მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ არ იციან ამ ადამიანებმა, ან რამდენი რამ იციან არასწორად.

ბევრი მიზეზი აქვს პრობლემას, მაგრამ ახლა წარსულის უცოდინრობაზე მინდა ვწერო. სხვებს რა ვუთხრა, როდესაც აღმოჩნდა რომ მეც ბევრი არაფერი ვიცი, ძალიან მაგარ, ჩვენ ფემინისტ ქალებზე.

ამიტომ შევუდექი საქმეს, გადავეშვი წყაროებში  და ახლა ნადავლს თქვენც გიზიარებთ.

ეკატერინე [კეკე] მელიქიშვილი-მესხი დაიბადა თბილისში, 166 წლის წინ. როგორც წყაროები გვიყვებიან, ეკატერინე შეძლებულ ოჯახში გაიზარდა და კარგი განათლებაც მიიღო. 19 წლის ასაკში უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა შვეიცარიაში.

წარმოგიდგენიათ?! საუკუნე-ნახევრის წინ კი არა, ახლაც, ბევრისთვის ოცნებად რჩება შვეიცარიაში განათლების  მიღება.  ეკატერინემ იქ დაამთავრა გიმნაზია, შემდეგ მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. ასევე, შვეიცარიაში გახდა საზოგადოება „უღელის“ წევრი, რომელიც ციურიხში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა დააარსეს. იქ, გატარებული წლები ნაყოფიერი აღმოჩნდა კეკესთვის. დაეუფლა გერმანულ და ფრანგულ ენებს, გაეცნო იმ დროის პროგრესულ იდეებს და თან აქტიურად ადევნებდა თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ასევე გახდა ოდესის უნივერსტეტში ქალთა უმაღლესი კურსების გახსნის ინიციატორი და მისი პირველი ქალი დეკანი. ხელმძღვანელობდა საოჯახო სტამბას, იყო გამომცემლობა „სხივის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, საზოგადოება „განათლების“ დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ლიტერატორ ქალთა წრის წევრი.

თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთანაც“.  წერდა, თარგმნიდა ინგლისურიდან, გერმანულიდან, რუსულიდან. დროებაში გამოაქვეყნა შკლარევსკის მოთხრობის – „ქალის შრომის“ საკუთარი თარგმანი, 1872 წელს კი – მიმოხილვითი კვლევა, „მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ქალები“. ასე, რომ იცოდეთ, ბევრი წლის წინაც, გვყავდნენ ფემინისტური მოძრაობის საინტერესო წარმომადგენლები. ერთ-ერთი კი ეკატერინეა – მწერალი, მთარგმნელი და  გამომცემელი.


ეკატერინე [კეკე] მელიქიშვილი-მესხი და ლიდია მეგრელიძე

მეორე ფემინისტი ქალი, რომელზეც მინდა მოგიყვეთ, ლიდია მეგრელიძეა. 12 წლის იყო, როდესაც  დედა გარდაეცვალა. დაობლების შემდეგ, სოფელ აკეთში დეიდამ წაიყვანა. დედის გარდაცვალებამ ლიდია დეპრესიაში
ჩააგდო. სწორედ მაშინ, დაუმეგობრდა ლიტერატურას. კითხულობდა რენანს,
ჰექსლის, ბოკლს, დაუახლოვდა მესამე დასს. ჩაერთო იმ დროისთვის „უკანონო“ საქმიანობაში, მართავდა წარმოდგენებს, რომლის შემოსავალი
ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს ხმარდებოდა. მონაწილეობდა პოლიტიკურ
საქმიანობაში, ქალთა უფლებების დაცვაში, დრამატული წრის, განათლების
საზოგადოების დაარსებაში. ამავდროულად წერდა ლექსებს. 1905 წელს იყო ფოთის რსდმპ ორგანიზაციის წევრი, 1906 წელს მეუღლესთან ერთად ხრიალეთში მალავდა ფოთის კომიტეტის “არალეგალურ” სტამბას. 1915 წელს „ახალ კვალში“ დაიბეჭდა მისი წერილების სერია „მშრომელ ქალთა მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში“. ამავე წელს დააარსა ფოთის ქალთა საზოგადოება, რომლის თავმჯდომარედ თავად აირჩიეს. საზოგადოებასთან დააარსა ორი სკოლა: საკვირაო სკოლა წერა-კითხვის უცოდინართათავის და საღამოს კურსები მცირეწლოვან ნოქრებისთვის [ნოქარი -დაქირავებული გამყიდველი]

ორი წლის შემდეგ კი აირჩიეს ფოთის საქალაქო საბჭოში და იყო პირველი ქალი, რომელიც ამ საბჭოს წევრი გახდა. 1925 და 1927 წლებში გამოსცა საბავშვო ლექსების ორი პატარა კრებული. მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოებში. 1934 წლიდან გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1935-1936 წლებში მოგზაურობდა ვლადიკვაკვაზში, ბაქოში, მოსკოვსა და ლენინგრადში.

წყაროებმა ჩვენამდე ის ამბავიც მოიტანეს, რომ ლიდია მეგრელიძე 8 შვილს ზრდიდა სიღარიბეში და საოჯახო საქმე მის საზოგადოებრივ ცხოვრებას ზღუდავდა.

შენ იამაყე და გააგრძელე ისტორია, მე კი მალე სხვა ფემინისტ ქალებს გაგაცნობ.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

QvemoQartli.ge