მედიაწიგნიერების გამოწვევები – ბოლნისის საინფორმაციო რეალობა

სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი ვებგვერდი შექმნა. ამაზე მარტივია, ნებისმიერ სოციალურ ქსელში ჯგუფის შექმნა, სადაც პოსტების სახით შეგიძლია სხვადასხვა შინაარსისა და სულისკვეთების ინფორმაციის გავრცელება.

ეს ერთის მხრივ, აზრის გამოთქმის – გამოხატვის უკიდეგანო შესაძლებლობას ანიჭებს ადამიანს, მაგრამ ამასთან ერთად საზოგადოებას სულ უფრო მწვავედ უჩენს პრობლემას, რასაც ინფორმაციის დიდ ნაკადთან წიგნიერად გამკლავება ჰქვია.

ვინ გვატყუებს და რატომ ?!

ეს მარტივი კითხვა მთელს ამ პროცესს გასდევს. ვხედავთ, რომ სოციალური მედია თან გვაძლიერებს და თან გვაბნევს. მას არ ჩამორჩება არც ტრადიციული მედია, რომელიც ხშირად ჟურნალისტიკის ნაცვლად, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესს მისდევს.

საინფორმაციო ნაკადში უსაფრთხოდ ცურვისთვის, უკვე არა ერთ განვითარებულ ქვეყანაში, სკოლის მერხიდან სწავლობენ მედიაწიგნიერებას.

ერთ-ერთი განმარტების თანახმად ეს არის უნარი, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე აქვს უნარი გადაამოწმოს სანდო წყარო. მედიაწიგნიერება ადამიანში ანვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.

როგორ გვაქვს საქმე ყალბ ამბებთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენს რეგიონში?! გვაქვს კი მედიაწიგნიერების სწავლის საჭიროება?!

კითხვებზე პასუხის პოვნას, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვცდილობთ. ვესაუბრებით სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს. ვისმენთ მათ გამოცდილებას და თქვენამდე მოსატანად, ვიწერთ მათ აზრებს.

ბოლნისის სურსათის ბაზარში უჭირთ და დარდობენ ყველაფერზე, გარდა მედიაწიგნიერებისა. აქ, გამოწვევა მყიდველის ნაკლებობა და ყოველდღიური მძიმე შრომის გაძლებაა.

მაგული უგრეხელიძე ამბობს, რომ ხშირად უწევს 50 კილოიანი ტომრების ზიდვა, დილით 05:00 დგება და მაინც უკეთესის იმედით იწყებს დღეს. გვიხსნის, რომ მას არ სცალი ტელევიზორის საყურებლად და ინფორმაციას სოციალური ქსელიდან, მობილურის დახმარებით იღებს. „ ბევრჯერ შემხვედრია ტყუილი ინფორმაცია“- ამბობს ქალბატონო მაგული. ის აქ მთავარი „თავქალია“, ყველა იცნობს და ითვალისწინებს. მან წლებს წინ აზერბაიჯანული ენაც ისწავლა და ახლა სურსათის ბაზარში სხვა ძირითად ფუნქციასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინფორმირებული და ახალი ამბების გამავრცელებელი ადამიანია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ამბობს, რომ ხვდება როდესაც ყალ ინფორმაციას წააწყდება.

საინფორმაციო სივრცეს ნაკლებად იცნობენ სხვა მოვაჭრეები. ამბობენ, რომ ახალ ამბებს ძირითადად ერთმანეთისგან იგებენ. „ დღეც ვმუშაობ და ღამეც. ინფორმაციისთვის სად მცალია. ღამით ვხარშავ თევზებს, ვამზადებ და დღისით ასე დავდივარ ვყიდი. მერე სახლში მივალ და შვილიშვილები –  ბებია, ბებია დამსდევენ – ტელევიზორსაც ვერ ვუყურებ  “- ამბობს, თევზებით მოვაჭრე.

ბოლნისის სურსათის ბაზრის მოვაჭრეებისგან განსხვავებით, ახალი ინფორმაციების მოსასმენად შედარებით მეტად სცალიათ, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში. უბრალოდ აქ, ჩვენი რესპონდენტების დიდი ნაწილი ინფორმაციას, არა ქართული წყაროებიდან, არამედ თურქული და აზერბაიჯანული მეტ-წილად ტელევიზიებიდან იგებს. გამონაკლისი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ქართული უკეთ იციან და ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა სოციალურ მედიასაც სტუმრობენ.

