მუნიციპალური ინსპექციის უფლებები შესაძლოა გაიზარდოს

პარლამენტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების გაზრდას. კერძოდ ინიციატივის თანახმად მოხდება  ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი პირის ცვლილება და ერთეულ შემთხვევაში, სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.

„ აღნიშნული ცვლილებით, მუნიციპალიტეტს ექნება უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვისთვის დააკისროს პირს სახდელი, რის შედეგადაც მოხდება მყისიერი და ეფექტური რეაგირება სამართალდარღვევაზე“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მოცემულ მომენტში, სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის მუნიციპალური ინსპექცია შემოიფარგლება მხოლოდ დამრღვევი სუბიექტის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და შემდგომი რეაგირების მიზნით  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თანდართულ მასალებთან ერთად, იგზავნება საქალაქო სასამართლოში შემდგომი რეაგირებისათვის. ცვლილებით, კი, გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, არამედ სამართალდამრღვევისთვის სახდელის დაკისრებაც.

ინიციატორები წერენ, რომ კანონპროექტის ამოქმედების შედეგად დამატებით შემოსავლებს მიიღებს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, ხოლო პროპორციულად შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები.

კანონპროექტის ინიციატორი არიან  პარლამენტის წევრები: ირაკლი ზარქუა, მაია ბითაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ედიშერ თოლორაია, ბექა დავითულიანი, რამინა (რიმა) ბერაძე, სოზარ სუბარი. კანონპროექტით გათვალისწინებული ინიციატივები, მხარდაჭერის შემთხვევაში, ძალაში  2023 წლის პირველი იანვრიდან შევა.

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადებისთვის ინიციატორებმა რუსთავის მერიასთან ითანამშრომლეს. თავად რუსთავის მერია კერძოდ კი ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საჯარო გამოსვლებში, აცხადებს რომ ელის საკანონმდებლო სიახლეებს და თავადაც მიმართავს, რიგი ცვლილებებისთვის, რუსთავის საკრებულოს.

QvemoQartli.ge დაინტერესდა საკრებულოში მერიის მხრიდან რა წინადადებები გაიგზავნა, მუნიციპალურ ინსპექციასთან დაკავშირებით, თუმცა რუსთავის მერიამ ტრადიციულად არ ითანამშრომლა ჩვენს რედაქციასთან და შესაბამისი, ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით