მარნეულსა და ბოლნისში დეზინფორმაციასთან გამკლავებას სწავლობენ

ქვემო ქართლი გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები People In Need-ის საქართველოს მისიის პროექტმა მოიცვა. მისი ერთ-ერთი მიმართულება მედიაწიგნიერების კუთხით საზოგადოების გაძლიერებაა. პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც ხორციელდება. ამ მასალაში კი მოგიყვებით მასში ჩვენი რეგიონის მონაწილეობაზე.

პროექტი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს იმ დიდ პრობლემასთან გამკლავებაში, რომელსაც ყალბ ამბებთან, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ბრძოლა ეწოდება. არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არის ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონის გამო აქ, მოსახლეობის ნაწილს ინფორმაციის მიღება სხვა ქვეყნების საინფორმაციო წყაროებიდან უწევს. ფეხი კარგად აქვს მოკიდებული ანტიდასავლურ პროპაგანდასაც. „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის თანახმად, რომელსაც ჰქვია: „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“  – ვკითხულობთ შემდეგს:

„ ქართული მედია საშუალებებიდან ინფორმაციის მიღების შემაფერხებელ ფაქტორებად ნაწილობრივ – ენობრივი ბარიერი, ნაწილობრივ ხელმისაწვდომობის პრობლემა დასახელდა; რუსული მედიის მიმზიდველობის განმაპირობებელ ფაქტორად კი – გადმოცემის უკეთესი უნარი, რაც მიწოდებული შინაარსის სიყალბეს ნაკლებად პრობლემატურს ხდიდა.“

ეს არის ის რაც მხოლოდ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეხება, თუმცა მოგეხსენებათ, რომ არა ერთი სხვა სულისკვეთების საინფორმაციო მანიპულაცია არსებობს. მათი ამოცნობა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა კი მედიაწიგნიერების დაუფლებით ხდება.

People In Need-ის დახმარებით თავიანთ მუნიციპალიტეტებში ამ პრობლემასთან გამკლავება ახალგაზრდებმა სცადეს. ერთ-ერთი მათგანი, 25 წლის მაგერამ  გეიუშლია. მან თავის გუნდთან ერთად ჯერ PIN-ის ტრენინგების ინტენსიური კურსი გაიარა, შემდეგ კი თავის გუნდთან ერთად დაწერა პროექტი, რომლის მიზანიც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა იყო.

მაგერამი ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად, მათ ტრენინგები ჩაატარეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. PIN-ის დოკუმენტური ფილმების ჩვენებით და დისკუსიების ფორმატით, შეხვედრები გამართეს, როგორც მაღალი კლასის მოსწავლეებთან ასევე, სტუდენტებთან და თემით დაინტერესებულ, ადგილობრივ ახალგაზრდებთან.

„ ამ შეხვედრებით მივხდი, რომ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია არც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არც იმ საფრთხეებზე რასაც დეზინფორმაცია ქმნის. ზოგჯერ ისეთი მარტივი საკითხიც კი, რომელიც ეხება იმის თუ რას ტიპის არჩევნები ტარდება, არ არის მათი ნაწილისთვის, ცნობილია. პროექტმა მაჩვენა, რომ ამ კუთხით კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და პრობლემა მწვავეა“,- საუბრობს მაგერამ გეიუშლი.

მაგერამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ბევრი თანატოლისგან განსხვავებით ფლობს ქართულ ენას და ეცნობა ქართულ საინფორმაციო წყაროებს. ამბობს, რომ ასეთი შესაძლებლობა ბევრს არ აქვს, განსაკუთრებით კი ძველი თაობის წარმომადგენლებს – მათ ნაკლებად იციან ქართული და შესაბამისად, მეზობელი ქვეყნების ტელევიზიებს უყურებენ, სადაც დეზინფორმაციაც მეტია.

(ფოტოზე: მედიაწიგნიერების ტრენინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში)

მსგავს მიზანს ისახავდა, ოღონდ უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტში ზაქირ აივაზლის და მისი ჯგუფის, მედიაწიგნიერების პროექტიც. ზაქირი, რომელიც შესაშური ქართულით საუბრობს 22 წლისაა. გახლავთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. იგი ასევე ხელმძღვანელობს სოფელ აღმამედლოს სათემო ცენტრს.

გვიყვება, რომ პროექტის მომზადებამდე თავად, PIN-ის ტრენინგებში ჩაერთო, რადგან სურდა მეტი გაეგო მედიაწიგნიერების შესახებ. ტრენინგების კურსის შემდეგ კი მას ორგანიზაციამ ჯგუფის შექმნის და პროექტის წარდგენის შესაძლებლობა მისცა. ზაქირის გუნდის პროექტმა, რომლის მიზანიც ასევე დეზინფორმაციასთან გამკლავება იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაიმარჯვა. მან შემოდგომის დასაწყისიდან დღემდე, ხუთი შეხვედრის ჩატარება შეძლო, 35-წლამდე ახალგაზრდებთან. პრეზენტაციების და დისკუსიების დახმარებით მედიაწიგნიერებაზე ტრენინგები ჩაუტარა მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების ახალგაზრდეს: აღმამედლო, თაქალო და კაჩაგანი.

„ ეს აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, რადგან ჩვენს რეგიონში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, სხვადასხვა მითები და ანტიდასავლური პროპაგანდა. ასევე ახშირად აქვს ადგილი მითების გავრცელებას ვაქცინაციის წინააღმდეგი. ჩვენი პროექტი პრეზენტაციების და მომხსენებლების დახმარებით, შეეხო ყველა ძირითად პრობლემურ საკითხს“, – საუბრობს ზაქირ აივაზლი. გვიყვება, რომ მათი აქტივობების შედეგად მონაწილეებმა გაიაზრეს, თუ რამდენად დიდია დეზინფორმაციასთან დაკავშირებული  პრობლემა. ამბობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის კუთხით არსებული პრობლემა, სულ უფრო ნაკლებ საინფორმაციო არჩევანს უტოვებს მოსახლეობას.

ზაქირის გუნდმა, პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს დეზინფორმაციის ამოცნობის გზები შესწავლა. მათ შორის ფოტო,  ვიდეო მანიპულაციის და კონტენტის ნამდვილობის გარკვევა. ახალგაზრდებს ასევე გადასცეს ფოტო-ვიდეო გადაღების საბაზისო ცოდნა.

პანდემიიდან გამომდინარე, მათი პროექტის, ორი ტრენინგი ონლაინ ფორმატით გაიმართა.

(ფოტოზე: მედიაწიგნიერების ტრენინგი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში)

აქვე გეტყვით, რომ  უკვე არა ერთი განვითარებული ქვეყანა, სასკოლო სახელმძღვანელოებით აქტიურად განიხილავს და ასწავლის მოზარდებს მედიაწიგნიერებას. თანამედროვე სამყაროს, სრულად აქვს გააზრებული, საკითხის მნიშვნელობა ციფრულ რეალობაში. საქართველოში კი ამ კუთხით  მეტ-წილად საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო აქტორები მუშაობენ.  მუდმივად ამახვილებენ ყურადღება იმაზე, რომ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებს, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ პრობლემურია – შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილი  რუსეთის, თურქეთი დ აზერბაიჯანის საინფორმაციო წყაროებზეა დამოკიდებული.

მასალა მომზადდა People In Need საქართველოს მისიის პროექტის ” საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ TRANSITION-ის პროგრამის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში.