მოქალაქემ, რუსთავის აზოტს, პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა.

„ ვ. ბ. დასაქმებული იყო რუსთავის აზოტში 1991 წლიდან, ავტოსატრანსპორტო საამქროში მძღოლის პოზიციაზე.  2016 წლის 21 ნოემბერს იგი აბსოლუტურად უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ვალდებულების დარღვევის საფუძვლით.

პროფკავშირმა სასამართლოში სარჩელი წარადგინა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.  სს რუსთავის აზოტმა საქმისწარმოების ყველა ეტაპზე უარი განაცხადა საქმის მორიგებით დასრულებაზე.

საქმე განიხილა რუსთავის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. სამივე ინსტანციის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვ. ბ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და დაავალა რუსთავის აზოტს მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრულად – სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.

საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 3 დეკემბერს მიიღო.  ამ ეტაპზე რუსთავის აზოტის მიერ ვ. ბ. -ისთვის იძულებითი განაცდურის თანხის ოდენობა შეადგენს 51 840 ლარს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება ვ.ბ.-ს სამსახურში აღდგენის დღემდე“ – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.

დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი თამარ სურმავა, პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანთან ერთად იცავდა. პროცესში ჩართული იყო მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები.

QvemoQartli.ge