გარდაბანში სოციალურ სერვისებზე მომუშავე მრავალაქტორული ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

CENN-მა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის, მრავალაქტორული ჯგუფები დააარსა.  მათი მთავარი მისია, არსებული სოციალური სერვისების გაანალიზება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაა.

ჯგუფები ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური სერვისების მიმწოდებელი პროვაიდერებისგან შედგება.

აღნიშნული ჯგუფები ქვემო ქართლის ექვს მუნიციპალიტეტში – მარნეულში, თეთრიწყაროში, დმანისში, გარდაბანში, ბოლნისისა და წალკაში შეიქმნა.

დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ღონისძიებაზე დამსწრეებმა, ექსპერტების ჩართულობით, განიხილეს არსებული სოციალური სერვისები, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები და გამოწვევები. მრავალაქტორულ ჯგუფებს  ექსპერტულ მხარდაჭერას ორგანიზაცია CSRDG უწევს.

CSRDG-ის სოციალური მომსახურების განვითარების პროგრამის კოორდინატორი, ზურაბ ტატანაშვილი აღნიშნავს, რომ სოციალური სერვისების შემუშავებისას მნიშვნელოვანია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისები ნამდვილად გამორჩეულია სტრუქტურით. უფრო ნათელი სტრუქტურა აქვს ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებს, რაც აქამდე გვინახავს, თუმცა ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ხოლმე ერთჯერად დახმარებებზე ან ბაზისურ საჭიროებებზე და ხშირად, შესაძლებლობების განვითარების მიმართულება არის ძალიან დაბალი. გარდაბანში 22  სოციალური პროგრამაა და ორი მათგანია, მხოლოდ, შესაძლებლობის განვითარებაზე.  საჭიროა ორივე ტიპის პროგრამების შემუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია სერვისების შექმნისას იმ პირების ჩართულობა, ვისზეც არის პროგრამა მიმართული“, – ზურაბ ტატანაშვილი CSRDG-ის სოციალური მომსახურების განვითარების პროგრამის კოორდინატორი.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4 წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022  წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასა (KKM) და ორგანიზაცია: „პირველ ევროპელთან“ ერთად (FE).

QvemoQartli.ge