„ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე“
თეთრიწყაროში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: სკოლა, სახლი, ცეკვა, ფორტეპიანოს გაკვეთილები, … სანამ რამდენიმე ახალგაზრდის ძალისხმევით 2016 წლის 16 ნოემბერს არ დაარსდებოდა „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“.
ორგანიზაციას არაფერი გააჩნდა, მაგრამ პროექტების წერითა და გრანტების მოპოვებით დამფუძნებლებმა შეიძინეს საჭირო ინვენტარი, იმისათვის, რომ შესძლებოდათ სოფლების სკოლებში ტრენინგების ჩატარება, საოფისე სამუშაოსა და სხვადასხვა პროექტის განხორციელება. ერთ წელიწადში ისე გაიზარდნენ, რომ ბანაკების მოწყობა დაიწყეს, სადაც მშობლები თავიანთი არასრულწლოვანი ბავშვების წაყვანას ანდობდნენ. დამფუძნებელი გოგონების ერთ-ერთი პირველი ბანაკის თემა სწორედ გოგონათა გაძლიერება იყო.
მერიასთან მოლაპარაკების შედეგად 2018 წლის აპრილში ორი წლით, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, ორგანიზაციას გადაეცა შენობა, რომელიც სამუშაოდ გამოუსადეგარ მდგომარეობაში იყო. უძრავი ქონების გადაცემიდან მოკლე ვადაში ცენტრმა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეძლო სივრცის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსების მოძიება. თეთრიწყაროს ახალგაზრედბის ძალისხმევით გარემონტდა შენობა, რომელიც ახლა ბევრი ახალგაზრდისთვის სახლია.
– ეს არის ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო… ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე: ადამიანებზე, ცხოველებზე, ხეებსა და აქ მცხოვრებ ჩიტებზე… – თამუნა, ორგანიზაციის მოხალისე.
სივრცე დატვირთულია სხვადასხვა აქტივობებით: ტრენინგები, ფილმებისა და ანიმაციების ჩვენებები, გასართობი და შემეცნებითი საღამოები, ახალგაზრდებმა დააფუძნეს ეკო და ქალთა კლუბები. შენობას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები თავიანთი ღონისძიებების განსახორციელებლად, ასე, მოსახლეობას განვითარებისათვის მეტ შესაძლებლობას სთავაზობენ.
– ორი სიტყით, ორგანიზაცია ჩემთვის არის საყვარელი შვილი, – ლუსო, ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
რამდენიმე თვეში კვლავ დაიწყება მოლაპარაკება ადგილობრივ მერიასთან საყვარელი შვილისთვის სახლის შესანარჩუნებლად. იქამდე კი, შენობაში ცხოვრება ჩვეულ რიტმში, აქტიურად, გრძელდება და ყველა სტუმრისთვის (სასარგებლო იდეებითა თუ კეთილი სურვილებით) ღიაა ცენტრისა და იქ მომუშავე ახალგაზრდების დიდი გულები.
თამუნა ბალიანი
„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“