კორპორაციული პასუხისმგებლობა ქვეყანაში, სადაც ადამიანი არ არის მთავარი ღირებულება

შვიდ ოქროს წესს მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ეს წესები, დაცვის შემთხვევაში, ვფიქრობ, ნამდვილ ოქროზე ძვირფასია: ბიზნესის ეთიკურად წარმოება; ადამიანის უფლებების დაცვა; შრომითი სტანდარტების დაცვა; გარემოს დაცვა; მომხმარებელთან პასუხისმგებელ ურთიერთობა; სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა და ბიზნეს საქმიანობის გამჭვირვალობა.

მოდით ვცადოთ და გავარკვიოთ, ამ ოქროს წესებს როგორ იცავენ რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოები.

ახალი ამბავი არავისთვისაა, რომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერი ყოველდღიურად, სწორედ, მსხვილი და საშუალო ტიპის საწარმოებისგან ბინძურდება. მათი მილებიდან და ასევე საამქროების შენობების კუთხეებიდან გამოსული შავი, თუ ნარინჯისფერი გამონაბოლქვი, ამის თვალსაჩინო მაგალითია. არა ერთი კვლევა მომზადდა და სტატია ამის თაობაზე. ატმოსფერული ჰაერის ავკარგიანობის დამდგენი, რუსთავში განთავსებული სადგურებიც, ხშირად გვინთებენ წითელს – გვაჩვენებენ, რომ რუსთავში ჰაერი, ცუდია. ხშირად, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი პარამეტრი და პროცენტული წილი, ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ, მტვრის მყარ ნაწილაკებზე PM10-სა  და PM2.5-ზე ნაწილდება.

არადა, ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ოქროს წესი დამსაქმებლისგან, სწორედ, გარემოს დაცვას ითხოვს.

გოგა ჯმუხაძე რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტია. არა ერთ აქციაზე და შეხვედრაზე გვყავს ნანახი, სადაც მარტივ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამეს, სუფთა ჰაერს ითხოვდა. გოგა ამბობს, რომ გარემოს დამაბინძურებელ საწარმოებს, ვერანაირ სოციალურ პასუხისმგებლობაზე პრეტენზია ვერ ექნებათ. გვიყვება, რომ რუსთავის საწარმოების ნაწილში, ხშირად ირღვევა დასაქმებულთა უფლებებიც. ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში („რუსთავის ფოლადი“) თანამშრომლებს, დიდი ბრძოლის შედეგად მისცეს აირწინაღები, რომელიც ღუმელთან მომუშავე ადამიანებისთვის აუცილებელი ეკიპირებაა – ერთი სიცხესთან, ხოლო მეორე გამონაბოლქვთან გასამკლავებლად.

„ ბოლო შეხვედრაზე საწარმოებთან, ქვემო ქართლის გუბერნიაში, ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებმა დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, რომ   – ჩვენ არ მოგცემთ უფლებას ჩვენი სიცოცხლის ფასად გამდიდრდეთ და იშოვოთ ფული. ამაზე საყვედური გვითხრეს, რომ არ არის კორექტული.

ჩვენ არავის მოვერიდებით, არც კერძო ბიზნესს, არც მთავრობას –  როდესაც საქმე ჩვენ სიცოცხლეს  ეხება. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, გვქონდეს ჯანსაღი გარემო“,- საუბრობს რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჯმუხაძე.


ფოტოს წყარო: საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გავიგუდეთ“

გარემოს დაბინძურების გამო, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა რამდენჯერმე დააჯარიმეს რუსთავში მოქმედი საწარმოები. თუმცა ჯარიმები არ იყო იმდენად სოლიდური, რომ ამას ქარხნები, გარემოს დაცვის კუთხით, პასუხისმგებლობის საჭირო საფეხურზე აეყვანა. შესაბამისად, სამოქალაქო აქტივისტთა და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ძალისხმევით –  საქართველოს პარლამენტმა, მხარი დაუჭირა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტს. ცვლილებები უკვე ძალაშია, თუმცა მოცემულ მომენტში, მათი შედეგიც არ ჩანს.

