 24 საათიან მიწოდების თაობაზე.
ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის მიხედვით, წყლის რესურსის მთავარი წყარო მდინარე იორი იქნება, სადაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში დაიგეგმა.
ექსპერტი ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი ამბობს, რომ საირიგაციო მიზნებისათვის (ზემო და ქვემო სამგორის მაგისტრალური არხი) მდინარე იორის წყლის რესურსი უკვე საკმაოდაა ათვისებული. დამატებითმა ზეწოლამ კი შეიძლება ხეობის ისედაც მოწყვლადი ჰაბიტატები კიდევ უფრო დააზიანოს, ამიტომ მისი აზრით, კარგი იქნებოდა მომზადებულიყო შესაბამისი კვლევა და წყლის რესურსის როგორც ხარისხობრივი ისე რაოდენობრივი შეფასება.
„ამ შემთხვევაში როცა ადგილი აქვს მდინარის წყლის მრავალმიზნობრივ გამოყენებას სასმელად მისი გამოყენების შემთხვევაში აუცილებელი იქნება პრიორიტეტულობის და მიხედვით მისი გადანაწილება რათა მდინარის ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად სასმელ წყლად მისი გამოყენების უსაფრთხოებაც ეჭვქვეშ დადგება რადგანაც სწორედ ჯანსაღი გარემო უზრუნველყოფს წყლის სისუფთავეს და ხარისხობრივ სიჯანსაღეს“ – ექსპერტი ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი.
ახლა მოგიყვებით, ყოველივე ამის ფონზე რა ვითარებაა ამ სოფლებში, როგორ მიმდინარეობს პროექტის სამუშაოები, რომლის ბოლოსაც ექნება თუ არა მოსახლეობას, 24 საათიანი წყალმომარაგება, 2024 წელს, კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მარტყოფი, ნორიო, ვაზიანი, ახლი სამგორი, ახალსოფელი – ეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ის ხუთი სოფელია, სადაც მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელი წყლის ყიდვა უწევს.
მარტყოფი, ამ სოფლებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდია და იქ 7 000-ზე მოსახლე ცხოვრობს. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სოფელში ყველაზე მწვავე პრობლემა სასმელი წყლის უქონლობაა. ისინი, საკითხის მოგვარებას მრავალი წელია უშედეგოდ ელიან.
48 წლის გიული, სოფელ მარტყოფში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გვიყვება რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც სასმელი წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს, რამდენჯერმე შეჩერდა და ახლა ისევ თავიდან დაიწყო.
„ არის უბნები სადაც დამონტაჟდა წყლის მრიცხველები, მაგრამ ყველგან ჯერ არ არის. წყალი ისევ არ გვაქვს, ველოდებით. ეს არის სასწაული პროექტი, რომლის დასრულებასაც ველოდებით, მერამდენე საუკუნეა და რა პირობებში გვიწევს ცხოვრება. მარტყოფი ჯერ ისტორიული სოფელია, მერე თბილისთან ძალიან ახლოსაა და ყველას უკვირს წყალი რომ არ არის.
თავიდან, ერთი პერიოდი მუშაობდნენ და მერე გაჩერდნენ, ახლა ისევ აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და იმედია მალე დასრულდება. იძახიან რომ დეკემბერში უნდა მორჩეს, მაგრამ არ ვიცი რამდენად სიმართლეა“ – გიული, სოფელ მარტყოფის მკვიდრი.
„აქ, უკვე გააკეთეს გამრიცხველიანება. იმედია წყალი მალე იქნება. წლებია ეს პრობლემა გვაქვს, ამხელა სოფელია და წყლის პრობლემა არ უნდა იყოს. ამბობენ, რომ მალე იქნებაო, იმედია ასეც მოხდება. ჩვენ სასმელ წყალს ვყიდულობთ, რადგან ჭა რომელიც გავაკეთეთ ჩვენი ძალებით, ცუდი წყალი ამოვიდა და აზრი არ ჰქონდა მის გამოყენებას“ – აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი.
მსგავსი სიტუაციაა სოფელ ნორიოში. იქ 1 300 ოჯახზე მეტი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულებას ელოდებიან. თუმცა, რამდენჯერმე შეწყვეტილი სამუშაოების გამო, პროექტს დასასრული არ უჩანს. უკვე წლებია მოსახლეობას აქაც სასმელ წყლის ყიდვა უწევს.
„მარტო მრიცხველებია ჯერ გაკეთებული. წყალი არ გვაქვს. სამ დღეში ერთხელ მოდის წესით, მაგრამ ჩემთან არც მაშინ არ არის. წყალს სახმარად თვეში სამჯერ ვყიდულობ, ხოლო დასალევად ყოველდღე მიწევს ყიდვა. ზოგიერთ მეზობელთან მოდის გრაფიკით წყალი, მაგრამ მითუმეტეს ახლა, როდესაც ახალ გაყვანილობებს აკეთებენ სულ დაზიანდა მილები და ბინძური წყალი მოდის. ავზები გააკეთეს საიდანაც უნდა მოვიდეს წყალი. რეალურად ამ ზაფხულს დაიწყო აქტიური სამუშაოები, მანამდე რამდენიმე წლის წინაც დაიწყეს, თუმცა ფული შეიჭამა ბიუჯეტიდან-ო და არაფერი გაუკეთებიათ მაშინ. ახლა კი მუშაობენ აქტიურად“ , – ადგილობრივი ლუბა ცოფურაშვილი
„ ერთ ტონა წყალს ვყიდულობ რომელიც 15 ლარი ღირს და მხოლოდ ორი დღე მყოფნის. კეთდებაო ამბობენ მაგრამ არსად ჩანს ჯერ. იმედია იქნება წყალი“ – ნორიოს მკვიდრი
„გვპირდებიან და ვნახოთ რა იქნება. გამრიცხველიანებაც არის უკვე ზოგან. ახლა, მთიდან მოდის წყალი ძველ მილებში, მაგრამ ეს გრაფიკით გვაქვს და ისიც ყველას არ ჰყოფნის. აი ძველი ავზია აქ და იქიდან ნაწილდება სოფელში. აქვე გააკეთეს ახალი ავზებიც რომელიც ჯერჯერობით ცარიელია“ – ნორიოს მკვიდრი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანშიც ანალოგიურად წყლის პრობლემაა. სოფელს 10 ნოემბერს ვესტუმრეთ. იქ მაცხოვრებელთა რაოდენობა 3 000-მდეა.
მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავს, რომ სასმელი წყალი სოფელში არასდროს ყოფილა და წლებია თბილისიდან ეზიდებიან, ნაწილი კი ყიდულობს. რაც შეეხება ე.წ ტექნიკური დანიშნულების წყალს, ის გრაფიკით სამ ან ოთხ დღეში ერთხელ მიეწოდებათ, თუმცა ბოლო ორი თვეა ეს წყალიც არ მიუღიათ.
„წყალი არ გვაქვს. შარშან დაიწყო სამუშაოები და ახლაც მიმდინარეობს. არ ვიცით როდის იქნება. სასმელ წყალს ვყიდულობთ და ტექნიკური წყალი სამ დღეში ერთხელ გრაფიკით მოგვეწოდება“ – ვაზიანის მკვიდრი.
„წლებია წყალი არ გვინახია. სასმელსაც და ტექნიკურ წყალსაც ვყიდულობთ. ადრე ტექნიკური წყალი მაინც გვქონდა, ახლა ისიც არ მოდის აგერ უკვე ორი თვეა. ახლა აკეთებენ მაგრამ როდის რა იქნება არ ვიცი. ვნახოთ. მრიცხველებიც დააყენეს. რთულია სარეცხის დარეცხვაც კი ჭირს, უწყლოდ რა უნდა გააკეთო. წყლის გადავლება ხომ უნდათ ბავშვები სკოლაში დადიან, უნივერსიტეტში.. ახლა ჭებს აკეთებენ და იმედია იქნება“- ადგილობრივი.
