მარნეულის და გარდაბნის მერიებს QvemoQartli.ge-მ სასამართლოში უჩივლა
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია მარნეულის და გარდაბნის მერიებისგან. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს საჯარო უწყებებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურების, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გასაჯაროებას.
მარნეულის და გარდაბნის თვითმმართველობებში, უარს აცხადებენ შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად მომზადებული ანგარიშების გასაჯაროებაზე. შესაბამისად, QvemoQartli.ge-მ საკითხზე სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ორგანიზაცია ცდილობს, სასამართლოს დახმარებით მიიღოს საჯარო ინფორმაცია, მარნეულის და გარდაბნის მერიების შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით.
QvemoQartli.ge მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებით წარმოებულ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია.
ქვემო ქართლის მედიის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქვემო ქართლის ოფისი იცავს.
შეგახსენებთ, რომ შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროების მოთხოვნით ორგანიზაცია სასამართლო დავას აწარმოებს რუსთავის მერიის წინააღმდეგაც.
QvemoQartli.ge