„ ახალი კანონი ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზეა. მისი აღსრულება 1 ივნისიდან  შევიდა ძალაში. ამ დროისთვის, გარემოს დაცვის ინსპექციამ სამი ქარხანა დააჯარიმა 20-20 ათას ლარიანი ჯარიმებით. ამას გაასაჩივრებენ და 6-7 თვე უნდა ველოდით, როდის გადაიხდიან. საწარმოებმა, ორი თვე ითხოვეს იმისთვის, რომ დაამონტაჟონ თვით მონიტორინგის სისტემები. ამ კუთხით, ჩვენ მუშაობას 1 აგვისტოდან გავაძლიერებთ“,- დასძენს სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჯმუხაძე.

გარემოს დაცვის კუთხით, კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე საუბრისას, რუსთავში მოქმედ საწარმო „ჯეოსთილს“ იხსენებს. ამბობს, რომ საწარმომ 1 000  ნერგი დარგო და მათ მოსავლელად გაუმართავი სარწყავი სისტემა მოაწყო. გვიყვება, რომ კომპანიამ პრაქტიკულად მცირე ტბა გააკეთა სარწყავი არხით და ცხელ წყალში ჩაყარა ნერგები. შედეგად, ათასიდან მხოლოდ ერთმა ნერგმა გაიხარა. საუბრის ბოლოს აღნიშნავს, რომ ობიექტურობისთვის საწარმო „რუსთავის აზოტის“ ახალი ინიციატივაც უნდა ახსენოს. საწარმომ დააანონსა, რომ მონაწილეობას მიიღებს რუსთავის ჭალის ტყის აღდგენაში. 

არ შეიძლება რუსთავში ეკოაქტივიზმზე ისაუბრო და არ ახსენო, ალბათ, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და სისტემურად გამართული მოძრაობა „გავიგუდეთ.“ მის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები, ყოველდღიურ რეჟიმში ახდენენ რუსთავის მთავარი დამაბინძურებლების ფოტო-ვედეო გადაღებას. აქვეყნებენ მასალებს და უნიკალურ პრეცედენტს ქმნიან – ფაქტებზე დაფუძნებული მწვანე მოძრაობის.

რადგან უკვე ვიცით, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ გარემოს დაცვა, მის შემდეგ ოქროს წესსაც, თანამშრომლების მიმართ ზრუნვის ვალდებულებასაც შევეხებით.

რუსთავის საწარმოების კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გიორგი ტყემალაძეს „მშრომელთა სოლიდარობის კავშირის“ ხელმძღვანელს ვესაუბრებით.

„ ჩემი დაკვირვებით, რუსთავში მოქმედი საწარმოების კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან სუსტი. რაღაცეებს აკეთებენ, მაგრამ ეს არის ძალიან უმნიშვნელო იმასთან შედარებით, რა ზიანიც მიაყენეს მოსახლეობას თავიანთი გამონაბოლქვით, დამტვერიანებით და ა.შ“ – საუბრობს ტყემალაძე და ამ შემთხვევაშიც ვუბრუნდებით საწარმოების გარემოს დაცვით კუთხით არსებულ გამოწვევებს. ამბობს, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა ვერ შედგება ძალდატანებით და ეს საქმე საწარმოებმა თავიანთი სურვილით და „სულით და გულით“ უნდა გააკეთონ. ჩვენი წინა რესპონდენტის მსგავსად, გიორგიც იხსენებს კომპანია „ჯეოსთილის“ ხეების დარგვის, წარუმატებელ კამპანიას.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულებაზე, საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელთან, თამაზ დოლაბერიძესთან ვსაუბრობთ.

„ალბათ,  სჯობს გლობალურად შევხედოთ ამ პრობლემას. ყველანაირი განვითარებისთვის აუცილებელია ჩართულობა და რაც მთავარია აი, ამ ჩართულობას არ უზრუნველყოფს თითქმის არც ერთ საწარმო. ისინი ნერგავენ თავიანთ საწარმოებში ისეთ სიტუაციას, რომ დასაქმებულებს აგრძნობინებენ,  – აქ რასაც უყურებთ ირგვლივ არის ჩემი და თქვენ არანაირი აზრის გამოთქმის საშუალება არ გაქვთ. ნერგავს, რომ – თქვენ უნდა მოხვიდეთ, ჭიშკართან დატოვოთ თქვენი სამოქალაქო უფლებები და უფლებრივად შიშვლები შემოხვიდეთ და ჩემს ტერიტორიაზე აკეთოთ ის, რასაც მე ვაწესებ. ეს კი არის აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო დამოკიდებულება დასაქმებულთა მიმართ.