„სად გვაქვს წყალი საერთოდ არ გვაქვს. აქ 11 წელია მდგმურად ვარ და წვეთი წყალი არ მინახავს. დასალევ წყალს ვყიდულობთ, ძალიან დიდი პრობლემაა ამ მხრივ. ჩაყარეს მრიცხველები და ჯერ არაფერია. ოქტომბერში იქნებაო ამბობდნენ, მაგრამ აგერ ოქტომბერია და არ ჩანს არაფერი. ყველას ხომ არ ჰყავს მანქანა რომ მოიტანოს წყალი. ადრე არხის წყალს ვხმარობდით მაგრამ ისიც ბინძურია. დატანჯულია ხალხი. აი ჩაყარეს ეს მრიცხველები და მიყარეს ისე, ხომ უნდა მიიყვანო ბოლომდე საქმე. არ ვიცი რა იქნება“ – ადგილობრივი.
ახალსოფელშიც ადგილობრივები სასმელი წყლით უზრუნველყოფას ელიან. აქ, ჩვენ 10 ოქტომბერს ჩავედით. ადგილზე მიტოვებული სამშენებლო მასალები დაგვხვდა, მათ შორის წყლის მრიცხველების შესაფუთი ყუთები და მილები. ასევე, ის ადგილი სადაც ჭების ნაწილია მოეწყო, მიტოვებულია ღია მდგომარეობაში, ამოთხრილი ორმოები კი სამანქანო გზის ნაწილზე ხვდება.
ადგილობრივები, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სოფელი 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტს უნდობლობით უყურებს.
„წყალი არ გვაქვს. საშინელი მდგომარეობაა მრავალი წელიწადია. ჩემი ბავშვობის მერე აქ დასალევი წყალი არ მოდის. ადრე წყალი საცხენისიდან მოდიოდა და ისიც მარტო ერთ უბანში. მერე ეგეც შეწყდა.
ახლა ამ მილებს ხომ ხედავთ?! ბოლო ერთი წელია რაც დაიწყო სამუშაოები და რაღაცას გვპირდებიან, მაგრამ ყველა ამბობს სოფელში რომ ეს საქმე ბოლომდე არ მივა. იმიტომ რომ წლებია დაიწყება, მერე ისევ ჩერდება.
ვინც მიიღებდა ამ პროექტს, აიღებდა ფულს და მიატოვებდა სამუშაოებს. პროექტში მარტო ახალსოფელი კი არა სხვა სოფლებიც შედის და მილიონებია გამოყოფილი როგორ ვიცი. თან, რასაც აკეთებენ საშინლად კეთდება. ჯერ გადათხრიან მერე მიატოვებენ. მოვა ტრაქტორი ამოთხრის კიდევ რაღაცას, წავა ერთი კვირა აღარ ჩანს. მუშებს არ აძლევენ ხელფასს-ო და მაგიტომ არ მოდიან ბიჭები სამუშაოდ.
უიმედო განწყობაა სოფელში. ახლა, წყალს ვეზიდებით თბილისიდან და ზოგი საცხენისიდან. აქ, რომელი მანქანაც არ უნდა გააჩერო, ყველას წყლის ბალონები უდევს.
იქნებ მოხდეს სასწაული და მართლაც როგორც ამბობენ იანვრისთვის ჩაირთოს წყალი. ამას წინად გატესტეს-ო თქვეს და გაუჟონია რაღაც ადგილებზე. გადაბმები ვერ გაკეთდა კრაგად-ო. ზოგი ამბობს ეს მასალა, მილები, არა კვებითი ღირებულების არის-ო და ვაზიანში ამოუყრიათ, არ ვიცი რამდენად სიმართლეა“ – საუბრობს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
„სასმელი წყალი არ გვაქვს. 3-4 წელია აკეთებენ მაგრამ არაფერი ჩანს. ქალაქიდან მოგვაქვს დასალევი წყალი ან ვყიდულობთ. ჩემს ქუჩაზე გაკეთების მაგივრად გააფუჭეს – მოთხარეს მიწა და ხრამები დატოვეს ვეღარც მანქანა გადის და ვერც ადამიანი“ – ადგილობრივი, ახალსოფელი.
