26.11.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის შექმნა ევალება — საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა დაღლილობა საერთოდ არ ეტყობა და გვეუბნება, რომ რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს.

“სტაჟირების პერიოდში ძალიან კარგი ხელმძღვანელი გვყავდა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა, ყველაფერი ესწავლებინა. ჩვენ ვიცოდით, რომ სამი თვე ვივლიდით აქ და შემდეგ უნდა წავსულიყავით”, — ამბობს და აღნიშნავს, რომ შეთავაზების შემდეგ, სამსახურში ყველა სტაჟიორი დარჩა.

მანამდე სამუშაო გამოცდილება არ ჰქონია და მხოლოდ მოკლევადიანი, საზაფხულო პოზიციებით შემოიფარგლებოდა. საქართველოში ახალგაზრდებისთვის სამსახურის პოვნა მარტივი არ არის — გიგაც აღნიშნავს, რომ ყველაფერი პანდემიის შემდეგ უფრო გართულდა. ის სმენადაქვეითებულია და საუბარს ტუჩების მოძრაობით არჩევს. პირბადეების ტარების სავალდებულო წესის გამო კი, ამას ვერ ახერხებდა.

„როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინვე დაიწყო პანდემია და ხალხთან კონტაქტი ვეღარ შევძელი. მერე კომპლექსები გამიჩნდა, ჩავრჩი და ჩავრჩი, სახლიდან ვეღარ გავდიოდი“.

გიგასთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებით რთული იყო, ამიტომ ფიქრობდა, რომ სამსახურის შოვნას აზრიც აღარ ჰქონდა. მისი თქმით, აღარც ეძებდა და უიმედოდ იყო. თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მიხვდა, რომ ასე ყოფნით დაიღალა.

ამის შემდეგ ქუთაისის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში მისვლა გადაწყვიტა. გვიყვება, რომ ყველაზე მეტად ცვლილებების სურვილი სწორედ კონსულტაციის გავლის შემდეგ გაუჩნდა, რადგან გასაუბრებაზე მის კარგ თვისებებს გაუსვეს ხაზი და მოტივაცია მისცეს.

“ისე არ მომექცნენ, როგორც, ჩვეულებრივ, ადამიანები იქცევიან ხოლმე — როცა ეუბნები, რომ რაღაც პრობლემა გაქვს და ფიქრობენ, თითქოს ეს არაფერია. გასაუბრებაზე ასე არ ყოფილა, მესაუბრნენ იმაზე, თუ რა იყო ჩემი კარგი მხარეები. მეც თვითშეფასება ამიმაღლდა”, — ამბობს გიგა.

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში კონსულტაციის შემდეგ გიგამ პროექტ ESCape-ის ფარგლებში ციფრული კომპეტენციის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსი გაიარა.

გიგა დოღონაძე

“უკვე ტყუილად ყოფნა მომბეზრდა, დავიღალე. კურსები ონლაინ იყო. მე პანდემიის დროს გარეთ გასვლის, ხალხთან კონტაქტის პრობლემა მქონდა და რახან ონლაინ იყო, ჩავერთე ამ პროგრამაში. ციფრულ საკითხებში თვითნასწავლი ვარ, მაგრამ მაინც დამატებით მინდოდა, რომ უფრო მეტი გამეგო”, — გვიყვება გიგა.

მაშინ მიხვდა, რომ ხალხთან კონტაქტი მონატრებული ჰქონდა — გაჩერება აღარ უნდოდა და მიეცა სტიმული, რომ სამსახურის ძებნაც დაეწყო.

„რა არის, იცით? თავიდან რთულია, ნაბიჯი გადადგა და გაიცნო ხალხი, მაგრამ როგორც კი გაბედავ, ახალ რამეს გაიგებ, ვინმე ახალს გაიცნობ, მერე თვითონ მოდის სურვილი, მეტი აკეთო“.

კომპლექსები მოეხსნა, უკვე უამრავ ადამიანთან აქვს კონტაქტი და ყოველდღე ახალ ცოდნას იღებს. ამბობს, რომ დღეს მისი მიზანიც სწორედ ეს არის: მეტი ისწავლოს და განვითარდეს, ხოლო თუ ამ საქმეში საკუთარ თავს ამოწურავს, მერე გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგ:

“სულ ჩართული ხარ, სულ მოძრაობაში ხარ და ეს ძალიან კარგია. სტაჟირების დაწყებიდან ერთ კვირაში ზუსტად ვიცოდი, რომ სახლში უკან დამბრუნებელი აღარ ვიყავი, იმიტომ, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია მუშაობა, ყოველდღე ახალი რაღაცის გაგება, სწავლა”.

თუმცა ამ ეტაპამდე მოსვლა გიგასთვის მარტივი არ ყოფილა — ეშინოდა, ბევრჯერ უფიქრია დანებებაზე, მაგრამ ამბობს, რომ ამის გადალახვაც შესაძლებელია და სხვებსაც მოუწოდებს, არ შეშინდნენ.

„ნაბიჯს რომ გადადგამ, მერე უკვე ყველაფერი მარტივად მიდის, მთავარია გაბედო“, — აღნიშნავს გიგა.

ახლა მუშაობის პროცესი იმდენად სიამოვნებს, რომ ნეგატიური ფიქრებისთვის დროც აღარ აქვს. ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ ხალხს ეხმარება. სწორედ ამიტომ უნდოდა, ექიმი გამხდარიყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის მიმართულება დაამთავრა, თუმცა თავდაპირველად სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა.

“სწავლა რომ დავიწყეთ და პრაქტიკები, ოპერაციები მომიწია, მაშინ შევხედე სიტუაციას და გავიაზრე, რომ ექიმობა გამიჭირდებოდა, პირბადე სავალდებულოა — საავადმყოფო ასეთია. შემდეგ გადავედი ჯანდაცვაზე, თუმცა უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ვისწავლიდი, რაც მინდოდა, ის არ გამოვიდა.

სხვათა შორის, ახლა რას ვფიქრობდი, იცით? ახლა რომ ვიყო იმავე ასაკში, ახლა რომ ვაბარებდე, აღარ დავნებდებოდი, იმიტომ, რომ ბევრად შეცვლილია სიტუაცია, ცნობიერებაც ამაღლებულია”, — აღნიშნავს ის.

„18 წელი ძალიან პატარა ასაკია იმისთვის, რომ მოიფიქრო, რა სფერო გაინტერესებს, მიიღო გადაწყვეტილება და გაჰყვე მას“ – გიგას მიაჩნია, რომ ადამიანების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში, ბაღიდან და სკოლიდან უნდა დაიწყოს. მისი თქმით, შშმ პირები თავიდანვე უნდა ინტეგრირდნენ, რადგან უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია.

გიგას ცვლილელების განხორციელებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ESCape — დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად  დაეხმარა. პროექტი ერთობლივად ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისის (FES Georgia), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA), დემოკრატიის განვითარების სააგენტოსა (DDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ. პროექტი თბილისსა და 6 რეგიონს (აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო და შიდა ქართლი) მოიცავს და ბენეფიციარების დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

 

„შრომის ბაზარი არ არის ინკლუზიური და არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე. არსებობს სტიგმა და სტერეოტიპები მათ მიმართ, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ. ისინი პრობლემებს აწყდებიან განათლების ყველა საფეხურზე და შრომის ბაზარზე“, — ამბობს დიანა ჩომახაშვილი, პროექტის კომუნიკაციის ოფიცერი.

ESCape ხელს უწყობს შრომისუნარიანი ადამიანური რესურსის გააქტიურებასა და ჩართვას შრომის ბაზარზე, ეხმარება იმ ჯგუფებს, რომელთაც დასაქმების გზაზე არსებული დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვა უძნელდებათ.

“ჩვენი სამიზნე ჯგუფები არიან ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, შშმ პირები, ადამიანები ხანგრძლივი სამუშაო წყვეტით, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება ან არ არასოდეს ჩართულან საგანმანათლებლო პროცესში. ისინი ბევრ ბარიერს აწყდებიან შრომის ბაზარზე და მათთვის დასაქმებამდე მისასვლელი გზა ძალიან რთულია”, — ამბობს ის.

ის აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში, სპეციალურად გადამზადებული დასაქმების კონსულტანტები ბენეფიციარებს კარიერის ინდივიდუალურ დაგეგმვას, პროფესიულ გადამზადებას, სტაჟირებას სთავაზობენ და მათ დასაქმებას უწყობენ ხელს.

“სამუშაოს მაძიებლებთან მუშაობის პარალელურად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთან, ვაკეთებთ შრომის ბაზრის ანალიზს, რა ვაკანსიებია და პირობები აქვს ამა თუ იმ კომპანიას, ვიკვლევთ, რა მოთხოვნებია პოზიციებზე.შესაბამისად, ზუსტად ვიცით, სად შეიძლება ბენეფიციარის რეფერირება, მისი დაკავშირება დამსაქმებელთან, რომ გარემო და პირობები იყოს მასზე მორგებული. ჩვენი მიზანია, ორივე მხარემ ზუსტად იცოდეს პირობები, შესაბამისად, ბევრს ვმუშაობთ, რომ ორივე მხარის მოლოდინები სწორად შეფასდეს”, — ამბობს ის.

ამასთან, ქუთაისში პროექტის მენეჯერი, ნანა წოწონავა გვეუბნება, რომ ხშირად ჰყავთ ბენეფიციარები, რომლებსაც არასოდეს უმუშავიათ, ან აქვთ ხანგრძლივი კარიერული წყვეტა.

“მათ დღეს შრომის ბაზარზე სრულიად განსხვავებული მოთხოვნები ხვდებათ. ჩვენ ვეხმარებით, რომ გადამზადდნენ და მოერგონ დღევანდელი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაგალითად, პროფესიულ კოლეჯში გაიარონ სასწავლო კურსი და შეიძინონ ახალი პროფესია, რათა მომავალში შეძლონ დასაქმება”, — ამბობს ის.

„გიგა დოღონაძე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, მიაღწიო სასურველ მიზანს. მას არ გააჩნდა არანაირი სამუშაო გამოცდილება და ამის გამო უიმედოდ იყო, მაგრამ ჰქონდა დიდი სურვილი და მოტივაცია“, — ამბობს ნანა.

ნანა წოწონავას თქმით, პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგების ჩატარება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან მათ რეგიონებში სამუშაო მოდელის რეპლიკაციით. ტრენინგები ჩატარდება ხუთ რეგიონში — აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში.

საქართველოში პროექტის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი ფუნქციონირებს: ორი თბილისში, ხოლო ერთი — ქუთაისში. მათ კი, ვისაც სურს მიიღოს კონსულტაცია, გაიაროს გადამზადების პროგრამები და დაგეგმოს კარიერა, ცენტრებს შემდეგ მისამართებზე უნდა ესტუმროს: თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი #66ა, ნავთლუღის ქ. #33. ქუთაისი: ნიუპორტის ქ. #19

ავტორი: ანა მსხალაძე

 

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

Related Posts

„თან მრცხვენია, თან მჭირდება“ – უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანები (ვიდეო)

სიღარიბე არჩევანი არ არის. ამ მდგომარეობადე, ადამიანი, შეიძლება სხვადასხვა გარემოიებამ მიიყვანოს. იყო სოციალურად დაუცველი, ნიშნავს არ გაგაჩნდეს სულ ელემენტარული საცხოვრებელი...

რუსთავის ბიუჯეტს მერიის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიდან გაშვება შესაძლოა 45 900 ლარამდე დაუჯდეს

ოპოზიციური პარტიები, რუსთავის ამჟამად უკვე ყოფილ მერს და ადმინისტრაციას თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ოპონენტები აღნიშნულს, არასწორ საკადრო პოლიტიკას უკავშირებდნენ...

„ალტ ინფოსა“ და ქვემო ქართლის ტელევიზია TV4-ს შორის დადებული ხელშეკრულება

ორგანიზაციამ Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი კომუნიკაციების კომისიისგან თავისი წერილის საპასუხოდ, მიიღო ინფორმაცია დოკუმენტზე, რომელზე დაყრდნობითაც დაიწყო თანამშრომლობა „ალტ ინფოსა“ და TV4-ს...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake...

თეთრიწყაროში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ

პროფესიით იურისტი, ბელა გაზდელიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. ბელა თეთრიწყაროს სკოლაში მანდატურად მუშაობს. გავლილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან...

ფატი შავაძე – მოქალაქეთა მონაწილეობას განაპირობებს, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა ეძახიან და როცა პასუხობენ

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი...

გარდაბნის 64-ე და 52-ე უბნებთან ხალხმრავლობაა

გარდაბნის მუნიციპალიტეტისსოფელ ქესალოს 64-ე და 52-ე უბნებთან, მოქალაქეების სიმრავლეა. უბნის თავმჯდომარე მეხმან მურადოვი, აცხადებს რომ შეკრებილებს არაერთხელ მისცა შენიშვნა და...

თელეთი – მუნიციპალური ტრანსპორტის და სასმელი წყლის მოლოდინში/Teleti – bələdiyyə nəqliyyatı və içməli su gözləntisində

2014 წლის აღწერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში 890 ადამიანი ცხოვრობს.  ამ სოფელშიც, ისევე, როგორც ქვეყნის არა ერთ დასახლებაში,  სიკვდილიანობის...

ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების შედეგი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საშუალო მაჩვენებელი 32%-ია, რაც ზუსტად იმეორებს 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს...

რუსთავს ახალი წლის “ლამაზად” შეხვედრა 114 482 ლარი დაუჯდა

საახალწლო სამზადისის დაწყებისას, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსთაველები „ლამაზად“ შეხვდნენ ახალ წელს. ახლა, როდესაც...

თეთრიწყაროს „ოცნების“ მერობის კანდიდატი და საარჩევნო უბნის თავმჯდომარე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმეს

27 სექტემბერს, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს საჩივარი და „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, 23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის...

მარნეული – საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა

საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის მუნიციპალიტეტშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები,...

საარჩევნო პლაკატებში ჩაფლულ ქესალოში სასმელად ვარგის წყალს ნატრობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე წლებია, წყალს ან ყიდულობენ, ან ქალაქ გარდაბნიდან...

„ ის, რომ ჩვენ თანამშრომლებს უხელფასოდ ვამუშავებთ, ეს არ არის სწორი ინფორმაცია” – რუსთავის სამშობიარო სახლი

წელიწადზე მეტია, რაც რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის სამშობიარო სახლში დასაქმებულთა უფლებების დარღვევებზე საუბრობენ. თემის მიმართ ძალისხმევა, არც ჩვენს კოლეგებს დაუკლიათ....

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *