ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს.

ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:  ქორწინების განმარტება კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლება, ფემიციდი, პროკურატურის რეფორმა, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები სიძულვილის ნიადაგზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება, არჩილ ტატუნაშვილის საქმე, თამარ მეარაყიშვილის საქმე, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ე.წ. ციანიდის საქმე, ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმე, აფგან მუხთარლის საქმე, მირტაგი ასადოვის საქმე,  ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის წარმოშობილი დავები, მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია და სხვა, გასული წლის, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც კვეთს ადამიანის უფლებებს.

ანგარიშის ძირითადი სამართლებროივი შეფასებები ამგვარია:

„საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, 2018 წლიდან, 30-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებოა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა იქნეს აღქმული იმ ფორმით, რომ იკრძალებოდეს ერთი და იმავე სქესის მქონე პარტნიორთა შორის კავშირი.“

„საქართველოს პარლამენტმა დღემდე ვერ ასახა ფემიციდის დეფინიციასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის საერთაშორისო განმარტებაა: „ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან“. პრაქტიკაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ფემიციდის შემთხვევების გამოვლენისას გენდერული მოტივის იდენტიფიცირება წარმოადგენს.“

„ 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის – ადამიანის უფლებათა ცენტრმა, დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მთავარი პროკურორის არჩევას რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მიერ. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში პროკურორების რაოდენობა იმგვარად, რომ მათ ვერ შეძლონ საბჭოს გადაწყვეტილებების ბლოკირება, როგორც ეს ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების მიერ. აღნიშნულ თემაზე 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც საუბრობს საპროკურორო საბჭოს მოწყობასა და ფუნქციებთან დაკავშირებით. დასკვნაში მკაფიოდ არის ასახული მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროება. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია პროკურატურის დეპოლიტიზების აუცილებლობაზე, ასევე საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესზე, რომელიც ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანონპროექტს და მკაფიოდაა ჩამოყალიბებული რეკომენდაცია, რომ საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში აუცილებელია მძლავრად იქნეს წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება.“

„სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა 2018 წელსაც ვერ მიიღეს სამართლებრივიშედეგი საქმეებზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულ პირთა მიმართ სავარაუდოდ განახორციელეს ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.“

„2018 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი გახდა 35 წლისარჩილ ტატუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 თებერვალს დააკავა 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით. საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვისას ციხეში წამებით მოკლეს. სეპარატისტული რეჟიმის მტკიცებით კი, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. 2018 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გამოყენებულიყო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილიყო სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში ორი საჩივარი გაიგზავნა. სახელმწიფოთაშორისი სარჩელით – საქართველო, ხოლო ინდივიდუალური სარჩელით რუსეთს არჩილ ტატუნაშვილის მშობლები, გიორგი და რუსუდან ტატუნაშვილები უპირისპირდებიან.“

„თამარ მეარაყიშვილის საქმე საერთაშორისო უფლებადამცველიორგანიზაციების ყურადღების ქვეშ მოექცა. მნიშვნელოვანია, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა გამოიყენონ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამცველებს და აქტივისტებს არ ექმნებოდეს დაბრკოლებები.“

„ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ როგორც საზოგადოებას, ასევე შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებს დაანახა, რომ პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად. ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი.“

„დეკანოზ გიორგი მამალაძეს ორივე ინსტანციის სასამართლოში წაერთვადასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება. მის მიმართ არსებითად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა. სახელმწიფომ არ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, სამართლიანად დაეცვა დაკავებული პირის საპროცესო უფლებები, რაც საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ყველა ეტაპზე გამოვლინდა. “

„ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისივე თანაშრომლების შესაძლო დანაშაულის საქმეზე თავადვე ჩაატარა ოთახისჩხრეკა/ამოღება, რითაც გამოძიების დამოუკიდებლობის ობიექტურობის პრინციპი დაირღვა. ჩხრეკა-ამოღების პროცესის შედეგად თითქოსდა ამოღებული ხელყუმბარა სუს-მა გაანადგურა, მაშინ როდესაც ის იყო მნიშვნელოვანი მტკიცებულება. შეუძლებელი გახდა ასევე დანაშაულის ადგილზე სროლის მანძილის გაზომვა. ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველების ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. თავში დაჭრილი ახალგაზრდა თბილისის საავადმყოფოში გარდაიცვალა რამდენიმედღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ. ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე ეფექტიანი და ობიექტური, სრული, ყოველმხრივი გამოძიების ჩატარება.“

„სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მედიის თავისუფლება. შემაშფოთებელია,ცალკეულ შემთხვევებში ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტები. ერთ-ერთი ფაქტი მოხდა მაშინ, როდესაც „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა, რა დროსაც გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახელმწიფომ სხვადასხვა სამართლებრივი ინსტრუმენტებით უნდა უზრუნველყოს, ხელი არ შეეშალოს მედიისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობას. „

ანგარიში სრულად:  ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2018

QvemoQartli.ge