სოფელ სავანეთის ახალი თაობა გვიყვებიან, რომ ინფორმაციის საანდოობას სხვადასხვა ვებგვერდებითაც ამოწმებენ. საუბრისას ახსენებენ პანდემიას, ვაქცინაციის და ამბობენ, რომ საზოგადოებაში გავრცელებულმა დეზინფორმაციებმა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, დააზარალა.

სოფელ სავანეთში მცხოვრებ 22 წლის,  ფარახიმ ალიევი ამბობს, რომ პანდემიის დროს, როდესაც საყოველთაო კარანტი იყო გამოცხადებული და გარეთ უმიზეზოდ გასვლა იკრძალებოდა, მისი თანასოფლელების ნაწილი გაეცნო ყალ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოსდა გარეთ გასვლისთვის მხოლოდ პირბადის ტარება იყო საჭირო. ფარახიმი ამბობს, რომ მას ჰქონდა სწორი ინფორმაცია, აფრთხილებდა კიდეც თანასოფლელებს, მაგრამ არ დაუჯერეს და შედეგად ისინი დააჯარიმეს.

„ ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას მარნეულის სხვადასხვა გვერდებიდან ვიგებ. ვამოწმებ ხოლმე ინფორმაციებს. ამ მხრივ, ახალგაზრდებს უკეთ აქვთ საქმე, რადგან ქართული უკეთ იციან, უფროს თაობას კი განსაკუთრებით უძნელდება“,- საუბრობს, ფარახიმ ალიევი.

სავანათში მუშაობისას ჩვენ ვხედავთ, რომ ენის ბარიერი ახალგაზრდების ნაწილსაც აქვს. ფარიხიმის თანატოლი თურქანა ნოვრუზოვა ამბობს, რომ ქართული ენის სრულყოფილად ვერ ფლობს, ამიტომ ინფორმაციას მეტ-წილად თურქული ტელევიზიებით ეცნობა. მას ორი შვილი ჰყავს და არ აქვს თავისუფალი დროც.

ფოტოზე: სევილ გაზიმოვა და ელადა რიზალი

18 წლის სევილ გაზიმოვასთვის კი ინფორმაციის მიღება და გადამოწმება შედარებით ადვილია. მან ქართული უკეთ იცის და დროც აქვს, რომ სხვადასხვა ვებგვერდებს გაეცნოს. სევილი გვიყვება, რომ სოფელში ვინც ქართული იცის, მას ეკითხებიან ახალ ამბებს.

„ინფორმაციას ძირითადად მარნეულის სხვადსხვა ჯგუფებში ვამოწმებ. ხშირად მხვდება ყალბი ინფორმაციებიც, მაგრამ გადამოწმება შესაძლებელია. არა ერთხელ გავრცელდა ტყუილი იმის თაბაზე, რომ უნივერსიტეტებში სწავლა იწყებოდა. მე რადგან ვიწყებ სწავლას ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

ალბათ, საჭიროა რომ ასეთი გვერდები თავადაც იყვნენ ყურადღებთ და არ გაავრცელონ ყალბი ამბები“,- ამბობს სევილ გაზიმოვა.

ახალგაზრდებზე და ამ შემთხვევაში საკუთარ შვილზე არის, ინფორმაციის მიღების კუთხით, სრულად დამოკიდებული 58 წლის გულნარა აბასოვა. ამბობს, რომ ქართული არ იცის და ამიტომ შვილს ეკითხება ახალ ამბებს.

ენობრივი ბარიერი, ცხადია კიდევ ერთი დაბრკოლება არის ინფორმაციის სრულფასოვნად მიღებაში, თუმცა წესების ცოდნა, რაც გვეხმარება ინფორმაციის დიდ ნაკადთან წიგნიერად გამკლავებაში, ყველასთვის ერთია.

მთავარია კრიტიკული მსჯელობის და კითხვების გარეშე არ მივიღოთ ყველანაირი გამოქვეყნებული ინფორმაცია, დავაკვირდეთ რამდენად სანდო მედია ავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას, ჰყავს თუ არა წყაროები, რას წერენ ამ თემაზე სხვა მედია საშუალებები და რა მიზანს შეიძება ემსახურებოდეს ამ ინფორმაციის გავრცელება.

 

მასალა მომზადდა People In Need საქართველოს მისიის პროექტის ” საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ TRANSITION-ის პროგრამის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში.