„ დემე, ცალკეა და კლასი ცალკე”, – რუსთავში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე აღნიშნეს
დღეს რუსთავში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა “პარტნიორობა თანასწორობისთვის” ღონისძიება გამართა. ისაუბრეს, როგორც ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, ასევე მხარდაჭერაზე, რომელსაც ეს ადამიანები საჭიროებენ სახელმწიფოსგან. ღონისძიების სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეუერთდა მაკდონალდსი.
ნინო ნანუაშვილი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ამბობს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვან დაბრკოლებებს მოუხსნიდა აუტიზმის მქონე ადამიანებს.
„ ცხადია, მხოლოდ ცნობიერების ამაღლება არ არის საკმარისი. შესაბამისი, სერვისებია საჭირო, რაც ხელს უწყობს სათანადო უნარების განვითარებას. არსებული სტანდარტებიდან მხოლოდ თერაპიები ხორციელდება, 18-წლამდე. საჭიროა 18-ს ზევით სერვისების შექმნა.
საჭიროა საკმარისი რაოდენობის ალტერნატიული სერვისები. მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა რგოლში, შესაბამისი სპეციალისტის ყოლა.
დიახ, რუსთავის შემთხვევაში ფინანსდება 17 თერაპიული სესია, როდესაც სტანდარტით 20-30-მდე არის. ჩვენ საკრებულოს დახმარებით ვმუშაობთ ამ საკითხზე“- ნინო ნანუაშვილი, “პარტნიორობა თანასწორობისთვის.”
თერაპიული სესიის დაფინანსების მნიშვნელობაზე საუბრობენ მშობლებიც. ასევე იმაზეც, რომ საზოგადოება მხარდაჭერის ნაცვლად, ხშირად, დამატებით ტრავმას აყენებს მათ შვილებს.
„ ძალიან დაგვეხმარება სესიების რაოდენობის გაზრდაც და საზოგადოების მეტი ჩართულობაც. მე სკოლაში დამყავს ბავშვი და კლასელებთან ვერ ხდება ინტეგრაცია. პედაგოგი ვერ მუშაობს ისე, რომ აუხსნას სხვა ბავშვებს რა ხდება დემესთან, როგორ სჭირდება ბავშვების თანადგომა და მეგობრობა. ხშირ შემთხვევაში ის ცალკეა და კლასი ცალკე. რაღაც დოზით კი არის შეხების წერტილები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – თამარ ხიდაშელი, მშობელი.
ჯერ მხოლოდ საბავშვო ბაღში ჰყავს შვილი, ნინო ნათობაიძეს. ამბობს, რომ მათი პედაგოგი ყოფილი ფსიქოლოგია და ამიტომ ბავშვს არ გაუჭირდა ბაღთან და ახალ მეგობრებთან შეჩვევა.
„ თერაპიული სესიების გარეშე არაფერი გამოვა. ორი წელია დამყავს და იმხელა შედეგები აქვს, რომელსაც მე მარტო ვერაფრით მივაღწევდი. ამიტომ დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბავშვები ჩვენი მომავალია, ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?! ჯერ სკოლაში, შემდეგ ინსტიტუტში და შემდეგ სამსახურებში უნდა წავიდნენ. ყოველივე ამისთვის, მათ სხვებზე გაცილებით მეტი ბრძოლა უწევთ“, – ნინო ნათობაიძე, მშობელი.
რუსთავში გამართულ ღონისძიებას ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, შშმ პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისი.
„ მე როგორც პრეზიდენტის მრჩეველი, შშმ პირთა საკითხებში ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში, მუდამ მზად ვარ თქვენთან თანამშრომლობისთვის და ვეცდები გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული რესურსები, ჩვენი საერთო წარმატებისთვის“,- განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით