მინიმალური ხელფასის არარსებობა და ქალების შრომა საქართველოში

ქალები საქართველოს ეკონომიკურად ნაკლებად აქტიური მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. შრომის ბაზარზე კი გენდერული სახელფასო სხვაობა, მათ, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადებს ხდით.

ქალებისთვის დამატებით სირთულეს წარმოადგენს, შრომის ისეთ ბაზარზე ყოფნა, სადაც არასათანადო სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურებაა. მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ მომსახურების სფეროში დასაქმებულები. კერძოდ, დამლაგებლის პოზიციაზე მყოფი ქალები. მათი შრომა, ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ და ემოციურ სირთულეებს უკავშირდება. შრომის ანაზღაურება არ არის საკმარისი და უმეტესად ვერ აკმაყოფილებს ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო მოთხოვნებს.

ლელა 42 წლისაა და ის ერთ-ერთ საკვებ ობიექტში დამლაგებლის პოზიციაზე მუშაობს. გვიყვება, რომ არასტაბილურობისა და დაბალი ანაზღაურების გამო, მას ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა.

„ რამდენიმე წელია დამლაგებლად ვმუშაობ. ანაზღაურება ძალიან დაბალი მაქვს, დღეში 15 ლარი, მანამდე 10 ლარი მქონდა. დილით 9:00 საათზე მივდივარ და 18:00 საათამდე ან 19:00 საათამდე იქ მიწევს ყოფნა.  ყოველდღე არ ვმუშაობ, როდესაც ბევრი საქმე აქვთ მხოლოდ მაშინ მირეკავენ და მივდივარ. არ არის სტაბილური, კვირაში 4 დღე გამომდის. არის დღეები, როცა ყოველდღიურადაც მივდივარ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ყველაზე რთული შაბათ-კვირას მუშაობაა, რადგან ამ დროს ყველა ისვენებს და შენ გიწევს მუშაობა – ბავშვების მარტო დატოვება. ამაზე არ ვიწუწუნებ, მთავარია საქმე იყოს.

ალბათ, ქალაქში რომ ვცხოვრობდე უფრო მარტივი იქნებოდა. ანაზღაურებაც შედარებით მაღალია იქ. რეგიონში სამსახურები მარტივად არ იშოვება და არც იმდენი ობიექტია, რომ არჩევანის საშუალება გვქონდეს.

ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ მდომებია რაღაცის შეძენა ჩემთვის, მაგრამ ამის უფლება არ მიმიცია თავისთვის. მართალია ჩემი მეუღლეც მუშაობს და მარტო არ მიწევს ოჯახზე ზრუნვა თუმცა, არც მისი შემოსავალია მაღალი. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ საჭმლისთვის გვყოფნის“ – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

საქართველოში ღირსეული ანაზღაურების უქონლობა ერთ-ერთი მწვავე სოციალური პრობლემაა. ოფიციალური მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარს შეადგენს, რომელიც 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ახალი  საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა და მინიმალური ხელფასის კანონით დარეგულირება, ალბათ, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

დღესდღეობით მრავალი ადამიანის შრომის ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ მათ ფიზიკურ საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. არსებული მდგომარეობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, რომლის თანახმად, ყველა დასაქმებული პირი უნდა იღებდეს ღირსეულ ანაზღაურებას მის მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ. ღირსეული ანაზღაურება გულისხმობს საკმარისი ოდენობის ანაზღაურებას დასაქმებული პირისა და მისი ოჯახის ღირსეული ცხოვრების საჭიროებების უზრუნველსაყოფად – ვკითხულობთ კვლევით პუბლიკაციაში „მინიმალური ხელფასი, როგორც ადამიანის უფლება საერთაშორისო სტანდარტები და პერსპექტივები საქართველოსთვის“

იმავე პუბლიკაციაში საუბარია, მინიმალური ხელფასის ზრდის ციკლზე და სახელმწიფოს მიდგომებზე, რომელიც ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია და ის აუცილებლად უნდა ერგებოდეს, მის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებულ მდგომარეობას.

„ევროპის ქვეყნების გამოცდილებები აჩვენებს, რომ მანამ, სანამ მინიმალური ხელფასი მიაღწევს ევროპის სოციალური ქარტიით გათვალისწინებულ ღირსეული ცხოვრების სტანდარტის დამაკმაყოფილებელ ნიშნულს, იგი გადის ეტაპობრივი ზრდის საფეხურებს. ეს პროცესი მოიცავს წინასწარ გააზრებულ და გონივრულ ნაბიჯებს. მინიმალურმა ხელფასმა უნდა მოიმატოს ზომიერი ოდენობით და გონივრული ინტერვალებით და არა ერთბაშად და რადიკალურად, რათა ფეხი აუწყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის განვითარების ტემპებს. ამ პროცესში არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააცნობიეროს, რომ სოციალურ-ეკონომიკური უფლების სრული რეალიზაცია არ არის უტოპია და მისი მიღწევა შესაძლებელია თანდათანობითი ნაბიჯების მეშვეობით, მისთვის ხელმისაწვდომი ყველა სათანადო რესურსის ადეკვატური გამოყენების გზით“ – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

ავტორი: ნინო ბერიძე

სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.