ახალი კუმისი – სოფელი გზის, სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის და ტრანსპორტის გარეშე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კუმისში, რომელიც ამავე სახელწოდების ტბის მეზობლადაა – მოასფალტებული საავტომობილო გზა არ მიდის. სოფელში მისასვლელად გრუნტის გზას, ადგილ-ადგილ კი მინდვრებსაც უნდა გაუყვე.

„ არ გვაქვს სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, არც გზაა და არც ტრანსპორტი. ცხადია, არც სარწყავი წყალი არ არის. მიწა, რომ გავთხარეთ ძველი მილები ვნახეთ, საიდანაც კომუნისტების დროს, ტბიდან სარწყავად შემოჰყავდათ წყალი. ახლა წყალი ტბაზეც აღარაა წესიერად, სადღაც 400 მეტრით დაწეულია უკან. ზუსტად არ ვიცით რატომ, ამბობენ რომ ალგეთიდან არ მიეწოდება წყალი.

თევზაობაც არ არის. ასე სამი წლის წინ საბანაოდ ჩავდიოდით, ახლა არც ჩაისვლება – სუნი, წყალმცენარეები, ათასი რამეა მიზეზი,“- საუბრობს ადგილობრივი ჩიტო მექვაბიშვილი.

იგივეს ვისმენთ სხვა ადგილობრივებისგანაც. სასმელი წყლის ყიდვას ვერ აუდის ნინო ჯავახიშვილიც. სახლში სამი მცირე წლოვანი შვილიშვილის ჰყავს. ამბობს, რომ ეკონომიურად, ოჯახისთვის მდგომარეობა, სულ უფრო და უფრო მძიმდება.

„სასმელი წყლის შესაძენად დახმარება ვითხოვე გარდაბნის გამგეობისგან, ველი პასუხს. ძალიან გვიჭირს აქ ცხოვრება, ელემენტარული პირობები არ არის! აქ არც გაზია და არც წყალი. ერთი ელექტროენერგია გვაქვს.

ვერანაირი მოსავალი მე, აქ ვერ მოვიყვანე! გახმა ყველაფერი, წვიმის მოლოდინით“, – საუბრობს ადგილობრივი ნინო ჯავახიშვილი. ამასობაში მისი სახლიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღალე ჩვენი თვალიერებით და ბებოს სახლში შემოსვლას მოითხოვს.

აქ, გარემო სახარბიელო ცხადია, არც ბავშვებისთვისაა. გზის და ტრანსპორტის პრობლემის გამო, მშობლებს მათი საბავშვო ბაღში ტარება უჭირთ.

ახალი კუმისის პრობლემებზე, გარდაბნის თვითმმართველობიდან, ჩვენთან საუბარს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გაგუა თანხმდება.

გაგუა ამბობს, რომ ახალ კუმისს გარდაბნის სხვა სოფლებთან შედარებით ნამდვილად უამრავი პრობლემა აქვს. ამ ყველაფერს კი იმით ხსნის, რომ მისი ინფორმაციით დასახლებას სოფლის სტატუსი გასულ წელს მიანიჭეს, როდესაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო და ახალი კუმისის საჭიროებების მასში ჩართვა, რთული იყო.

„ ნამდვილად ბევრი პრობლემაა აღნიშნულ სოფელში. ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას. ხომ გესმით, ყველაფერს ერთად ვერ შევძლებთ.

გამგებლის დავალებით, უკვე შევისყიდეთ მანდ 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის დასაგებად საპროექტო დოკუმენტაცია. შემიძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს წარვუდგინო.

ახლა უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა მოხდეს, ტენდერისთვის თანხების გათვალისწინება. რაც შეეხება სასმელ წყალს, ამჟამად ხდება თელეთის მაგისტრალის მოწყობა და ვცდილობთ მასზე კუმისის დაერთებას. ბუნებრივ აირთან დაკავშირებით კი „სემეკთან“ მოლაპარაკებები დაწყებულია.

სწორად გაგვიგეთ, არ ჰქონდა ამ დასახლებას სოფლის სტატუსი, როგორც კი მიენიჭა, მუნიციპალიტეტს თავის ვალდებულებები გაუჩნდა და იქაც, ნელ-ნელა გაიზარდა მოსახლეობა. ახალ კუმისში 40-მდე მუდმივი მაცხოვრებელი ოჯახია“,- საუბრობს გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გაგუა.

QvemoQartli.ge მიადევნებს თვალს, მოხდება თუ არა, გარდაბნის 2022 წლის ბიუჯეტში ახალი კუმისის საჭიროებების გათვალისწინება. ასევე, უახლოეს მომავალში გაგაცნობთ ინფორმაციას კუმისის ტბის გამოწვევებზე.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით