ბოლნისი – მუნიციპალიტეტები და მათი სოციალური პოლიტიკა

სოციალური პრობლემების გადაჭრა და საზოგადოებისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, სოციალური პოლიტიკის მთავარი მიზანია.  გადაწყვეტილების მიმღები პირები სოციალური სერვისების შექმნის და მათი ადმინისტრირების პროცესში, სწორედ ამ პრინციპებს უნდა მიჰყვებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პოლიტიკის წარმოება ერთ საერთო მიზანს ემსახურება, საჭიროებები განსხვავებულია. ამიტომ, მნიშვნელოვანია სოციალური სერვისები კონკრეტული რეგიონის თუ ქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე იქმნებოდეს.

ორგანიზაცია CENN-ი ორ სამიზნე რეგიონში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის მუშაობს. ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად, ორგანიზაცია ცდილობს ახალი საუკეთესო პრაქტიკების, ადგილობრივ დონეზე დანერგვას.

ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტია ბოლნისი, სადაც მიმდინარე წელს 19 სოციალური პროგრამა ხორციელდება და მათი ადმინისტრირებისთვის ბიუჯეტიდან ხუთ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ლელა კვირიკაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, საუბრობს იმ გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე, რაც მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკის წარმოებისას დგას.

„ ბოლნისში სოციალური პოლიტიკის წარმოებისას არსებული გამოწვევებია უპირველეს ყოვლისა, – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში სახელმწიფო ენის არ ცოდნა, ასევე, ადამიანთა უმუშევრობის დონე და  ინფრასტრუქტურული პრობლემების არსებობა. ჩვენ ვცდილობთ, ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.

ჩვენს პრიორიტეტს მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეებისა და ადამიანთა ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს, რათა გაიზარდოს მათი ზოგადი კეთილდღეობა და შეძლონ ამ გამოწვევებთან გამკლავება” – ლელა კვირიკაშვილი, ბოლნისის სოციალური სამსახური.

სოციალური პროგრამების შექმნის პროცესში ბენეფიციარების მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ვინაიდან, სერვისები მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს უნდა პასუხობდეს.

ლელა კვირიკაშვილი გვიხსნის, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა პრობლემებზე საუბრის, რის შემდეგაც მერიაში ცდილობენ მათზე მორგებული პროგრამების შექმნას. ასევე, საუბრობს სამუშაო ჯგუფზე, რომელიც CENN-ის პროექტის ფარგლებში, სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის შეიქმნა.

„ მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ვერცერთი პროგრამა ვერ შემუშავდება. მუდმივ რეჟიმში გვაქვს  შეხვედრები მათთან როგორც ქალაქში, ასევე სოფლად და დაბაში.  შეხვედრას ყოველთვის აქვს დისკუსიის ფორმა, სადაც თითოეული მათგანი თამამად საუბრობს საკუთარი პრობლემების  შესახებ, აღნიშნული საჭიროებები შემდგომ აისახება „სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესში“.  ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან,  მათთან ერთად ჩართული ვართ სოციალური პროექტების განხორციელებაში, იმ სოციალური ჯგუფებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მზრუნველობა.

ამ მიმართულებით მერიაში CENN-ის მიერ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის  წევრებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობაში, გაითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას, რომელიც ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული და საჭიროებიდან გამომდინარე, შევქმნით ახალ სოციალურ პროგრამას/სერვისს ან დავაკორექტირებთ არსებულ პროგრამებს, რომელიც ასახული იქნება 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში” – ლელა კვირიკაშვილი, ბოლნისის სოციალური სამსახური.

ბოლნისი, მრავალაქტორული ჯგუფის სამუშაო პროცესი

შესაძლებლობა გვაქვს სოციალურ საკითხებზე სფეროს ექსპერტს/კონსულტანტს ამირან დათეშიძეს ვესაუბროთ.

ბატონი ამირანი საუბრობს სოციალური პოლიტიკის წარმოების სტანდარტებზე და ყურადღებას ამახვილებს პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე.

“ საკანონმდებლო დონეზე მუნიციპალიტეტების ვალდებულებები სოციალური კუთხით ბევრი მიმართულებით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, ბევრი რამ ამ მხრივ მუნიციპალიტეტების კეთილ ნებაზე, ფინანსურ რესურსებზე  და მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული. დღემდე  მუნიციპალიტეტების სოციალური ხარჯების დიდი წილი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ერთჯერად ან ყოველთვიურ ფულად დახმარებებზე და სუბსიდიებზე მოდის.   უკვე ყველა კარგად  აცნობიერებს, რომ  ასეთი  დახმარებები ნაკლებად ეფექტიანია და   არის  გარკვეული მცდელობები, რომ დაინერგოს უფრო გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი სოციალური პროგრამები, რაც მოქალაქეებისთვის საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებებს  გულისხმობს.

მოგეხსენებათ ადგილობრივი ხელისუფლების უპირველესი დანიშნულებაა უპასუხოს ადგილობრივი თემის საჭიროებებს და მოთხოვნებს. ადგილობრივ ხელისუფლებას უშუალო შეხება აქვს ადგილობრივ თემთან, მოქალაქეებთან, უკეთ იცნობს მათ საჭიროებებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათ  ეფექტურად გამოიყენონ არსებული რესურსები  ამ საჭიროებების საპასუხოდ.  ამასთან  აღსანიშნავია რომ   ხშირ შემთხვევაში  არაკვალიფიციური ადამიანური და არასაკმარისი ფინანსური რესურსები ხელს უშლის  მათ მიერ ამ როლის ეფექტიან შესრულებას.

ასევე, აუცილებელია, რომ სოციალური პოლიტიკა და პროგრამები იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ახალისებდეს მოქალაქეების ამგვარ აქტიურობას და გრძნობდეს ანგარიშვალდებულებას მათ მიმართ“ – ამირან დათეშიძე, კონსულტანტი სოციალურ საკითხებში.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდი მითითებით.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.