ეს არის ცივილიზებული სამყაროს პოზიტიური პრაქტიკების უგულებელყოფა. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, იმაზე რომ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ამაღლდეს, თუკი ვსაუბრობთ იმაზე რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით გატარებული ცვლილებები, კანონი იქმნება შრომის ინსპექციაზე, თუკი გვინდა რომ ამან იმუშაოს –  მაშინ ეს ცივილიზირებული პრაქტიკები უნდა გავითვალისწინოთ. 

რაზეც მე ვსაუბრობ, ამას ჰქვია სოციალური დიალოგი, სოციალური პარტნიორობა დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის. აი, ეს რუსთავში და არა მხოლოდ რუსთავში, საქართველო თითქმის არც ერთ საწარმოში არ არის“,- საუბრობს თამაზ დოლაბერიძე.

იგი ყურადღებას ამახვილებს ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე.

„ სახელმწიფო ასე უდგება, თუ ეკონომიკის ესა თუ ის დარგი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ნუ არაუშავს ახლა დასაქმებულების უფლებები თუ დაერღვევა, რაღაც ასეთ დოქტრინასთან გვაქვს საქმე. ეს შესაცვლელია აუცილებლად“,- დასძენს დოლაბერიძე.

ჩვენთვის ბატონო თამაზი სხვა ერთი გარემოების გამოც არის საინტერესო. მან რუსთავის საწარმო აზოტის თანამშრომლებთან ერთად, ერთ მნიშვნელოვან პროცესს ჩაუყარა სათავე, რასაც საწარმო რუსთავის აზოტში პროფკავშირული ორგანიზაციის გაცოცხლება ჰქვია.

გასულ თვეს, დამფუძნებელი კრება ჩატარდა და შეიქმნა, რუსთავის აზოტის თანამშრომელთა პროფესიული გაერთიანება. ბატონი თამაზის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მასში დღეს 755 ადამიანია გაწევრიანებული. გვიხსნის, რომ სამწუხაროდ საწარმოს ხელმძღვანელობას თანამშრომლობის ნაცვლად, აღნიშნული პროფკავშირის მიმართ, მტრული დამოკიდებულება აქვს. შესაბამისად სინანულით დასძენს, რომ ეს გაერთიანება დღეს „იატაკქვეშა საქმიანობის“ მსგავსად მუშაობს და ეს ხდება, 21-ე საუკუნეში.

დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ „რუსთავის აზოტში“  ზეგანაკვეთური შრომის საათების ანაზღაურების კუთხით არის პრობლემები და დასაქმებულთა  80%-ს არ უნაზღაურებენ შრომას დადგენილი ტარიფით. ასევე, აცხადებს, რომ საწარმო, ხშირ შემთხვევაში, არ ანიჭებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა სტატუსს იმ სამუშაო ადგილებს, რომლებიც თავისი სპეციფიკით, განეკუთვნებიან ამგვარი სამუშაოს ტიპს.

ვაგრძელებთ, კორპორაციული პასუხისმგებლობის, დასაქმებულთა სიკეთის მომტან ნაწილზე, რეალობაში დაკვირვებას.

ჩვენი მცდელობა გვესაუბრა უშუალოდ საწარმოში ნამუშევარ ადამიანთან, შედეგიანი აღმოჩნდა. ინტერვიუზე დავითანხმეთ რესპონდენტი, რომელიც უახლოეს წარსულში საწარმო „ჯეოსთილში” მუშაობდა. რედაქციის გადაწყვეტილებით, მის ვინაობას არ ვასახელებთ.

„ დისკრიმინაციული მიდგომა იყო ანაზღაურების კუთხით ქართველ და ინდოელ თანამშრომლებს შორის. ჩვენზე დაბალ პოზიციაზე მომუშავე ინდოელს, რომელსაც მექანიკოსი ერქვა და რეალურად არაფერი იცოდა, დაახლოებით 500-700 დოლარამდე ანაზღაურება ჰქონდა, რომელიც ჩვენ ანაზღაურებაზე სამჯერ მეტი იყო. ასევე ზეგანაკვეთური შრომა, რომელიც რეალურად დასაქმებულის სურვილზეა დამოკიდებული, იქ გავალებდნენ და არც გეკითხებოდნენ თანახმა იყავი თუ არა. ცხადია, იყვნენ ისეთები ვისაც ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ და უნდოდათ კიდეც ზეგანაკვეთურზე მუშაობა, რადგან ასე ცოტათი მეტი ხელფასი გამოსდიოდათ“, – საუბრობს „ჯეოსთილის“ ყოფილი თანამშრომელი.

რუსთავი

ამბობს, რომ გარემოს დაცვის კუთხით, საწარმოს შექმნილ პრობლემებს საკუთარი თვალით  ხედავდა. გვიყვება, რომ „ჯეოსთილში“ მუშაობისას ხედავდა, რომ საწარმოო მტვერი და გამონაბოლქვი, გამწოვის მილის ნაცვლად, გამოდიოდა საამქროს შენობის გვერდებიდან.

„ საღამოს რომ გამოვდიოდით, ვხედავდი რომ ცეხი იყო ყავისფერი. დგებოდა ბოლი შიგნით და პირი ისე გვევსებოდა ქვიშით, როგორც ქარიან ამინდში შეიძლება დაგემართოს“, – გვიყვება და დასძენს, რომ მიუხედავად ამ პირობებისა, საწარმოს თანამშრომლებს შორის არ არის ერთიანობა და ამიტომ პროტესტის გამოხატვა უშედეგოდ მთავრდება. საუბრობს, რომ საწარმოში რიგი პოზიციებისთვის არ არის მინიჭებული საშიშპირობებიანი სამუშაოს სტატუსი. მიუხედავად იმისა რომ რეალურად, ეს სამუშაოები, განეკუთნებიან ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე სამუშაოს ტიპს.

QvemoQartli.ge-მ თითოეული რესპონდენტის  დასახელებულ პრობლემაზე, პასუხის გაცემის შესაძლებლობა მისცა საწარმოებს: „რუსთავის აზოტი“, „რუსთავის ფოლადი“ და „ჯეოსთილი“.

გარდა პრობლემებზე პასუხებისა, მათ ვთხოვდით, რომ მოეწოდებინათ ინფორმაციას, თუ რა კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატებოდა მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გარემოს, მოსახლეობის და საკუთარი თანამშრომლების მიმართ.

„ჯეოსთილი“ იყო ერთადერთი საწარმო, რომელმაც ჩვენი კითხვები უპასუხოდ არ დატოვა. „რუსთავის აზოტმა“ და „რუსთავის ფოლადმა“ კი ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

საწარმო “ჯეოსთილად” მოგვწერეს, რომ ისინი არიან  „ალბათ, ერთადერთი კომპანია რუსთავში“, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ხელფასების ყოველწლიურ ზრდას და ამას გარდა, კომპანია „გვერდში უდგას თანამშრომლებს“, როდესაც მათი ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია ან ძვირადღირებული სამედიცინო მკურნალობა, ხარჯების დიდ ნაწილის დაფარვის სახით.

კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მათ 100-ზე მეტი ჟანგბადის ბალონი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს და პანდემიასთან საბრძოლველად, კოვიდ ფონდში, ჩარიცხეს  150 000 ლარი. 

„ ჩვენ მუდმივად ჩაბმული ვართ სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში, საქართველოს მასშტაბით. ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე მაგალითი ნათლად ასახავს ჩვენი, როგორც კომპანიის ღირსეულ რეპუტაციას: სპორტული მოედნები ქალაქ რუსთავში სხვადასხვა სკოლებისთვის; ვეჯი, წიგნები, სპორტული ინვენტარი, სასკოლო ინვენტარი, საახალწლო საჩუქრები კარიტასის ბავშვთა სახლისთვის რუსთავში (2019 წლის აპრილი; 2019 წლის მაისი; 2019 წლის ოქტომბერი; 2019 წლის დეკემბერი; 2020 წლის მარტი; 2020 წლის ივლისი); ჰიგიენური და სანიტარული საშუალებები, ელექტრო მოწყობილობები, სამზარეულოს ტექნიკა, საახალწლო საჩუქრები, კვების პროდუქტები, ავეჯი და ა.შ. რუსთავის ქსენონის მოხუცთა თავშესაფარს (2019 წლის აპრილი; 2019 წლის მაისი; 2019 წლის ივნისი; 2019 წლის დეკემბერი; 2020 წლის მარტი; 2020 წლის მაისი; 2020 წლის ივლისი); Rotary Club–ის დაფინანსება 2019 წლის ივნისში; 2020 წლის მარტი; 2021 წლის მაისი; თბილისის კატარზისის სასადილოს დაფინანსება 2019 წლის დეკემბერი; 2020 წლის მარტი; 2020 წლის აპრილი; 2020 წლის აგვისტო; 2020 წლის დეკემბერი; 2021 წლის აპრილი); 40 შეკვრა საკვები პროდუქტი რუსთავის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის Covid-19–ის საგანგებო მდგომარეობის დროს, 2020 წლის მაისში; უნიფორმები ამერიკის საფეხბურთო გუნდის “რუსთავის სტილერს” 2020 წლის ივლისში“- გვწერენ, საწარმო „ჯეოსთილიდან.“