ახალ სამგორში მოწყობილია წლის მრიცხველები. წყალი კი სოფელს, ადგილობრივების თქმით, ისევ სამ დღეში ერთხელ მიეწოდებათ.
„წყალი მხოლოდ სამ დღეში ერთხელ მოდის გრაფიკით. გვპირდებიან რომ 24 საათიანი წყალმომარაგება იქნებაო. შუადღეს 2 საათზე მოდის და საღამოს 8-მდე 9-ის ნახევრამდე გვაქვს. თუმცა, დასალევად არ არის კარგი, არ დალიოთო გაგვაფრთხილეს. ზოგი კი იყენებს მაგრამ ჩვენ არა, ისევ ვყიდულობთ დასალევ წყალს“ – ადგილობრივი.
წყლის ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მივმართეთ. სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს სოფელ ახალ სამგორში მოსახლეობის წყლით მომარაგებას. როგორც მათ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, მონიტორინგი რეგლამენტის წესით ეტაპობრივად მიმდინარეობს შემოწმება და ის სასმელი წყლის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ამასთან ერთად კომპანია გვპასუხობს:
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება რეზერვუარების და გამანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო და გამრიცხველიანების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ საგრძნობლად გაუმჯობესდება ზემოაღნიშნული სოფლის წყალმომარაგება. ამასთანავე, კომპანიას დაგეგმილი აქვს სოფელი ახალი სამგორის ამჟამინდელ სათავე ნაგებობაზე, რომელიც განთავსებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, წყლის დებიტის გაზრდის მიზნით ზედაპირული წყალაღებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. აღნიშნულ სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2023 წლის 18 აგვისტოს და ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.“
იმის გათვალისწინებით, რომ სოფლების უმრავლესობაში, სამუშაოების მიმდინარეობისას, კომპანიის მიერ უდიერ დამოკიდებულებაზე საუბრობდნენ და ჩვენც თავად ვხედავდით, გზის დაზიანებულ მონაკვეთებს, ცალკეულ სოფლებში უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას(ვიდეო. ახალსოფელი) ამ კითხვით შპს „ინსსაც მივმართეთ:
„არის შემთხვევები როდესაც მსგავსი რამე ხდება. შეიძლება იქ სხვა რამე დამატებით იგეგმება ან რაღაც ბოჭკოვანი კაბელი დაგვხვდა ან რაღაც სხვა და მოგვიწია ტრასის შეცვლა, რადგან ვერ ვახერხებდით იქ სამუშაოების გაგრძელებას. ეს პრინციპში არაფერს არ ნიშნავს, ჩვეულებრივი მოვლენაა სამუშაოების დროს“ – ზაზა სიხარულიძე, კომპანია „ინსი“-ს პროექტების მენეჯერი.
ინფორმაციის განახლება:
საკითხთან დაკავშირებით 11 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა პასუხი 18 იანვარს მოგვაწოდა. უწყება წერილით გვატყობინებს: ” აღნიშნული სამუშაოები რომელსაც ახორციელებს შპს „ინსი“, დასრულდება 2024 წელს. შესაბამისად სამუშაოები მიმდინარეა და ხელშეკრულებების ვადა არ ამოწურულა. აღნიშნული პროექტი შეთანხმებულია ყველა დაინტერესებულ მხარესთან და სამუშაოები მიმდინარეობს შეთანხმებული პროექტის შესაბამისად. სამუშაოებს ადგილზე მონიტორინგსა და ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია Eptisa Servicios de Ingenieria, S.L. თქვენი წერილის მე-6 პუნქტის პასუხად გაცნობებთ, რომ პროექტში დასაქმებული პირების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია უშუალოდ სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ კონტრაქტორ კომპანიას.”
ავტორები: ნინო ბერიძე, მანონ ბოკუჩავა
This publication was produced with the financial support of the European Union. Its contents are the sole responsibility of EU4IM’s beneficiary Kvemo Kartli Media and do not necessarily reflect the views of the European Union.
ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ს ბენეფიციარი „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.