გარემოს დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე კი გვპასუხობენ:

 „ გარდა 2009 წელს გამონაბოლქვის გამწოვი სისტემაში ჩადებული მილიონობით აშშ დოლარის კაპიტალური ინვესტიციისა, ჯეოსთილმა დამატებით გასწია ასი ათასობით აშშ დოლარის ხარჯი სისტემის გასაუმჯობესებლად. სისტემის გაუმჯობესება და გადაიარაღება უწყვეტი პროცესია და სულ ახლახან მოხდა სისტემის გადაიარაღება/გაუმჯობესება. ჩვენ ერთ-ერთი იმ რამდენიმე კომპანიათაგანი ვართ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს ზომებს, რომ შესაბამისობაში იყოს გარემოსდაცვის სამინისტროს განახლებულ სტრატეგიებთან.

კიდევ ერთხელ, იმისათვის რომ შესაბამისობაში ვყოფილიყავით 2021 წლის ახალ კანონმდებლობასთან, რომელიც ეხება ემისიების უწყვეტ ონლაინ თვითმონიტორინგს, ჩვენ განვათავსებთ  თითქმის ასი ათასი დოლარის ღირებულების შეკვეთა მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიაში, მონიტორინგის სისტემის შესაძენად. ჩვენ ვართ ალბათ, ერთ-ერთი იმ რამოდენიმე კომპანიას შორის, რომელმაც მიიღო ასეთი სწრაფი ზომები რათა კანონთან შესაბამისობაში ვყოფილიყავით“,  – აცხადებენ საწარმო „ჯეოსთილში“.

კომპანია კატეგორიულად უარყოფს, ეთნიკური ნიშნით, ქართველ დამსაქმებელთა დისკრიმინაციას. ასევე აცხადებენ, რომ საწარმოში არსებული ყველა შრომით ურთიერთობა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება. ხეების დარგვის წარუმატებელ აქციაზე კი განმარტავენ:

„ ფაქტია, რომ ქარხნის მახლობლად დიდი რაოდენობით ხეები დავრგეთ და ბევრმა მათგანი ვერ გადარჩა. ის, რომ დავხარჯეთ დრო, ფული და ენერგია ხეების დარგვაში, ამტკიცებს იმას, რომ გვინდოდა გარემოზე ზრუნვა. ჩვენი უგულველყოფის გამო არ გახმა ხეების ნაწილი, ჩვენ მოვაწყვეთ სარწყავი სისტემა ისე, რომ მცენარეების მორწყვაში პრობლემა არ არსებობდა, მაგრამ აშკარად ნიადაგის პირობები არ იყო შესაფერისი“, – კომპანია “ჯეოსთილი”.

შესაბამისად, საწარმო „ჯეოსთილმა“  არც ეკოაქტივისტების ბრალდებები გაიზიარა და არც მისი ყოფილი თანამშრომლის. კომპანია არც ერთი მიმართულებით არ თვლის თავს დამნაშავედ და თითქმის ყველა საკითხზე საუბარს იწყებს იმით, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო საწარმო.

იმ გარემოებას რომ საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, არ არის უპირობოდ მიღებული და აღიარებული მიდგომა, ბიზნესის კეთების, ალბათ, ბევრი მიზეზი აქვს. ამ ბევრს შორის კი ერთ-ერთი მთავარი – ხელისუფლების პოლიტიკაა.

„ სახელმწიფო ასე უდგება, თუ ეკონომიკის ესა თუ ის დარგი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ნუ არაუშავს ახლა დასაქმებულების უფლებები თუ ირღვევა. რაღაც ასეთ დოქტრინასთან გვაქვს საქმე. ეს აუცილებლად შესაცვლელია! “,- საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით